ახალი ამბები

სავარაუდოდ სასულიერო პირების დაპირსპირებაზე გამოძიება დაიწყო

21 თებერვალი, 2022 • 1354
სავარაუდოდ სასულიერო პირების დაპირსპირებაზე გამოძიება დაიწყო

სავარუდოდ, სასულიერო პირმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მეორე სასულიერო პირს. აღნიშნული შემთხვევის ამსახველი ვიდეოკადრები ტელეკომპანია “პირველმა” გაავრცელა. ვიდეოკადრებში ჩანს, რომ მოძალადესა და დაშავებულს სასულიერო პირის სამოსი აცვიათ.

ამასთან, მასალაში ისმის, რომ ძალადობის ერთ-ერთი მოტივი ჰომოფობიური შინაარსისაა. თავდამსხმელი სასულიერო პირი დაშავებულს “ანაფორის გახდას” სთხოვს და ეკითხება, უჩივლა თუ არა პოლიციაში “მამა კეკელიას”, რაზეც დაშავებული პასუხობს, რომ ეს ამბავი უკვე უამბო თავდამსხმელს და კეკელია მას “მიუვარდა”. ამ კადრებს კამერით იღებს მესამე პირი, რომლის ვინაობაც “ნეტგაზეთისთვის” უცნობია.

“პოლიციაში უჩივლე კეკელიას? მამა კეკელიას უჩივლე? შე პოლიციაში მჩივლებელო!”, – მიმართავს თავდამსხმელი დაშავებულს და თავის არეში დარტყმას აგრძელებს.

დაშავებული პირი მასზე მოძალადეს სთხოვს, რომ შეწყვიტოს მისი ცემა. პირს კი, რომელიც ამ კადრებს იღებს, ასევე რამდენჯერმე მიმართავს თხოვნით, რომ ისინი გააშველოს, თუმცა მოძალადე პირი ცემას არ წყვეტს და მესამე პირს ეუბნება, რომ გადაღება გააგრძელოს.

ვიდეოს ბოლოს კი დაშავებული ეუბნება მოძალადეს, რომ ანაფორას გაიხდის და კიდევ ერთხელ სთხოვს, “თავი დაანებოს”.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა დეკანოზმა შალვა კეკელიამაც. მან TV პირველს უთხრა, რომ დაშავებულს მართლაც დაემუქრა, თუმცა, არა მოკვლითა და ცემით:

“ვუთხარი, რომ ამის უფლებას არ მოგცემ-მეთქი, ამის გასაქანს არავინ არ მოგცემს შენ, რომ ასე მოიქცე და არიან ადამიანები, პოლიცია და რაღაც და შენ ამის გამო დაგიჭერენ-მეთქი. მუქარის გამო მიჩივლა…

ვიღაც ბერმა სცემა მეორე ბერს, ერთი მოექცა მეორეს ცუდად და მამა შალვა კეკელია რა შუაშია… რას ნიშნავს, ადამიანი მივაგზავნე, თან ბერი მივუგზავნე ბერს საცემად?! ძალიან დიდი სირცხვილია.

ეს ვიდეო არის უსაშინლესი, უმძიმესი, და ასე ღმერთის დაცვა არ შეიძლება… ეს საშინელებაა, მაგრამ ამ ადამიანის, ამ ბერის [დაშავებულის] საქციელმა თუნდაც გამოიწვია ამ ბერში [თავდამსხმელში] ასეთი საშინელება”, – ამბობს კეკელია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყებამ დღეს, 21 თებერვალს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. კერძოდ, სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, რაც ძალადობით ან ძალადობის მუქარით ჩადენილი დევნას გულისხმობს და 157-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, ანუ პირადი ცხოვრების ამსახველი საიდუმლოების უკანონოდ მოპოვება და სოციალური ქსელით გავრცელების მუხლით.

“ნეტგაზეთი” აღნიშნულ საკითხზე მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოსაც დაუკავშირდა, თუმცა პრესსასმახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ ჩვენს ზარს და მოკლეტექსტურ შეტყობინებას არ უპასუხა.

განახლება: მოგვიანებით საპატრიარქომ აღნიშნულ ვიდეოკადრებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. საპატრიარქოს ცნობით, ვიდეოს გავრცელებისთანავე მათ ფაქტის გადამოწმება და შესაბამისი რეაგირება დაიწყეს.

ამასთან, მათი ინფორმაციით, ვიდეომასალაში ასახული არცერთი პირი არ არის ბერად აღკვეცილი და ისინი ყოფილი მორჩილები არიან.

“დეტალების დაზუსტების მიზნით ამჟამად მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია შესაბამის ეპარქიასთან, რის შემდეგაც საზოგადოებას ზუსტ და ამომწურავ ინფორმაციას მივაწვდით ამ უზნეო და ყოვლადმიუღებელი ფაქტის შესახებ.

ამასთან, კიდევ ერთხელ გარკვევით და ერთმნიშვნელოვნად აღვნიშნავთ, რომ ეკლესიის სახელით ჩადენილი ასეთი ქმედებები აბსოლუტურად მიუღებელი, არაქრისტიანული და ამორალურია, უზნეობის გამოსწორების ნაცვლად ის აზარალებს და ბღალავს ეკლესიის სახელსა და სიწმინდეს”, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი