საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა “ტვიტერზე” განათავსა უკრაინის მხარდამჭერი აქციის ფოტო, რომლის მონაწილენიც ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს აკრიტიკებდნენ.

“საქართველო უკრაინასთანაა”, — წერს პრეზიდენტი, კიდევ ერთ ტვიტში კი აღნიშნავს:

“საქართველო უკრაინასთან ერთად გაიზიარებს გადამწყვეტ უძილო ღამეს. მთელი მსოფლიო აღფრთოვანებულია პრეზიდენტ ზელენსკის, მისი გუნდის, ჯარისა და მთელი ერის მამაცობითა და თავდადებით”.

25 თებერვალს თბილისში უკრაინის მხარდასაჭერის გამოსახატად და ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებების გასაპროტესტებლად აქცია გაიმართა. დემონსტრანტები ჯერ მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბენენ, შემდეგ კი პარლამენტთან გადაინაცვლეს.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის აზრს არ გამოხატავს.

ამასთან, აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ლეიბორისტული პარტია ღარიბაშვილის გადადგომას ითხოვდა.

უკმაყოფილება გამოიწვია პრემიერ-მინისტრის განცხადებებმა, რომ უკრაინაში „ჩასვლა ჩასვლისთვის არაფრის მომცემი არ არის“ და ამას არ გეგმავს. მისივე თქმით, საქართველო არც სანქციებს შეუერთდება.

მე-2 დღეა, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს, მათ შორის, დედაქალაქ კიევს.რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ მათი მიზანი „უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაციაა“.

ვრცლად: