სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი თამთა დემურიშვილი აღარაა. იუსტიციის სამინისტროს ცნობით, დემურიშვილი მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრს უხელმძღვანელებს.
რაც შეეხება სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელს, აღნიშნული პოსტზე ახალი არავინ დანიშნულა. ამის შესახებ „ნეტგაზეთს“ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში განუცხადეს.
თამთა დემურიშვილი 2014 წლიდან სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა; იმავე პოზიციაზე 2018 წლიდან სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში დაინიშნა; 2004 წლიდან 2007 წლამდე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი იყო და ამავე უწყებაში მინისტრის უფროსი მრჩევლის თანამდებობა ეკავა. თამთა დემურიშვილი მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე მუშაობას დღეიდან შეუდგა. ახალი ხელმძღვანელი თანამშრომლებს წარუდგინა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბუბა ლომუაშვილმა.
დემურიშვილს წარსულში არაერთხელ აკრიტიკებდნენ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები და ადვოკატები, ამბობდნენ რა, რომ სამედიცინო კონსილიუმს ატყუებდა. თუმცა მოგვიანებით, როგორც ირკვევა, ექსპრეზიდენტის დამოკიდებულება მისი მუშაობის მიმართ შეიცვალა. დემურიშვილის თანამდებობის შეცვლას გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომლის თქმითაც, დემურიშვილი მისი დახმარების გამო „ისჯება“.
„მე ბევრი პრეტენზია მქონდა ქალბატონ თამთასთან, მაგრამ უნდა აღვნიშნო, როდესაც გონება დავკარგე, მან და გულიკო ქილიფთარმა მოახდინეს ჩემი რეანიმაცია იმისათვის, რომ არ მოვმკვდარიყავი, ამისათვის დაისაჯა და იხსნება პენიტენციური დეპარტამენტის სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელობიდან. ეს ყველაფერი დამთხვევაა?“, – განცხადა სააკაშვილმა.