ახალი ამბები

“რიყის დოქების” და “მიხეილის საავადმყოფოს” შენობები კვლავ აუქციონზე იყიდება

21 თებერვალი, 2022 • 1193
“რიყის დოქების” და “მიხეილის საავადმყოფოს” შენობები კვლავ აუქციონზე იყიდება

ეკონომიკის სამინისტრომ “რიყის დოქების” და ე.წ. მიხეილის საავადმყოფოს შენობების გასაყიდად აუქციონი კვლავ გამოაცხადა. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დღეს, 21 თებერვალს ისაუბრა.

მისი თქმით, ამჟამად “რიყის დოქების” საწყისი ფასი 10 მილიონ ლარს შეადგენს, თუმცა ითვალისწინებს, სულ მცირე, 20- მილიონიანი ინვესტიციის ჩადებასაც. რაც შეეხება წმ. მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საავადმყოფოს შენობას, აუქციონის საწყისი ფასი 16 მილიონი ლარია.

დავითაშვილის განცხადებით, აღნიშნული შენობები ტურისტების მოსაზიდ ახალ ცენტრებად უნდა იქცეს. ეკონომიკის მინისტრი “რიყის დოქების” შენობაში სხვადასხვა საგამოფენო სივრცის, მათ შორის, ღვინის მუზეუმის გახსნის, ხოლო “მიხეილის საავადმყოფოში” თანამედროვე სამუზეუმო სივრცის განთავსების პერსპექტივებს ხედავს:

“ჩვენ გვინდა, რომ ქალაქმა, რომელმაც ისტორიული უბნების განახლების კუთხით უკვე მნიშვნელოვანი კუთხით იცვალა იერი, და რომელზეც მერია ინტენსიურად და ძალიან აქტიურად მუშაობს, შევმატოთ ისეთი ინიციატივები, რომელიც კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის თბილისს და საერთაშორისო რუკაზე ჩვენს დედაქალაქს ტურისტულად მიმზიდველ ადგილად აქცევს. შესაბამისად, ჩვენი ამოცანაა, რომ გაჩნდეს მეტი ისეთი მიზიდულობის ადგილი, რომელიც ტურისტისთვის იქნება საინტერესო.

თბილისს ყოველთვის ჰქონდა სახელოვნებო ელფერი და იყო მიმზიდველი ადგილი, მიზიდულობის ცენტრი იგივე წინა საუკუნის დასაწყისში… კულტურული სახელოვნებო ტრადიცია გვქონდა მნიშვნელოვნად შენარჩუნებული და დამატებითი ისეთი ატრაქციები, რომლებიც საერთაშორისოდ ცნობილ ხელოვანებს ჩამოიყვანენ, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ამ ობიექტს ფუნქციურად ჰქონდეს ახალი, თანამედროვე მუზეუმისთვის განკუთვნილი სივრცის სტატუსი. შესაბამისად, ამ კუთხით ველოდებით ჩვენ დაინტერესებას”, – განმარტა დავითაშვილმა.

მისი თქმით, რამდენიმე ინვესტორმა დაინტერესება უკვე გამოხატა და ქონების მართვის სააგენტოს განცხადებებით მიმართა.

რაც შეეხება “რიყის დოქებს”, მინისტრის განცხადებით, ამ საკითხზე მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს და სწორედ ამის საფუძველზე მიიღეს ამ შენობის საწყისი ფასის კლების გადაწყვეტილება. კერძოდ, ბოლო აუქციონზე, რომელიც ჩაიშალა, “რიყის დოქების” საწყისი ფასი 30 მილიონი ლარი იყო, ახლა კი საწყისი ფასი 10 მილიონი ლარით განისაზღვრება.

“ჩვენ აქაც გვინდა, რომ მორიგი მნიშვნელოვანი ტურისტული მიზიდულობის ცენტრი გავაჩინოთ. აქაც განსაზღვრულია როგორც ტექნოლოგიური, ასევე, სხვადასხვა ტიპის საგამოფენო სივრცის და ღვინის მუზეუმის მოწყობა… ერთი მხრივ, ჩვენ გვაქვს ძალიან უნიკალური არტეფაქტების კოლექცია. ალბათ, ყველაზე ღირებული კოლექცია, რაც კი მსოფლიოში შეიძლება იყოს, რაც ეროვნულ მუზეუმშია შენახული…

ვფიქრობ, ეს დიდი, მსხვილმასშტაბიანი მუზეუმის პროექტი იქნებოდა მნიშვნელოვანი, ამ კუთხითაც არის დაინტერესება და ვფიქრობ, რომ დოქებში შეიძლება, ერთ-ერთი სივრცე დაეთმოს ქართული ღვინის მუზეუმს და ქართული ღვინის თემატიკას. ეს არის ცენტრალური ადგილი, სადაც ასევე ძალიან ბევრი მნახველი და ვიზიტორი ჩნდება თბილისში და, ერთი მხრივ, ეს ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი კულტურული მონაპოვრის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს და, მეორე მხრივ, თბილისს საერთაშორისო რუკაზე ამ კუთხითაც მიმზიდველ ადგილად წარმოაჩენს კიდევ ერთხელ და მეტ ტურისტს მოვიზიდავთ”, – განაცხადა დავითაშვილმა.

ამ დრომდე სახელმწიფომ  უკვე რამდენჯერმე სცადა აღნიშნული შენობების გაყიდვა, თუმცა- უშედეგოდ. ყოველი წარუმატებელი აუქციონის შემდეგ ეკონომიკის სამინისტრო შენობებზე ფასს აკლებს.

რიყის ტერიტორიაზე დოქების მსგავსი ორი შენობა სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტომ აუქციონზე აქამდე 5-ჯერ გაიტანა. ე.წ. მიხაილოვის საავადმყოფოს შენობა კი 2019 წელს იყო გატანილი, მაშინ მისი საწყისი ფასი 35 მილიონი ლარი იყო.

“რიყის დოქები” ვერ იყიდება, რა შეიძლება მოეწყოს იქ? – მოსაზრებები

მასალების გადაბეჭდვის წესი