ახალი ამბები

პარლამენტი უკრაინასთან დაკავშირებით ახალ რეზოლუციას ამზადებს

24 თებერვალი, 2022 • 1261
პარლამენტი უკრაინასთან დაკავშირებით ახალ რეზოლუციას ამზადებს

საქართველოს პარლამენტი უკრაინასთან დაკავშირებით ახალ რეზოლუციას ამზადებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე საფრთხის წინაშე საქართველოც დგება და ქვეყანამ ნაბიჯები პარტნიორებთან შეთანმხებით უნდა გადადგას.

როგორც ქადაგიშვილი ამბობს, „არანაირად არ უნდა მისცენ საბაბი“ რუსეთს იმისთვის, რომ თავისი აგრესიის საქართველოზე გავრცელების საშუალებაც მიეცეს.

„აქედან გამომდინარე, უნდა იყოს ყველა ის განცხადება, ყველა რეზოლუცია, რომელსაც, სხვათა შორის, ჩვენც ვამზადებთ უკვე, რომ ეს მოვლენები საქართველოში ესკალაციის გადმოტანასთან დაკავშირებით მაქსიმალურად იქნას აცილებული. მოგეხსენებათ, ამ გეგმის შესაძლო განხორციელებასთან დაკავშირებით ერთი საგანგაშო სიგნალი გაჟღერებული იქნა, როცა ბიბილოვმა, ოკუპირებული რეჟიმის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ვიწყებთ მზადებას შესაძლო ქართული პროვოკაციებისგან თავდასაცავადო.

აქედან გამომდინარე, სიტუაციას უნდა შევხედოთ არა შიდა დღის წესრიგიდან გამომდინარე, რომ აბა, ახლა ჯინაზე, რას გაგიკეთებ და თავზე დაგაქცევ, არამედ უნდა ვიმოქმედოთ იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის რეალური საფრთხე, რომელიც ევროპის კონტინენტის დიდ ნაწილს და მათ შორის, საქართველოს ემუქრება და ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ არიდებული იქნას საფრთხე“, – განაცხადა ირაკლი ქადაგაშვილმა.

საქართველოს პარლამენტმა თებერვალში უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია უკვე მიიღო. თუმცა მასში რუსეთი ნახსენები არაა, რის გამოც რეზოლუციას ოპოზიციის დიდმა ნაწილმა მხარი არ დაუჭირა.


დღეს, 24 თებერვალს, დილით რუსეთი უკრაინას თავს დაესხა. დაიბომბა რამდენიმე ქალაქი. ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა რეგიონში სამხედრო დაპირისპირება მიმდინარეობს. არის მსხვერპლიც.

რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო — განახლებადი [Live]

მასალების გადაბეჭდვის წესი