ახალი ამბები

დაიღუპა 3 500 რუსი ჯარისკაცი, გვყავს 200-მდე ტყვე – უკრაინის პრეზიდენტის აპარატი

26 თებერვალი, 2022 • 1245
დაიღუპა 3 500 რუსი ჯარისკაცი, გვყავს 200-მდე ტყვე – უკრაინის პრეზიდენტის აპარატი

26 თებერვლის დილის მდგომარეობით, უკრაინაში დაიღუპა 3 500 რუსი ჯარისკაცი, 200-მდე კი ტყვედ ჩავარდა. გამოცემა УНИАН-ის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

“ამ დილის მდგომარეობით, 3 500 ათასზე მეტი რუსი დაიღუპა და გვყავს 200-მდე ტყვე”, – თქვა პოდოლიაკმა.

რუსული გამოცემა “მედუზას” ცნობით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს უკრაინაში შეჭრის დაწყების შემდეგ მსხვერპლის შესახებ ცნობა არ დაუფიქსირებია.

“მედუზა” ასევე პოდოლიაკზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ამ დროისთვის კიევში მიმდინარეობს წერტილოვანი ბრძოლები, დედაქალაქს უკრაინული არმია აკონტროლებს.


რა ხდება უკრაინაში, სადაც მესამე დღეა შეიჭრა რუსეთი და ფართომასშტაბიან ომს აწარმოებს?

მოვლენების მოკლე ქრონოლოგია ასეთია:

  • რუსეთი 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა უკრაინაში და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
  • შეჭრას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის სეპერატისტული დონბასის და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება.
  • რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ მათი მიზანი „უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაციაა“.
  • პარალელურად, დასავლეთის ქვეყნებმა, მათ შორის აშშ-მა, განაცხადეს, რომ რუსეთის აგრესიის საპასუხოდ აწესებენ მძიმე ეკონომიკურ სანქციებს.
  • აშშ-მა 26 თებერვლის ღამეს ვოლოდიმირ ზელენსკის ქვეყნიდან ევაკუაცია შესთავაზა, თუმცა უკრაინის პრეზიდენტმა უარი განაცხადა და რჩება კიევში.

უკრაინა სწრაფად უნდა გახდეს EU-ს წევრი – პოლონეთის პრეზიდენტი

მასალების გადაბეჭდვის წესი