ახალი ამბები

შინაური ცხოველების გასამრავლებლად ნებართვა იქნება საჭირო – კანონპროექტის დეტალები

23 თებერვალი, 2022 • 1663
შინაური ცხოველების გასამრავლებლად ნებართვა იქნება საჭირო – კანონპროექტის დეტალები

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მუშავდება კანონპროექტი, რომელიც სპეციალური ნებართვით დაარეგულირებს შინაური ცხოველის გამრავლების და მისი კომერციული მიზნით მოშენების საკითხს. ამის შესახებ კალაძემ დღეს, 23 თებერვალს, მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ კანონპროექტზე მუშაობა მერიის მხარდაჭერითა და ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის უშუალო ჩართულობით უკვე მიმდინარეობს პარლამენტში.

“კანონპროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, მთელი ქვეყნის მასშტაბით მიუსაფარი ცხოველების რაოდენობის შემცირდეს მხოლოდ ჰუმანური, მსოფლიოში აპრობირებული მეთოდით, სტერილიზაცია-კასტრაციის გზით.

დღეს არსებული მდგომარეობით ცხოველთა აღრიცხვის ერთიანი ბაზა არ არსებობს, რაც ასევე პრობლემაა… კანონპროექტი ითვალისწინებს ერთიანი ელექტრონული სისტემის შექმნას, სადაც ყველა მუნიციპალიტეტი ეტაპობრივად განაახლებს მონაცემებს აღნიშნული მექანიზმის. მუნიციპალიტეტების კოორდინირებული მუშაობის შედეგად, შესაძლებელი იქნება მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის ეფექტური მართვა”, – განმარტა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, შინაური ცხოველებთან დაკავშირებით ამჟამად ქვეყანაში განსაკუთრებით აქტუალურია შემდეგი პრობლემები, რაც ახალმა კანონმა უნდა დაარეგულიროს:

  • ცხოველთა არაკონტროლირებადი გამრავლება
  • მოსახლეობისა და ცხოველების უსაფრთხოება
  • ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობა და მათი ორთაბრძოლები
  • ცოფისა და ცხოველთა სხვა დაავადებების გავრცელების პრევენცია
  • ცხოველების მოვლა-პატრონობის წესები
  • ცხოველების მომშენებლებისა და სავაჭრო ობიექტების საქმიანობა

რას გულისხმობს ცხოველების გამრავლების სპეციალური ნებართვა

თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს იურისტი, კახაბერ იოსელიანი “ნეტგაზეთთან” განმარტავს, რომ კანონპროექტის მთავარი მიზანი უპატრონო შინაური ცხოველების გამრავლების პრევენციაა. მისი თქმით, კანონპროექტის თანახმად, შინაურ ცხოველებში იგულისხმება კატა და ძაღლი.

“ცხოველს რომ ამრავლებ, აუცილებლად უნდა იქნას გამოკვლეული მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ჯიშიანობა. ზოგი დილეტანტური თვალით ვერ ხვდება, ნახავს ძაღლს, ჯიშს მიანიჭებს და ჰგონია, რომ ნამდვილად ეს ჯიშია, სინამდვილეში კი არ არის. შეიძლება ამ ძაღლს ფიზიკური მონაცემები ისეთი ჰქონდეს, რომ პატრონისათვის სასურველი იყოს მისი სახლში ყოლა. თუმცა, თუ ნარევი ჯიშია, მას ლეკვი ეყოლება ისეთი, რომელიც არ იქნება ისეთი მონაცემების, რომელიც პატრონს მისი ყოლის სურვილს გაუჩენს. ასეთი ძაღლების საბოლოო ბედი ხშირად არის ქუჩა.

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ გავართულოთ ცხოველის ყოლა. ადამიანი, რომელიც მის ყოლას გადაწყვეტს და ამდენ გზას გაივლის ბიუროკრატიულად, ეს იმას ნიშნავს, რომ მას ნამდვილად შეგნებული აქვს პასუხისმგებლობა და ისეთ პატრონებს ეყოლებათ ცხოველები, რომლებიც სამომავლოდ ქუჩაში არ გააგდებენ მათ”, – განმარტავს იოსელიანი.

იოსელიანი ამბობს, რომ ცხოველის გამრავლებასთან დაკავშირებული ნებართვის მისაღებად პატრონს ან ბიზნესობიექტებს, რომლებიც კომერციული მოშენების მიმართულებით მუშაობენ, ორი ცნობის აღება მოუწევთ:

  1. ვეტერინარის დამოწმებული ჯანმრთელობის ცნობა
  2. კინოლოგის დამოწმებული ცხოველის ჯიშიანობის ცნობა

იურისტის განცხადებით, კანონში არ იქნება განსაზღვრული, რას ნიშნავს ჯანმრთელი ცხოველი და ამას ვეტერინარი დაადგენს.

“ვეტერინარი როდესაც წერს, რომ ცხოველის გამრავლება შესაძლებელია, ეს ნიშნავს, რომ ამ ცხოველს ჯანმრთელი ლეკვების გაჩენა შეუძლია”, – ამბობს იოსელიანი

როგორც კომერციული, ასევე არაკომერციული მიზნით ცხოველის გამრავლების მსურველებმა, ანუ ნებართვის მაძიებლებმა აღნიშნული ცნობები უნდა წარადგინონ მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოში.

“ამ ორი დოკუმენტის საფუძველზე გაიცემა თანხმობა არაკომერციული გამრავლების შემთხვევაში. ამაზეც არის საუბარი, რა პერიოდიანი იქნება ნებართვა, ანუ ნებართვის გაცემიდან რამდენ ხანში უნდა გაამრავლოს ცხოველი პატრონმა. ასევე ამ ცნობების წარდგენა ნებისმიერ შემთხვევაში მოეთხოვება ბიზნესოპერატორსაც და ამ დოკუმენტების საფუძველზე მოხდება ცხოველის გამრავლება”, – ამბობს იოსელიანი.

მისი თქმით, კანონპროექტის მიხედვით შეიქმნება ერთიანი ბაზა, რომელშიც შეყვანილი იქნება ყველა ცხოველი, მათ შორის -“უპატრონო, მიკედლებული და პატრონიანი”. თუ ცხოველი არ იქნება აღნიშნულ ბაზაში რეგისტრირებული, მისი პატრონი დაჯარიმდება, ან თუ ადამიანი მასზე პატრონობას უარყოფს, ცხოველს მუნიციპალური სამსახური წაიყვანს.

რაც შეეხება ე.წ. მეტისებს, ანუ შერეული ჯიშის ცხოველებს, მუნიციპალური სამსახურის იურისტის განცხადებით, პატრონს მისი სტერილიზაციის ვალდებულება ექნება, წინააღმდეგ შემთხვევაში დაჯარიმდება.

იოსელიანის თქმით, ამ დროისთვის, ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტების დარღვევის შემთხვევაში, კანონპროექტში კონკრეტული ჯარიმის რაოდენობები განსაზღვრული არ არის.

რაც შეეხება ცნობებთან დაკავშირებულ ფინანსურ ხარჯებს, კახაბერ იოსელიანი აცხადებს, რომ მათი მოპოვება “მიზერულ თანხებთან” იქნება დაკავშირებული და ცხოველების რეგისტრაციისთვის ეს დამაბრკოლებელი ფაქტორი არ იქნება.

მერიის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის იურისტი ამბობს, რომ ამ ეტაპზე კანონპროექტს საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტი ამუშავებს. დამუშავების შემდეგ კომიტეტი კანონპროექტის ინიციირებას მოახდენს და საკომიტეტო მოსმენებიც დაიწყება, რა ეტაპიდანაც სამუშაო ჯგუფის განხილვებში ჩართვას უკვე არასამთავრობო ორგანიზაციებიც შეძლებენ.

იოსელიანის განცხადებით, ამ პროცედურების დაწყება უახლოეს დღეებშია მოსალოდნელი.

ამასთან, მისი თქმით, კანონპროექტი მხოლოდ თბილისს არ შეეხება და მთელი საქართველოს მასშტაბით გავრცლედება. თუმცა იქნება საკითხები, რომლებიც კანონში არ გაიწერება და მათი სპეციფიურობიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტების დონეზე დარეგულირდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი