ნეტგაზეთი | როცა მღვდელი შშმ ბავშვებს წინაპართა ცოდვის შედეგს უწოდებს როცა მღვდელი შშმ ბავშვებს წინაპართა ცოდვის შედეგს უწოდებს – Netgazeti
RU | GE  

როცა მღვდელი შშმ ბავშვებს წინაპართა ცოდვის შედეგს უწოდებს

დეკანოზმა შალვა კეკელიამ ქადაგებისას შშმ ბავშვები მოიხსენია იმ “შედეგებს” შორის, რომელსაც ადამიანები მათი წინაპრების მიერ ეკლესიასთან ბრძოლის გამო “იმკიან”. იმავე დღეს, ფეისბუქ ლაივში, რომელიც სასულიერო პირმა საზოგადოების ნაწილის მხრიდან მისი კრიტიკის შემდეგ ჩაწერა, რამდენიმე განმარტებას ვისმენთ, თუმცა ბავშვების ეპიზოდს დეკანოზი აღარ მიბრუნებია.

კრიტიკოსები სასულიერო პირის ამ გამონათქვამს პრობლემურად რამდენიმე მიზეზის გამო მიიჩნევენ. გარდა ქრისტიანულ სწავლებებთან შესაბამისობის საკითხისა, ისინი ხაზს უსვამენ ისედაც სტიგმატიზებული არასრულწლოვნების ყოფასა და სტერეოტიპებით გამოწვეულ პრობლემებს, რომელთაც მსგავსი განცხადებები კიდევ უფრო ამწვავებს.

“დღესაც ვიმკით ამას” – რა თქვა დეკანოზმა შალვა კეკელიამ?

კვირას, 6 დეკემბერს, თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარში ქადაგებისას, დეკანოზმა შალვა კეკელიამ სასულიერო პირებზე “მთავარი არხის” მიერ მომზადებული სატირული სიუჟეტი გააკრიტიკა.

პარალელურად, ის საუბრობდა ეკლესიისა და სასულიერო პირების საწინააღმდეგო მოქმედებებზე საბჭოთა კავშირში. ამის შემდეგ დეკანოზმა თქვა, რომ ახლო წარსულში განვითარებული ამ მოვლენების შედეგებს “დღესაც ვიმკით” და წინაპართა ცოდვების გამო პრობლემები მათ შთამომავლებს ექმნებათ.

სწორედ ამ კონტექსტში ახსენა მან ბავშვები, რომლებიც “ინვალიდებად” მოიხსენია.

“ყველაზე მეტი ქართველი დაიღუპა დიდ სამამულო ომში, იმიტომ, რომ ჩვენი ხელით ჩვენი ტაძრები ვანგრიეთ. ყველამ, ვინც მონაწილეობა მიიღო ტაძრის ნგრევაში, ვერც ერთი გადარჩა.

დღესაც ვიმკით ამას. იმ ოჯახებში იბადებიან ინვალიდი ბავშვები, ძალიან მძიმე მდგომარეობაში. მერე ამბობენ, რატომ გვემართება ეს, სულ ახალგაზრდები კვდებიან, აღარ დაგვრჩა არავინ, კაცი არ დაგვრჩა ჩვენ გვარში… გამოიკვლიე კარგად და მიხვდები, რომ შენმა წინაპრებმა რა გააკეთეს”, – მიმართა მან მრევლს.

ამის შემდეგ ის კვლავ “მთავარი არხის” სიუჟეტსა და მის ავტორს დაუბრუნდა შემდეგი სიტყვებით:

“როგორც ახლა ამ ბიჭმა[სიუჟეტის ავტორმა] გააკეთა გადაცემა და როგორც ახლა [ნიკა] გვარამიები და ესენი აკეთებენ გადაცემებს, როგორ შეიძლება, ამათმა გვარმა გაიხაროს? კი არ ვწყევლით, საკუთარ თავს თვითონ იწყევლიან ამ საქციელებით. ასე დაიწყევლეს საბჭოთა კომუნისტების დროს საკუთარი თავი”.

მას შემდეგ, რაც მისი ეს გამონათქვამები საზოგადოების ნაწილმა გააკრიტიკა, სასულიერო პირმა ფეისბუქ ლაივი ჩართო განმარტებებისთვის. მისი განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება ცნობები, რომ მან ვინმე დაწყევლა.

“…მე ქადაგებაში მოვყევი და ვისაუბრე იმაზე, კომუნისტების დროს, როცა ადამიანები ეკლესიებს არბევდნენ, ილანძღებოდნენ და საშინელებებს აკეთებდნენ ეკლესიის წინააღმდეგ…

მე ამ თემას შევეხე და ვთქვი, რომ ადამიანი, რომელიც ასე იქცევა და ეკლესიას ლანძღავს, მას და მის შთამომავლობას ძალიან ცუდი რამე მოელის. ასეთი რამე ვთქვი. არანაირად წყევლა მე არ მიხსენებია”.

მისი თქმით, თავის გასამართლებელი არაფერი სჭირს და განმარტების გაკეთება საჭიროდ ჩათვალა იმიტომ, რომ “ძალიან ბევრი ადამიანი” ურეკავს და შეწუხებულია.

“ძალიან დიდი გულისტკივილი მოჰყვა ოჯახების მხრიდან”

დეკანოზ შალვა კეკელიას ამ ქადაგების შემდეგ, საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციამ საპატრიარქოს წერილი გაუგზავნა.

ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე ლია ტაბატაძე ილია მეორეს მიმართავს და დასძენს, რომ მშობლებისა და წინაპრების დადანაშაულება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის დაბადების გამო არც ადამიანურად და არც რელიგიურად სწორი არ არის”.

ის სთხოვს პატრიარქს, მიიღოს ასოციაციის წარმომადგენლები საპატრიარქოში, მიიღოს ინფორმაცია თემში არსებულ პრობლემებზე და ერთობლივად დაიგეგმოს ღონისძიებები, “რომელიც ორივე მხარისთვის უკეთესი იქნება”.

“იმედს ვიტოვებთ, რომ დეკანოზ შალვა კეკელიასთან დაკავშირებით განახორციელებთ კონკრეტულ ნაბიჯებს და ქადაგების შედეგად გულმოკლულ ოჯახებს ტკივილს დაუამებთ. რადგან გვჯერა, რომ ეკლესიის პირდაპირი მოვალეობა ადამიანების მხარდაჭერა და მათ სულიერ სიმშვიდეზე ზრუნვაა”, – ასე სრულდება წერილი.

ლია ტაბატაძე დეკანოზის გზავნილებთან დაკავშირებით “ნეტგაზეთსაც” ესაუბრა. მისი თქმით, ქადაგებას “ძალიან დიდი გულისტკივილი მოჰყვა ოჯახების მხრიდან”, ვისაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები ჰყავს. მას ქადაგება პრობლემურად მიაჩნია როგორც ტერმინოლოგიის, ისე შინაარსის გამო.

“ამ სიტყვას, ინვალიდს, რა თქმა უნდა, მსოფლიო საზოგადოებაში აღარავინ იყენებს, ვინაიდან იცით, რომ ის გამოუსადეგარსა და ვადაგასულს ნიშნავს. ამ კონტექსტში მოხსენიება, რომ უნდა მოვძებნოთ ჩვენს წინაპრებსა და ოჯახებში ცოდვა, რატომაც ეს ბავშვი დაიბადა, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე მოსასმენია”, – აცხადებს ის.

ტაბატაძის თქმით, გარდა შინაარსობრივი სიმძიმისა, ასეთი მოსაზრებები ბავშვების მიმართ არსებულ სტიგმას მეტად აღრმავებს, მით უმეტეს, მაშინ, როცა განსაკუთრებით დაუნის სინდრომის საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებაში განათლების პრობლემა ჯერაც არსებობს.

“ასოციაციაში გვაქვს ცხელი ხაზი და მშობლებს ვუწევთ პირველად ფსიქოემოციურ და საინფორმაციო მხარდაჭერას.

გვაქვს ხოლმე შემთხვევები, როცა სასულიერო პირთან გასაუბრების შემდეგ უფრო დამძიმებულა ოჯახის ფსიქოემოციური მდგომარეობა, სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ [ბავშვი] არის “ცოდვის შვილი” და ა.შ.

არის ხოლმე პირიქით, უფრო პოზიციტიური დისკრიმინაცია, რომ ეს არის ანგელოზი და ამისი მოვლის საფუძველზე პირდაპირ სამოთხის ვიზა გიჭირავს ხელში”, – აღნიშნავს ლია ტაბატაძე.

“ძალიან ბევრი დასევდიანებული მშობელი ვნახე”

უფლებადამცველი ანა არგანაშვილი სასულიერო პირების განცხადებებს ხშირად არ ეხმაურება, ვინაიდან მიიჩნევს, რომ რელიგია და საჯარო სივრცე, რომელშიც თავად საქმიანობს, ერთმანეთთან თითქმის არ იკვეთება.

