ახალი ამბები

რიგგარეშე სხდომა, ახალი რეზოლუცია და უსაფრთხოების საბჭო – ოპოზიციის მოთხოვნები ხელისუფლებას

24 თებერვალი, 2022 •
რიგგარეშე სხდომა, ახალი რეზოლუცია და უსაფრთხოების საბჭო – ოპოზიციის მოთხოვნები ხელისუფლებას

საპარლამენტო ოპოზიცია უკრიანიაში რუსეთის სრულმასშტაბიან ომთან დაკავშირებით, ხვალ, 25 თებერვალს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომასა და ახალი რეზოლუციის მიღებას ითხოვს, სადაც რუსეთისთვის სანქციების დაწესებაც იქნება ნახსენები.

ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის წევრებმა და დამოიკიდებელმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ ისაუბრეს.

ამის გარდა, ოპოზიცია ითხოვს, რომ პრემიერ-მინისტრმა დღეს მოიწვიოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გაფართოებული სხდომა.

” ევროპელი ლიდერები დღევანდელ მოცემულობას აფასებენ, როგორც ყველაზე მძიმე დღეებს ევროპისთვის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ამის ფონზე ჩვენ ვხედავთ დუმილს და უმოქმედობას ხელისუფლების მხრიდან. ამგვარი დუმილი და უმოქმედობა საქართველოს ძალიან სერიოზული ფასი დაუჯდება.

ამიტომ ვთავაზობთ კონკრეტულ ინიციატივებს საქართველოს ხელისუფლებას და ამ შემთხვევაში- პარლამენტს. ჩვენ მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, რომ მოწვეულ იქნას პარლამენტის რიგგარეშე სხდომა განსაზღვრული დღის წესრიგით და ეს დღის წესრიგი უნდა იყოს რუსეთის სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. ჩვენ ასევე ვთვლით, რომ პარლამენტის რიგგარეშე სხდომამ უნდა მიიღოს რეზოლუცია, ოღონდ არა იმგვარი, არაფრის მთქმელი, როგორიც „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო და სადაც სიტყვა რუსეთიც არ იყო ნახსენები, არამედ რეალური რეზოლუცია, რომელიც, მათ შორის, ისაუბრებს სანქციებზე. სანქციებს რუსეთს უწესებს მთელი ცივილიზებული სამყარო[…]

ასევე მივმართავთ პრემიერ ღარიბაშვილს, დაუყოვნებლივ მოიწვიოს ეროვნული უსაფრთხოების გაფართოებული სხდომა, რათა განვიხილოთ ეს უმნიშვნელოვანესი გამოწვევა არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ საქართველოსა და ევროპისთვის“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

თამარ კორძაიას თქმით კი, რიგგარეშე სხდომის მოსაწვევად საჭირო 38 დეპუტატის ხელმოწერა უკვე მოგროვებულია.

მასალების გადაბეჭდვის წესი