საზოგადოება

„პროცედურული ომი“ – რა ხდება სენაკის საკრებულოში

10 თებერვალი, 2022 • 1589
„პროცედურული ომი“ – რა ხდება სენაკის საკრებულოში

„ქართული ოცნება“ ოპოზიციურ პარტიებს, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „საქართველოსთვის“, სენაკის საკრებულოში არალეგიტიმური გადაწყვეტილებების მიღებაში ადანაშაულებს.

მმართველი გუნდის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ სენაკის შემთხვევას „წარმოუდგენლად კომიკური“ და „ცივილიზებული სამყაროს პოლიტიკისა და სამართლის ისტორიაში უპრეცედენტო“ უწოდა.

„ნეტგაზეთმა“ შეაჯამა, რა მოვლენები განვითარდა არჩევნების შემდეგ სენაკის საკრებულოში, რა მოხდა 9 თებერვალს და სცადა გაერკვია, რამდენად საფუძვლიანია ამ შემთხვევაში მმართველი გუნდის მხრიდან ოპოზიციის კრიტიკა.

სენაკი. ფოტო: Georgian Travel Guide

Სენაკის კონტექსტი

სენაკის საკრებულო, ჩხოროწყუს, წალენჯიხისა და სხვა რამდენიმე ქალაქის საკრებულოსთან ერთად, ერთ-ერთია იმ მცირე რაოდენობის თვითმმართველობის ორგანოებს შორის, სადაც 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ უმრავლესობა ვერ მოიპოვა.

სენაკის საკრებულოს სულ 33 დეპუტატი აკომპლექტებს. უმრავლესობას (რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის არჩევის უფლებამოსილება აქვს) 17 ხმა სჭირდება.

არჩევნების შედეგებმა „ქართულ ოცნებას“ 16 მანდატი მიანიჭა, ენმ-ს – 13, გიორგი გახარიას პარტიას კი – 4.

შესაბამისად, ენმ-ისა და გახარიას პარტიის წევრების შეთანხმებით, შესაძლებელი უნდა ყოფილიყო საკრებულოს ოპოზიციონერი თავმჯდომარის არჩევა [ასეთი შემთხვევები დაფიქსირდა წალენჯიხასა და ჩხოროწყუში].

თუმცა ოპოზიცია ამ ნაბიჯს ვერ დგამდა. ამის მიზეზი ის იყო, რომ 2021 წლის 3 დეკემბერს, – საკრებულოს პირველი სხდომისას, – გახარიას გუნდის წევრმა, ილია ახალაიამ მანდატი დატოვა, მისი შემცვლელის, ნუკრი შამათავას უფლებამოსილება კი საკრებულოს არ უცნია.

სენაკის საკრებულოს სხდომა. 3 დეკემბერი. ფოტო: საკრებულოს პრესსამსახური

რა მოხდა 9 თებერვალს

3 დეკემბრიდან დღემდე საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა დეპუტატებმა, ჯამში, 9-ჯერ სცადეს, თუმცა, უშედეგოდ:

უმრავლესობა არც „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა, ოპოზიციას კი, გახარიას გუნდის ერთი დეპუტატის უფლებამოსილების შეჩერების ფონზე, ხმების საკმარისი რაოდენობა არ ჰქონია. ორივე მხარეს 16-16 ხმა ჰქონდა.

მეცხრე შეკრება 9 თებერვალს, 15:00 საათზე იყო ჩანიშნული.

გახარიას გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, ბერდია სიჭინავამ სხდომამდე რამდენიმე საათით ადრე განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები „2 თვეა საბოტაჟს უწყობენ საკუთარ მუნიციპალიტეტსა და მოქალაქეებს“ და მათ მოუწოდა, მისულიყვნენ სხდომაზე, – ასეთ შემთხვევაში თქვენს კანდიდატს დავუჭერთ მხარსო.

თუმცა „ქართული ოცნების“ წევრები სხდომაზე არ გამოცხადებულან.

ამის მიუხედავად, საკრებულოში ვითარება დაიძაბა – ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ოპოზიციონერები და საკრებულოს აპარატის წარმომადგენლები.

დაძაბულობა სენაკის საკრებულოს სხდომაზე 9 თებერვალს. კადრი რუსთავი2-ის ვიდეოდან

დაპირისპირების მიზეზი ის გახდა, რომ ოპოზიციონერებმა გიორგი გახარიას პარტიის, „საქართველოსთვის“, მეოთხე წევრის უფლებამოსილება ცნეს, რაზეც აპარატის წარმომადგენლებმა პროტესტი გამოხატეს, რადგან ეს ნაბიჯი წესების დარღვევად მიიჩნეს.

აპარატის წარმომადგენლებმა, დაპირისპირების ფონზე, სხდომა დატოვეს.

„კომიკური, უპრეცედენტო“ – მამუკა მდინარაძე

განვითარებულ მოვლენებს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე მეორე დღეს, 10 თებერვალს გამოეხმაურა და „წარმოუდგენლად კომიკური“ და „ცივილიზებული სამყაროს პოლიტიკისა და სამართლის ისტორიაში უპრეცედენტო“ უწოდა.

„საკრებულოს სხდომის ჩატარების კანონით დადგენილი პირობა ასეთია: სხდომა უფლებმოსილია, თუ მას ესწრება საკრებულოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. სენაკის შემთხვევაში 33-ის ნახევარზე მეტი, ანუ, მიმიმუმ 17 წევრი. ამის მიუხედავად, უკვე კოალიციაში მყოფმა ამ ორმა პარტიამ ქვორუმის გარეშე დაიწყეს არარსებული სხდომა და მიიღეს ე. წ. გადაწყვეტილებები“, – თქვა მდინარაძემ.

მისი თქმით, ოპოზიციამ სენაკში უმრავლესობის გარეშე, „არალეგიტიმურად“:

  • გადააყენა სამანდატო კომისიის თავმჯდომარე და მის ნაცვლად დანიშნა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი;
  • ცნო საკრებულოს ახალი [უფლებამონაცვლე] წევრის უფლებამოსილება.

„ერთი სიტყვით, ქვორუმის გარეშე გახსნილი ე. წ. „სხდომა“ ჩვეულებრივ რეჟიმში წარმართეს. ეს იგივეა, რაც პარლამენტის სხდომის გახსნა 76 დეპუტატის დასწრების გარეშე, 74 ან 75 დეპუტატით, ან, მაგალითად, ორგანული კანონების მიღება ამდენივე ხმით“, – განაცხადა მდინარაძემ.

„პირველი სხდომა არ დახურულა“ – ოპოზიცია

„ნაციონალური მოძრაობა“ და „საქართველოსთვის“ აცხადებენ, რომ 9 თებერვალს ახალი სხდომა არ გაუხსნიათ და ყოველი შეკრებისას ახლდებოდა პირველი, 3 დეკემბერს დაწყებული სხდომა.

მდინარაძის ბრიფინგის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა გიორგი გახარიას გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, ბერდია კალანდიამ და განაცხადა:

  • „საკრებულოს სხდომა იხსნება კონკრეტული დღის წესრიგით და გრძელდება მანამ, სანამ დღის წესრიგით გათვალისწინებულ ყველა საკითხზე არ მიიღება გადაწყვეტილება;
  • ახლად არჩეული საკრებულოს პირველი სხდომა გაიხსნა 3 დეკემბერს, სადაც არსებობდა ქვორუმი [32 წევრი იყო] და უფლებამოსილება შეიძინა საკრებულომ;
  • მას შემდეგ, 9 მცდელობა იყო სხდომის გაგრძელების (რასაც „ოცნება“ უშლიდა ხელს), შესაბამისად, ეს სხდომა არ დასრულებულა;
  • ქვორუმის არსებობის პირობებში, ყველა გადაწყვეტილება მიიღება უმრავლესობით, თუმცა, არანაკლებ ხმების ერთი მესამედისა“.

ბერდია სიჭინავა

იმავე არგუმენტს იმეორებს „ნეტგაზეთთან“ საუბარში სენაკში „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლაშა კუჭავა:

„ახალი სხდომის გახსნას სჭირდება ქვორუმი (17 ადამიანი), ამაზე არ ვდავობთ. მაგრამ ეს სხდომა გაიხსნა 3 დეკემბერს, რის შემდეგაც სულ ცხადდებოდა შესვენებები, ხოლო შესვენების შემდეგ სხდომის განახლებას რომ ქვორუმი სჭირდება, არსად არ არის ეგეთი ჩანაწერი. სენაკის მუნიციპალიტეტის რეგლამენტის თანახმად, საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობას კი სჭირდება სრული შემადგენლობის მესამედი (12 ადამიანი)“.

ლაშა კუჭავა, სენაკის საკრებულოს წევრი ენმ-დან

უფლებამოსილების ცნობის ნაწილში ბერდია კალანდია ასევე ასახელებს საარჩევნო კოდექსის 154-ე მუხლს, რომლის საფუძველზეც, „თუ პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეულ საკრებულოს წევრს ვადამდე შეუწყდა საკრებულოს წევრის უფლებამოსილება“, მის ადგილს 2 კვირის ვადაში იკავებს მისი ადგილმონაცვლე.

ირაკლი კაჭარავამ, სენაკის საკრებულოს აპარატის იურისტმა კი, „რუსთავი 2-თან“ საუბარში 9 იანვარს თქვა, რომ „უფლებამოსილების შეწყვეტა არის ძირითადად მუდმივი კომისიის გადასაწყვეტი, არა დროებითი კომისიისა“; მისი თქმით, საკრებულო არაა უფლებამოსილი, მიიღოს ის გადაწყვეტილებები, რაც 9 თებერვალს იქნა მიღებული.

„ნეტგაზეთთან“ საუბარში ენმ-ის წარმომადგენელმა ლაშა კუჭავამ დაადასტურა, რომ გახარიას გუნდის მეოთხე წევრისთვის უფლებამოსილების ცნობა ოპოზიციას სჭირდებოდა იმისათვის, რათა ოპოზიციონერთა რაოდენობა 17 იყოს და საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა შეძლონ.

„პროცედურული ომი“ – ვის მხარესაა კანონი?

ირაკლი მელაშვილი, ექსპერტი ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებში, „ნეტგაზეთთან“ ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი 3 დეკემბრის სხდომა დახურულად არ ყოფილა გამოცხადებული, იმის მტკიცებას, რომ მომდევნო შეკრებები ამ სხდომის გაგრძელებებია, შესაძლოა ჰქონდეს რაიმე სამართლებრივი საფუძველი, თუმცა ეს ცუდი პრეცედენტი იქნება:

„ეს ძალიან ცუდი პრეცედენტი იქნება იმიტომ, რომ ასე შეიძლება საკრებულო საერთოდ არ შეიკრიბოს; შეიკრიბოს რამდენიმე თვის შემდეგ და თქვას, რომ პირველ სხდომას აგრძელებს. და ასეთი პრაქტიკა ზოგადად მსოფლიოში არ არსებობს“, – გვეუბნება მელაშვილი.

მელაშვილის თანახმად, ეს „ძალიან სადავო საკითხია“, რომელსაც ერთგვარი „პროცედურული ომი“ შეიძლება ვუწოდოთ, თუმცა, ამ პროცესის მიღმა, ხაზს უსვამს „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობას:

„ამ ამბის თავი და თავი მაინც არის ის, რომ „ქართული ოცნება“ იქცევა დესტრუქციულად. მმართველი პარტია თავად აკეთებს იმას, რასაც ენმ-ს აბრალებდა, „დესტრუქციაზე ხართ ორიენტირებული და პარლამენტში არ შემოდიხართ იმიტომ, რომ ვერ გაიმარჯვეთ“. ზუსტად იმავეს აკეთებს „ოცნება“ იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც საკრებულოში უმრავლესობა არა აქვს“, – ამბობს ირაკლი მელაშვილი „ნეტგაზეთთან“ საუბრისას.

ირაკლი მელაშვილი. ფოტო: რადიო თვისუფლება

ჯერჯერობით უცნობია, როდის შეიკრიბება ხელახლა სენაკის საკრებულო.

მასალების გადაბეჭდვის წესი