ახალი ამბები

„ქართული ოცნება“ სასამართლოს მიმართავს – სენაკის საკრებულოში დავა გრძელდება

23 თებერვალი, 2022 • 1167
„ქართული ოცნება“ სასამართლოს მიმართავს – სენაკის საკრებულოში დავა გრძელდება

„ქართული ოცნების“ სენაკის ორგანიზაცია იუწყება, რომ პარტიამ სასამართლოს მიმართა სარჩელით, გააუქმოს სენაკის საკრებულოს 9 თებერვლის გადაწყვეტილებები.

სენაკის საკრებულოს „ქართული ოცნების“ ფრაქციის ლიდერმა, საბა ოდიშარიამ 23 თებერვალს, საკრებულოს სხდომამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 9 თებერვალს საკრებულოს ოპოზიციამ (ენმ-მ და გიორგი გახარიას პარტიამ) კანონდარღვევით, ქვორუმის გარეშე ჩაატარა სხდომა.

„მივმართავთ სასამართლოს, კანონით დადგენილ ვადებში იმსჯელოს ჩვენს განცხადებასთან დაკავშირებით, გაითვალისწინოს და მხედველობაში მიიღოს აღნიშნული უპრეცედენტო მოცემულობა და თავისი სამართლიანი გადაწყვეტილებით არ მისცეს საშუალება ოპოზიციურ ჯგუფებს, დაამკვიდრონ კანონდარღვევის პრაქტიკა“, – განაცხადა ოდიშარიამ.

საბა ოდიშარიას თქმითვე, „ქართული ოცნების“ მოთხოვნაა, „სარჩელის განხილვამდე სასამართლომ საკრებულოს დროებით შეუჩეროს ქვორუმის გარეშე გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა“.

სენაკის საკრებულოს 23 თებერვლის სხდომას „ქართული ოცნება“ არ ესწრება.

სხდომაზე სენაკის საკრებულოს აპარატის უფროსმა ვეფხვია რუსიამ განაცხადა, რომ პროტესტის ნიშნად პოსტს ტოვებს.

„მე არ ვიცი, რა ხდება საკრებულოში, რას აკეთებენ ჩემი თანამშრომლები და არ მინდა ვიყო ისეთი ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირი, როცა საკუთარი თავის დაცვა პრობლემას წარმოადგენს“, – განაცხადა მან.

ეს გადაწყვეტილება სენაკის საკრებულოში 9 თებერვალს განვითარებული მოვლენების გაგრძელებაა.

ვრცლად სენაკში განვითარებული მოვლენების შესახებ, გირჩევთ, წაიკითხოთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი