ახალი ამბები

კიევის ქუჩებში ბრძოლა მიმდინარეობს

26 თებერვალი, 2022 • 2253
კიევის ქუჩებში ბრძოლა მიმდინარეობს

უკრაინის დედაქალაქის, კიევი ქუჩებში ბრძოლა მიმდინარეობს.  დედაქალაქის მთავრობა მოსახლეობას მოუწოდებს, სახლში დარჩნენ, ხოლო სირენის შემთხვევაში – თავშესაფარში დაიმალონ.

„ამჟამად ბრძოლა მიმდინარეობს ჩვენი ქალაქის ქუჩებში. გთხოვთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე და მაქსიმალური სიფრთხილე! თუ თავშესაფარში ხართ, ახლა არ დატოვოთ. თუ სახლში ხართ, ფანჯრებთან არ მიხვიდეთ, არ გახვიდეღ აივანზე, დაიმალეთ დახურულ ოთახში, მაგალითად, სააბაზანოში და დაიფარეთ ისეთი რამ, რაც თავიდან აგაცილებთ ნამსხვრევებისგან დაზიანებას“, – ნათქვამია კიევის საქალაქო ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ რეკომენდაციებში.

მერიაში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ სირენის (საჰაერო თავდასხმის სიგნალის) შემთხვევაში აუცილებელია უახლოეს თავშესაფარში სასწრაფოდ წასვლა.

ღამის განმავლობაში იტყობინებოდნენ მძიმე ბრძოლებზე კიევის ოლქის ქალაქ ვასილკოვში. უკრაინის თავდაცვის ძალებში აცხადებდნენ, რომ ადგილზე “ოკუპანტები დესანტის გადმოსხმას ცდილობენ”.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, სწორედ ვასილკოვთან შეძლეს IL-76-ის ჩამოგდება, რომელსაც რუსული დესანტი გადაჰყავდა.

ქალაქის მერის თქმით[07:56], ვასილკოვის შუაგულში მძიმე ბრძოლა გრძელდება. მისივე ცნობით, უკრაინის მხარეს დანაკარგებია. ვასილკოვს კიევიდან 35 კმ აშორებს.

შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით დედაქალაქის მოსახლეობა კიევის ქალაქის ადმინისტრაციამ გააფრთხილა.

“ჩვენს ქალაქში ახლა აქტიური ბრძოლები მიმდინარეობს. გთხოვთ, შეინარჩუნეთ სიმშვიდე და იყავით მაქსიმალურად ფრთხილად”, — მიმართავს ადმინისტრაცია მოქალაქეებს.

ხსენებულ მოვლენებამდე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოქალაქეები გააფრთხილა, რომ 25 თებერვლის ღამე ძალიან რთული იქნებოდა:

“ჩვენ, ყველას უნდა გვესმოდეს, რა გველის. უნდა გავუძლოთ. უკრაინის ბედი სწორედ ახლა წყდება”.

მე-3 დღეა, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს, მათ შორის, დედაქალაქ კიევს.რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ მათი მიზანი „უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაციაა“.

მასალების გადაბეჭდვის წესი