პარლამენტის დეპუტატის, დავით უსუფაშვილის თქმით, “ქართულ ოცნებას” მოუწოდებს, რომ გადაიფიქროს უკრაინის საკითხზე პარლამენტის რიგგარეშე სხდომის ჩაშლა და სხდომას დაესწრონ, რომელიც 12:00 საათზეა ჩანიშნული. ამის შესახებ უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა:
“სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ მცდელობებს, რომ ტრადიციულ შიდაპოლიტიკურ დაპირისპირებად გადააქციონ დღევანდელი დღე და ძალიან მარტივ საკითხზე, რომელზეც ყველანი ვთანხმდებით, ერთად ვერ შევძლოთ საქართველოს სახელით პოზიციის დაფიქსირება…
პარლამენტის თავმჯდომარემ და ყველამ, ვინც სახელმწიფო თანამდებობაზეა. კარგად უნდა გაიაზროს, რომ ის მთელ ქვეყანას ემსახურება.
ბატონი პაპუაშვილი ჩემი თავმჯდომარეცაა და ჩემი უფლება, რომ მოწვეულ სხდომაზე შესვლა შევძლო და მქონდეს სხდომის ჩატარების მცდელობა, მან უნდა უზრუნველყოს, პირველ რიგში, და მან, პირველ რიგში, არ უნდა უზრუნველყოს პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ამოცანები, რომელიც მათ შეუძლიათ, რომ შეასრულონ და ამაზე პოლიტიკურად აგონ პასუხი. 25 წუთი დარჩათ (12:00 საათამდე) მათ იმისთვის, რომ გადაიკითხონ კონსტიტუცია, რეგლამენტი, ელემენტარული საღი აზრი და დარბაზში გაიმართოს ის პროცედურები, რაც კანონითაა დადგენილი”, – განაცხადა უსუფაშვილმა.
დღეს, 25 თებერვალს „ქართულმა ოცნებამ“ ჩაშალა პარლამენტის რიგგარეშე სხდომა უკრაინის საკითხზე. მანამდე ამ სხდომის გამართვისკენ პარლამენტს მოუწოდა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, სხდომას უმრავლესობის 82 დეპუტატიდან არცერთი არ დაესწრება. დარჩენილი 61 ოპოზიციონერი დეპუტატი კი ვერ შეკრავს ქვორუმს, ანუ ვერ მოაგროვებს 76 ხმას.