ახალი ამბები

„საგარეო პოლიტიკის კოლაფსი“ – მიუნხენში პრემიერის ვიზიტს თბილისში აფასებენ

21 თებერვალი, 2022 • 2524
„საგარეო პოლიტიკის კოლაფსი“ – მიუნხენში პრემიერის ვიზიტს თბილისში აფასებენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც მიუნხენის უსაფრთხოების 58-ე კონფერენციას ესწრებოდა, ოპოზიცია აკრიტიკებს აღნიშნული პლატფორმის გამოუყენებლობის გამო.

ოპოზიციის შეფასებით, ის, რომ მიუნხენის კონფერეციის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრს ორმხივი შეხვედრები არც უკრაიანის პრეზიდენტთან და არც სხვა მაღალი რანგის დასავლელ პოლიტიკოსებთან ჰქონია, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის სრულ კოლაფსზე მეტყველებს.

თავად ღარიბაშვილი მიუნხენში თავის ვიზიტს „ნაყოფიერად“ აფასებს და აცხადებს, რომ შეხვედრები გამართა როგორც პოლიტიკურ ლიდერებთან, ასევე, ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან და უმსხვილესი კომპანიების პირველ პირებთან.

ვის შეხვდა მიუნხენში ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს მთავრობის ოფიციალური გვერდის მიხედვით, მიუნხენში ვიზიტისას ღარიბაშვილი შეხვდა ბულგარელ კოლეგას, კირილ პეტკოვს, ისრაელის სახელმწიფოს ვიცე-პრემიერს, თავდაცვის მინისტრ ბენი განცს, საუდის არაბეთის სამეფოს პრინც ფეიზალ ბინ ფაჰრან ალ საუდს.

ღარიბაშვილი ასევე შეხვდა Jigsaw-Google-ის აღმასრულებელ დირექტორს, კომპანია FTX Crypto Derivatives Exchange-ის დამფუძნებელს და აღმასრულებელ დირექტორს და GLOBSEC-ის დამფუძნებელსა და პრეზიდენტს.

„ჩვენთვის პრიორიტეტული იყო მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის პლატფორმის გამოყენება ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების კიდევ ერთხელ ხაზგასასმელად. უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევების ფონზე, კიდევ ერთხელ დავადასტურეთ მტკიცე მხარდაჭერა ჩვენი უკრაინელი მეგობრებისადმი, ასევე ვიმსჯელეთ ვითარების განმუხტვის გზებზე ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან.

ძალიან მნიშვნელოვანი იყო ვიზიტის ფარგლებში გამართული ეკონომიკური შეხვედრები, რადგან ჩვენი ქვეყნის განვითარება, მიმზიდველობის გაზრდა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტი, რათა მოვიზიდოთ რაც შეიძლება მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, გავაძლიეროთ ეკონომიკა და გავხდეთ რეგიონული ჰაბი“, – წერს ღარიბაშვილი ფეისბუქზე.

„სახეზეა საგარეო პოლიტიკის სრული კოლაფსი“

ოპოზიციის კრიტიკაც სწორედ იმან გამოიწვია, რომ რუსეთ-უკრაინას შორის არსებული დაძაბულობის ფონზე ირაკლი ღარიბაშვილს ორმხრივი შეხვედრები არც უკრაინის პრეზიდენტთან და არც ევროკავშირის ქვეყნებისა და ამერიკის სხვა მაღალჩინოსნებთან ჰქონია. თუმცა ამავე ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს შეხვედრა ჰქონდა უკრაინელ კოლეგასთან, დმიტრო კულებასთან.

„ლელოს“ საერთაშორისო მდივნის, გრიგოლ გეგელიას თქმით,  გაუგებარია, საერთოდ რისთვის გაემგზავრა პრემიერ-მინისტრი მიუნხენის კონფერენციაზე, რომელიც თავის მხრივ მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმას წარმოადგენს.

„ღარიბაშვილი არ შეხვედრია არცერთ მნიშვნელოვან დასავლელ ლიდერს, არ ჰქონია გამოსვლა სიტყვით, არ გაუკეთებია საქართველოს ეროვნული პოზიციების დასაცავი არცერთი განცხადება და, რა თქმა უნდა, არც მიუნხენში გაუკეთებია უკრაინის მხარდამჭერი განცხადება. ღარიბაშვილს აშკარად არ გამოუყენებია მიუნხენის შეხვედრა ბრიტანეთი-უკრაინა-პოლონეთის მიერ ინიცირებულ ფორმატში საქართველოსთვის სასიკეთო ძვრების მისაღწევად.

ღარიბაშვილი არც ზელენსკის შეხვედრია, რაც წლევანდელ მიუნხენის კონფერენციაზე ნებისმიერი ღირსეული ქართველი პრემიერის ერთ-ერთი ამოცანა უნდა ყოფილიყო. თუმცა საეჭვოა, ზელენსკი თავად თუ ისურვებდა მასთან შეხვედრას იმ უღირსი ქცევის შემდეგ, რაც “ქართულმა ოცნებამ” უკრაინისადმი გამოიჩინა“, – განაცხადა გეგელიამ.

მისი თქმით, თუ ღარიბაშვილს სურდა მაღალი კალიბრის პოლიტიკური შეხვედრები და არავინ დათანხმდა, ეს ტრაგედიაა სახელმწიფოსთვის, მიუხედავად იმისა, რომ „ღარიბაშვილი ზუსტად ამას იმსახურებს“, და თუ მას არც უცდია ჰქონოდა მნიშვნელოვანი პოლიტიკური შეხვედრები, ეს მკაფიო ლუსტრაციაა იმისა, თუ რა არის ამ ხელისუფლების პრიორიტეტები.

გეგელიას შეფასებით, ასეა თუ ისე, როგორც ერთ, ასევე მეორე შემთხვევაში „სახეზეა საგარეო პოლიტიკის სრული კოლაფსი“.

„ზელენსკი თავის გუშინდელ გამოსვლაში სწორედ ღარიბაშვილის მსგავს სამარცხვინო ლიდერებზე საუბრობდა, როდესაც ახსენა, რომ თავს შეიკავებს ღირსეული მეგობრების ჩამოთვლისგან, რათა ზოგიერთ სხვა ქვეყანას არ შერცხვეს.

თუმცა ღარიბაშვილმა მოასწრო და შეხვდა კრიპტოვალუტის ინდუსტრიის წარმომადგენლებს. ჩვენს საზოგადოებას კარგად მოეხსენება, რომ ეს პირადად ივანიშვილის ერთ-ერთი მთავარი ინტერესია. ეს ყველაფერი მრავლისმთქმელია. მანამ, სანამ დღეს რეგიონის გეოპოლიტიკური ბედი წყდება, საქართველოსთვის, უკრაინისთვის მეტი უსაფრთხოების და ახალ ალიანსებში ყოფნის ლობირების ნაცვლად, ღარიბაშვილი კრიპტოვალუტის ინდუსტრიის მესვეურებს ხვდება“, – აცხადებს გეგელია.

„ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგი წერეთელიც აცხადებს, რომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია მთავარი პოლიტიკური მოვლენაა და არა ბიზნესფორუმი.

მისი თქმით, ის, რომ მიუნხენში გამართულ კონფერენციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი  უკრაინის პრეზიდენტს არ შეხვედრია, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს უკრაიანის მიმართ ხელისუფლების აბსოლუტურად მიუღებელ, მცდარ პოლიტიკასა და ტაქტიკას.

„ძალიან სამწუხაროა, რომ აქ კიდევ ერთხელ გამოჩნდა საქართველოს ხელისუფლების აბსოლუტურად მიუღებელი, მცდარი პოლიტიკა და ტაქტიკა უკრაიანასთან მიმართებაში. ჯერ ერთი, როგორ შეიძლება ხელიდან გაუშვა ის შესაძლებლობა, რომ რომელიმე ან რამდენიმე მნიშვნელოვან ლიდერს არ შეხვდე, თუნდაც ძალიან მცირე ხნით, და შენი აზრი უთხრა. მეორე, ყველაზე მთავარი, გაუშვა შესაძლებლობა, რომ უკრაინის პრეზიდენტს ორიოდე სიტყვა მაინც უთხრა მაშინ, როცა აქტიურად არ მოქმედებ მის მხარდასაჭერად.

სამწუხაროა, რომ ასე ხდება და მთავარი დასამახსოვრებელი აქ იყო, რომ პრემიერ-მინისტრი შეხვდა რომელიღაც კრიპტოვალუტის პლატფორმის ხელმძღვანელს. რა თქმა უნდა, ასეთ ვითარებაში ძალიან კარგად ჩანს, თუ დღეს როგორი დამოკიდებულებაა საქართველოს ხელისუფლების მიმართ საგარეო არენაზე. ეს ნებით ხდება თუ უნებლიეთ, ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან ცუდი შედეგია“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის შეფასებით, საშიშია, რომ  ხელისუფლებას დასავლური სამყაროს მაღალი რანგის პოლიტიკოსები ძალიან ბევრი გარემოების გამო „იგნორს უკეთებენ“.

„ზალკალიანი შეხვდა #MSC კონფერენციაზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, კულებას (ეს კარგია). სპეციალურად ვუსმინე სამთავრობო არხებზე ზალკალიანის განცხადებას. სიტყვა არ უთქვამს “სამთა კავშირის” გარშემო კონსულტაციებზე. უკრაინაზე მხოლოდ ზედაპირული, ძალიან ნეიტრალური ტექსტით შემოიფარგლა.

ღარიბაშვილის შეხვედრებზე აღარც ვსაუბრობ: დასავლური სამყაროს არცერთი ლიდერი არ შეხვედრია. ამას დიდი მწუხარებით ვამბობ – ჩემი ქვეყნის ბედს ეხება“, – წერს სოციალურ ქსელში ხატია დეკანოიძე.

„პროტოკოლს ჰკითხეთ, პოლიტიკური სარჩულის ძებნა ზედმეტია“

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის თქმით,  მიუხედავად იმისა, რომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე უკრაინა მთავარი თემა იყო, საქართველოს მთავრობის დელეგაციის იქ ყოფნა და  მათი „ხმა იყო უაღრესად მნიშვნელოვანი“, როგორც უკრაინელი კოლეგებისთვის, ისე საერთაშორისო თანამეგობრობისთვის.

ზალკალიანის თქმით, მიუნხენის კონფერენციია მნიშვნელოვანი იყო ეკონომიკური კუთხითაც, რადგან  საქართველოს მიმზიდველობის გაზრდა არის ერთ-ერთი მნიშვნელოოვანი ბერკეტი იმისათვის, რომ  „გარე საფრთხეები იყოს  მინიმუმამდე დაყვანილი“.

„ჩვენ საკუთარ თავზე გვაქვს გამოცდილი ოკუპაცია, რომელიც ჯერ კიდევ მიმდინარეობს და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის მნიშვნელოვანი იყო ამ გამოცდილების გაზიარება, საუბარი და ჩვენი პერსპექტივიდან დანახული სიტუაციის განმუხტვის გზები. ამიტომ, ყველა ორმხრივი შეხვედრა, როგორც პრემიერ-მინისტრის, ისე ჩემი, მიეძღვნა ამ თემატიკას.

გარდა ამისა, ჩვენ შევძელით და პრემიერ-მინისტრს ჰქონდა მრავალი შეხვედრა ეკონომიკური მიმართულებით. მოგეხსენებათ, ეკონომიკური განზომილება ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან ბევრი დიდი კომპანიის წარმომადგენელია აქ ჩამოსული და მათთან შედგა პრემიერ-მინისტრის შეხვედრები“, – განაცხადა ზალკალიანმა.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, დავით სერგეენკო, ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრებს პროტოკოლის სამსახურით ხსნის და მიაჩნია, რომ პოლიტიკური სარჩულის ძებნა ზედმეტია.

„2014 წლის სექტემბერში, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი იყო პრემიერ-მინისტრი და მე ვიყავი ჯანდაცვის მინისტრი, დამირეკა და დამავალა, რომ სასწრაფოდ ჩავსულიყავი კიევში. მეორე დღესვე იქ ვიყავი ჩასული და პირველი ქვეყანა ვიყავით, რომელიც კონფლიქტის დაწყების შემდეგ ჩავიდა უკრაინაში. არ მინდა ვინმეს დავამადლო, მაგრამ ძალიან დიდი ჰუმანიტარული დახმარებები ჩავიტანეთ[…]

თუ ვინმეს შეხვდა ან ვერ შეხვდა მიუნხენში, უბრალოდ, არ ვიცი. მის პროტოკოლს ჰკითხეთ, იმიტომ, რომ ამის უკან პოლიტიკური სარჩულის ძებნა ზედმეტი მგონია“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

„ქართული ოცნების“ კიდევ ერთი წევრი მიხეილ სარჯველაძეც ფიქრობს, რომ მიუნხენში ირაკლი ღარიბაშვილის მიერ (არ)გამართული შეხვედრები კრიტიკის საფუძველს არ იძლევა.

„კონკრეტულ დღეს კონკრეტულ შეხვედრებზე რომ არ დგება შეხვედრა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ გაქვთ საფუძველი, კრიტიკისთვის რაღაც მიზეზები იპოვოთ და შორს მიმავალი წიაღსვლები გააკეთოთ. ეს ასე არ არის. აქ იგეგმება გრაფიკები, მნიშვნელოვანი თანამშრომლობა სრულიად სხვა კომპონენტებით ხასიათდება[…]

ასეთი შეხვედრებით მხარდაჭერა არ ხდება. მხარდაჭერას რაც სჭირდება, ის ყველაფერი გადმოცემულია იმ დადგენილებაში, რომელიც გამოსცა საქართველოს პარლამენტმა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.


მიუნხენის უსაფრთხოების 58-ე კონფერენციას 18-20 თებერვლს გაიმართა. კონფერენციაში, რომელიც მსოფლიოს წამყვანი ფორუმია საერთაშორისო უსაფრთხოების პოლიტიკის განსახილველად, 450-ზე მეტი გადაწყვეტილების მიმღები მაღალჩინოსანი და ლიდერი მონაწილეობდა, რომლებიც საერთაშორისო უსაფრთხოების პოლიტიკის ყველაზე აქტუალურ საკითხებს განიხილავდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი