ახალი ამბები

ყოფილი ბერის ცემის ბრალდებით მორჩილი დააკავეს

22 თებერვალი, 2022 • 1333
ყოფილი ბერის ცემის ბრალდებით მორჩილი დააკავეს

პოლიციამ დააკავა პირი (მორჩილი), რომელსაც ყოფილი ბერის დევნა, ცემა, „პირადი ცხოვრების ამსახველი საიდუმლოების უკანონოდ მოპოვება და სოციალური ქსელით გავრცელება“ ედება ბრალად.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებულია 35 წლამდე პირი.

გამოძიების თანახმად, შაბათს, 18 თებერვალს, თბილისის ზღვის მიმდებარედ, ერთ-ერთ შენობაში [სავარაუდოდ, ყოფილ ბერზე] მან ფიზიკურად იძალადა.

შსს-ს ცნობით, ძალადობის ამსახველი კადრები  „ფეისბუქის“ მეშვეობით გავრცელდა. კადრები მოგვიანებით ტვ „პირველმა“ გაავრცელა.

გამოძიება მიმდინარეობს 1) ძალადობით განხორციელებული დევნის და 2) პირადი ცხოვრების ამსახველი საიდუმლოების უკანონოდ მოპოვებისა და სოციალური ქსელით გავრცელების ბრალდებით.

ერთი მუხლი (სსკ-ის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი) 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, ხოლო მეორე (157-ე პრიმა მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილები) – 8 წლამდე პატიმრობას.

კადრები

გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ მოძალადესა და დაშავებულს სასულიერო პირის სამოსი აცვიათ, თუმცა საპატრიარქოს ცნობით, არცერთი მათგანი სასულიერო პირი არაა და ისინი ყოფილი მორჩილები არიან. დეკანოზ შალვა კეკელიას თქმით კი, მისი ინფორმაციით, ერთი (თავდამსხმელი) მორჩილია, ხოლო მეორე წარსულში ბერი იყო, თუმცა მღვდელმსახურება აკრძალული აქვს.

კადრებში ისმის, რომ ძალადობის ერთ-ერთი მოტივი ჰომოფობიური შინაარსისაა. თავდამსხმელი სასულიერო პირი დაშავებულს „ანაფორის გახდას“ სთხოვს და ეკითხება, უჩივლა თუ არა პოლიციაში „მამა კეკელიას“, რაზეც დაშავებული პასუხობს, რომ ეს ამბავი უკვე უამბო თავდამსხმელს და კეკელია მას „მიუვარდა“.

ამ კადრებს კამერით იღებს მესამე პირი, რომლის ვინაობაც „ნეტგაზეთისთვის“ უცნობია.

„პოლიციაში უჩივლე კეკელიას? მამა კეკელიას უჩივლე? შე პოლიციაში მჩივლებელო!“, – მიმართავს თავდამსხმელი დაშავებულს და თავის არეში დარტყმას აგრძელებს.

დაშავებული პირი მასზე მოძალადეს სთხოვს, რომ შეწყვიტოს მისი ცემა. პირს კი, რომელიც ამ კადრებს იღებს, ასევე რამდენჯერმე მიმართავს თხოვნით, რომ ისინი გააშველოს, თუმცა მოძალადე პირი ცემას არ წყვეტს და მესამე პირს ეუბნება, რომ გადაღება გააგრძელოს.

ვიდეოს ბოლოს კი დაშავებული ეუბნება მოძალადეს, რომ ანაფორას გაიხდის და კიდევ ერთხელ სთხოვს, თავი დაანებოს.

დეკანოზი კეკელიას კომენტარი

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა დეკანოზმა შალვა კეკელიამაც. მან TV პირველს უთხრა, რომ დაშავებულს მართლაც დაემუქრა, თუმცა, არა მოკვლითა და ცემით:

„ვუთხარი, რომ ამის უფლებას არ მოგცემ-მეთქი, ამის გასაქანს არავინ არ მოგცემს შენ, რომ ასე მოიქცე და არიან ადამიანები, პოლიცია და რაღაც და შენ ამის გამო დაგიჭერენ-მეთქი. მუქარის გამო მიჩივლა…

ვიღაც ბერმა სცემა მეორე ბერს, ერთი მოექცა მეორეს ცუდად და მამა შალვა კეკელია რა შუაშია… რას ნიშნავს, ადამიანი მივაგზავნე, თან ბერი მივუგზავნე ბერს საცემად?! ძალიან დიდი სირცხვილია.

ეს ვიდეო არის უსაშინლესი, უმძიმესი, და ასე ღმერთის დაცვა არ შეიძლება… ეს საშინელებაა, მაგრამ ამ ადამიანის, ამ ბერის [დაშავებულის] საქციელმა თუნდაც გამოიწვია ამ ბერში [თავდამსხმელში] ასეთი საშინელება“, – ამბობს კეკელია.

მასალების გადაბეჭდვის წესი