თუმცა დღეს მაინც ისაუბრა ზემოხსენებული ქადაგების შესახებ, ვინაიდან, როგორც ამბობს, დეკანოზის ნათქვამმა დაასევდიანა არაერთი ადამიანი, რომელთაც რეალურად გამხნევება სჭირდებათ.

“დღეს ერთ-ერთი სასულიერო პირის მიერ გაკეთებული კომენტარის გამო შშმ ბავშვებზე ძალიან ბევრი დასევდიანებული მშობელი ვნახე.

ამიტომ, შემიძლია ვთქვა: სამეცნიერო მტკიცებულებებით, რა თქმა უნდა, არსად მტკიცდება და ვერ დამტკიცდება, რომ შშმ ბავშვი ვინმეს ბრალეულობით თუ ცოდვის გამო დაიბადა.

ამის მტკიცებულებები უბრალოდ არ არსებობს, ამიტომ ის შშმ ბავშვის მშობლები, ვისთვისაც მეცნიერებაა ამოსავალი წერტილი, ამას კარგად იაზრებენ. მაგრამ ბევრი ადამიანისთვის, მეცნიერული ცოდნის გარდა, რელიგია სულიერების საყრდენი წერტილია.

მე მესმის, რომ ადამიანს ორივე ესაჭიროება და პატივს ვცემ ამ საჭიროებებს, ამიტომაც მითხოვია რელიგიური პირისთვის, გაემხნევებინა ადამიანი, ვისი უფლებებიც დაირღვა და სასამართლოში ვიცავდი “, – დასძენს არგანაშვილი.

მისი თქმით, სწორედ ამ ფონზე, როცა არაერთი მშობლისთვის მეცნიერულთან ერთად რელიგიური ფასეულობებიც არანაკლებ მნიშვნელობას ატარებს, “სევდიანია, რომ სასულიერო პირის ამ კომენტარით დღეს უამრავი ადამიანი, ვისაც ახლა გამხნევება სჭირდება, დასევდიანდა”.

“არ ვიცი, რამდენად ჰქონდა მიზნად ამის გაკეთება იმ მღვდელს, მაგრამ ფაქტია რომ ასე მოხდა. მან შშმ ბავშვების მშობლებს სხვა უამრავ პრობლემასთან ერთად უიმედობა დაუმატა.

როგორ უნდა გააგრძელონ მათ ბავშვების დაცვა და გადარჩენა ისედაც გართულებულ კორონას პირობებში, როდესაც ცალკე სტიგმასთან და ცალკე ბარიერებთან უწევთ ბრძოლა. ალბათ, ჩვენი, საზოგადოების გამხნევებით”, – ამბობს უფლებადამცველი და შშმ ბავშვების მშობლებს მიმართავს:

“ჩვენ გვჯერა თქვენი. ცხადია, თქვენ არაფერ შუაში ხართ, არც თქვენი ნათესავები და წინაპრები. ჩვენ, საზოგადოება, ყოველთვის მხარს დაგიჭერთ ერთი ბავშვის შეზღუდული შესაძლებლობით გამოწვეული პრობლემის მოსაგვარებლად, ყველა გავერთიანდებით და დაგეხმარებით, მარტო არ ხართ, ჩვენი ძალა ერთმანეთის მხარდაჭერაში და სიყვარულშია.

თქვენ ისედაც ყველაზე აქტიური და ძლიერი საზოგადოებრივი ჯგუფი ხართ, მალე ქვეყანაში ახალ რეფორმებსაც თქვენ წამოიწყებთ და კიდევ უფრო გაძლიერდებით”.

“ღმერთი არავის მოჰკითხავს სხვის ცოდვას”

დეკანოზი კეკელია, ზემოხსენებული გზავნილების გამო, რამდენიმე სასულიერო პირმაც გააკრიტიკა.

“ქრისტეს მოძღვრებისგან სრულიად აცდენილია ის, ვისაც ჰგონია, რომ ბაბუის ჩადენილი ცოდვებისთვის შვილიშვილები დაისჯებიან”, – დაწერა “ფეისბუქზე” დეკანოზმა თამაზ ლომიძემ, რომელიც გერმანიაში, მიუნხენის ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიაში მსახურობს.

