საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების “აღიარებას” საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების დარღვევად აფასებს. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა:
“რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის აღიარება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების დარღვევაა და იმეორებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების აღიარების და ოკუპაციის სცენარს 2008 წელს. ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს მოვუწოდებთ, ევროკავშირის უსაფრთხოებისა და საერთაშორისო სამართლის მორიგ დარღვევას უპასუხონ”, – წერს ზალკალიანი.
Recognition of #Donetsk & #Luhansk by Russia is a violation of fundamental principles of int'l law & repeats t/scenario of recognition & occupation of Abkhazia & Tskhinvali regions in 2008. We call on our int'l partners to respond to another violation of ?? security & int'l law.
— David Zalkaliani (@DZalkaliani) February 21, 2022
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა საგარეო საქმეთა სამინისტრომაც:
“საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. იმედი გვაქვს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა მკაცრ შეფასებას და რეაგირებას მისცემს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების უხეში დარღვევის მორიგ ფაქტს და აღმოსავლეთ ევროპაში სახელმწიფოს საზღვრების ძალისმიერი შეცვლის ყოვლად მიუღებელ მცდელობას”, – ნათქვამია განცხადებაში.
მანამდე თვითაღიარებული რესპუბლიკების ლიდერებმა პუტინს დამოუკიდებლობის აღიარების თხოვნით მიმართეს. იგივე გადაწყვეტილება მიიღო რუსეთის პარლამენტმა.
უკვე რამდენიმე კვირაა დასავლეთის ქვეყნები უკრაინაში რუსეთის შეჭრის საფრთხეზე საუბრობენ. მზარდი დაძაბულობის ფონზე, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი ამბობს, რომ რუსეთი 1945 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბურ ომს გეგმავს.
აშშ-ს აქვს მოლოდინი, რომ პუტინი კვლავ აპირებს ომს. CNN-თან ინტერვიუში სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ სახეზეა ყველა ქმედება, რომელიც წინ უსწრებს უკრაინაში რეალურ შეჭრას.
18 თებერვალს დონბასისა და ლუგანსკის ლიდერებმა რუსეთში მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყეს. მანამდე კი პუშილინმა თქვა, რომ არ გამორიცხავს, დახმარებისთვის რუსეთს მიმართოს.
ნახეთ ასევე:
აფხაზური მხარე დონბასს სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებას სთავაზობს