საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის მაგალითი აჩვენებს, როგორ უნდა გადადგა ნაბიჯები ისე ფრთხილად, რომ „პროვოკაციებს არ წამოეგო“. ამის შესახებ ზურაბიშვილმა საქართველოში მოქმედი საერთაშორისო მედიის ბიუროების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
შეხვედრა პრეზიდენტის ოფიაციალურ გვერდზე სინქრონული თარგმნით გადაიცემოდა.
სალომე ზურაბიშვილს „ფრანს პრესის“ ჟურნალისტმა ირაკლი მეტრეველმა მისი 2009 წლის ფრაზა გაახსენა:
„თქვენს ციტატას გაგახსენებთ. 2009 წლის ოქტომბერში გამოქვეყნდა. თქვენ ბრძანეთ, რომ რუსეთისა და საქართველოს ლიდერები ამ სფეროში ერთად არიან – რუსეთი არის პროვოკატორი და საქართველო ზედმეტად რეაგირებს. საქართველოს პრეზიდენტი სააკაშვილი პირადად არის პასუხისმგებელი ამ ხალხზე იმ სამხედრო აგრესიის გამო, რომელიც რუსეთმა წამოიწყო და თან რუსეთს მისცა შესაძლებლობა, რომ შემოსულიყო და აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიები ეღიარებინა დამოუკიდებლად.
როგორ ფიქრობთ, ახლა რუსეთს სჭირდება მიზეზი სუვერენული ქვეყნის ტერიტორიაზე შეჭრისთვის?”- ჰკითხა ჟურნალისტმა.
ზურაბიშვილის თქმით, მისი ეს ციტატა სრული არაა. მისივე თქმით, ზელენსკის ქცევა გაკვეთილია.
„უპირველეს ყოვლისა, თქვენი ციტატა არის ფრაგმენტი. მე ბევრჯერ მითქვამს ვრცლად, ვინ არის პასუხისმგებელი ომზე. ბევრჯერ ძალიან ნათლად მითქვამს, 2008 წლიდან მოყოლებული, მთლიანად რუსეთის პასუხისმგებლობაა. რუსეთმა გადმოაბიჯა, საქართველოს არ გადაუბიჯებია იმ მხარეს. ყველა კონფლიქტისთვის რუსეთი არის დასადანაშაულებელი.
ჩემი წუხილი სხვა რამეს ეხება. ამ შეხვედრაზე მინდა ვთქვა, ხელისუფლებამ რა უნდა გააკეთოს, როდესაც პროვოკაცია იწყება. ჩვენ ვიცით, რომ ამერიკა… მე იქ ვიყავი, როდესაც ჩამოდიოდნენ და ამბობდნენ, რომ არ წამოეგოთ პროვოკაციას. ჩვენ გავკეთილად მივიღეთ ის, რაც უკვე ვიხილეთ ზელენსკის ქმედებებიდან – ძალიან ფრთხილად დგამს ნაბიჯებს, რომ არ წამოეგოს პროვოკაციებს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ იგივე ბრძანა, ზურაბიშვილმა უპასუხა:
„ძალიან ცუდია, რუსეთი ასეთია, მაგრამ მე იმის თქმა მინდა, რომ მთავრობა და პოლიტიკური დისკუსიები… ეს არ არის ამ შეხვედრის ფორმატი. პოლიტიკური დისკუსიები ნიშნავს მთავრობის მიერ პროვოკაციის აცილებას მაქსიმალური დოზით. მიუხედავად იმისა, ეს წარმატებული იქნება თუ არ იქნება, ყველა უნდა ეცადოს და ეს იყო ჩემი ციტატის სულისკვეთება.
საინტერესოა კიდევ ერთი რამ, რაც ზელენსკიმ გააკეთა – საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზაცია მოახდინა, სრული მობილიზაცია, სანამ რამე მოხდებოდა, და საქართველოს შემთხვევაში უსაფრთხოების საბჭო რუსეთმა საქართველოზე წინ მოიწვია 2008 წელს”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
„ბლუმბერგის“ ჟურნალისტის კითხვაზე, ზელენსკის რომ რეაგირება მოეხდინა, რამე შეიცვლებოდა თუ არა და მიიღებდა თუ არა იგივე პასუხს რუსეთისგან, ზურაბიშვილმა უპასუხა:
„მე არ მინდა, ჰიპოთეტური ვარაუდები გამოვთქვა. ეს არ არის ჩემი როლი და ფუნქცია. ზელენსკიმ ყველაფერი სცადა, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში რუსეთის რეაქცია უფრო მეტი იყო, რადგან პირდაპირ აღიარების შედეგი გვქონდა. დღეს რაც მესმის, ეს აღიარებული რეგიონები, რომელიც უკრაინამ ამ კომფლიქტის შედეგად მიიღო, ესეც უმნიშვნელოვანესი საკითხია“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.