მან რამდენიმე მუხლი მოიყვანა ბიბლიიდან წინაპრების ცოდვებთან დაკავშირებული იმ შეხედულებების საპირისპიროდ, რომელსაც თავად “ცრურწმენასა და და ხალხურ გადმოცემებს” უწოდებს.

დეკანოზ შალვა კეკელიას გამოეხმაურა დეკანოზი ილია ჭიღლაძეც და ასევე გააკრიტიკა მისი განცხადებები.

“დეკ. შალვა კეკელიას შეუფერებელი სიტყვების გამო მთელი საზოგადოების აღშფოთებას და გულისწყრომას ვუერთებ ჩემს ხმას, მრცხვენია, რაც ხდება ჩვენს თავს და ჩვენს ეკლესიაში, ღმერთმა დალოცოს ყველა გვარი და ყველა ადამიანი.

ღმერთი არავის არ მოჰკითხავს სხვის ცოდვას, ყველა პასუხს აგებს საკუთარ შეცოდებებზე! ეს დოგმატური ღვთისმეტყველების ელემენტარული სწავლებაა!” – წერს ის.

სასულიერო პირი ასევე დასძენს, რომ “ქართულ ეკლესიაში კარიერული წინსვლის უპირველეს საზომად [უნდა] იქცეს განათლებულობა-სწავლულობა პირად სათნოებებთან ერთად და არა პოპულისტობა…”

“ადამიანი დაისჯება ან შეიქება იმის მიხედვით, რასაც თავად ჩაიდენს”

თეოლოგ ლადო ნარსიას აზრით, ქრისტიანობა ის რელიგიაა, რომელიც ყველაზე ცხადად განსაზღვრავს, თუ რა იმსახურებს გაკიცხვას და რა – შექებას სამომავლო ცხოვრებისთვის. მისი თქმით, ეს დამოკიდებულია კონკრეტული ადამიანის ქმედებებზე და არა იმაზე, რაც სხვამ ჩაიდინა.

“ქრისტიანობისთვის სრულიად უცხოა ისეთი სწავლება, რომელიც გარკვეულ სასჯელს ან დამსახურებას მიაწერს არა მისი პიროვნული ქმედების, არამედ მისი წინაპრების თუ წინაპართა წინაპრების მიერ ჩადენილ გარკვეულ ქმედებას.

ადამიანი დაისჯება ან შეიქება იმის მიხედვით, რასაც ის ჩაიდენს თავად, მხოლოდ თავად, ამქვეყნიურ ცხოვრებაში.”, – ეუბნება თეოლოგი “ნეტგაზეთს”.

ლადო ნარსიას თქმით, მსგავსი საკითხების შესახებ წინააღმდეგობრივი ინფორმაციის მიმოცვლის პრობლემა თეოლოგიური განათლების საფეხურიდან იწყება:

“რა თქმა უნდა, პრობლემა იწყება სასულიერო სემინარია-აკადემიებიდან: სასულიერო იერარქი აკადემიაში ღებულობს რაღაც ტიპის, მახინჯ, ბუნდოვან ინფორმაციას, რომელიც შემდეგ ფორმდება, როგორც ცოდნა და შემდეგ ეს “ცოდნა” გამოვლენილია ასეთი პრობლემური სახით, როცა ადამიანები შეიძენენ გარკვეულ სტატუსს, ამაღლდებიან ამბიონებზე და მიმართავენ მრევლს.

“ნეტგაზეთი” შეეცადა როგორც დეკანოზ შალვა კეკელიას, ისე საპატრიარქოს პოზიციების მოსმენას საკითხთან დაკავშირებით. კითხვას, როგორ შეაფასებს სასულიერო პირის გზავნილებს და აპირებს თუ არა საპატრიარქო ამის შესახებ რაიმე რეაგირებას, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ასე უპასუხა:

“ყველა ინფორმაცია იდება ჩვენს ვებგვერდზე”,

თავად დეკანოზ კეკელიას “ნეტგაზეთის” ზარისა და მოკლეტექსტური შეტყობინებისთვის არ უპასუხია. 

[განახლება]: 7 დეკემბრის ღამით დეკანოზმა კეკელიამ მორიგ ფეისბუქ ლაივში განაცხადა, რომ არ მოუხსენიებია შშმ ბავშვები, როგორც წინაპართა ცოდვის შედეგი და მის ნათქვამს არასწორი ინტერპრეტაცია მიეცა.

დეკანოზი კეკელია ამბობს, რომ შშმ ბავშვებისთვის არ უწოდებია წინაპართა ცოდვების შედეგი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან