ახალი ამბებიეკონომიკა

“რიყის დოქები” ვერ იყიდება, რა შეიძლება მოეწყოს იქ? – მოსაზრებები

21 მაისი, 2021 • 3928
“რიყის დოქები” ვერ იყიდება, რა შეიძლება მოეწყოს იქ? – მოსაზრებები

რა ფუნქცია შეიძლება შეიძინოს ე.წ. რიყის დოქებმა, რომლებიც თითქმის 10 წელია უფუნქციოდ არის დარჩენილი და სახელმწიფო ერთი წელია უშედეგოდ ცდილობს გაყიდვას?

ე.წ. რიყის დოქები ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, ჯამში, 4-ჯერ ჰქონდა აუქციონზე გამოტანილი. ბოლოს- 47.5 მლნ ლარად, თუმცა 17 მაისს აუქციონი უშედეგოდ დასრულდა და დაუმთავრებელი რიყის დოქები ისევ ვერ გაიყიდა. 

რიყის ტერიტორიაზე დოქების მსგავსი ორი შენობა სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტომ პროგრამის “ასი საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესის” ფარგლებში გასაყიდად ჯერ კიდევ 2020 წლის დასაწყისში, პანდემიის დაწყებამდე 95 მლნ ლარად გამოიტანა, თუმცა რიყის ტერიტორიაზე  არსებული 14.5 ათასი კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები ვერ გაიყიდა.

2020 წლის დასაწყისში ეკონომიკის მინისტრმა ფასი იმით ახსნა, რომ რიყეზე მდებარე ამ ორი შენობის აშენება 2012 წელს საკმაოდ ძვირი დაუჯდა სახელმწიფოს [75 მლნ]. ამას გარდა, ნათია თურნავამ ასევე თქვა, რომ აუქციონით მთავრობა გატესტავდა, რამდენად რეალური იყო ეს ფასი.

“ეს არის საკმაოდ მიმზიდველი ადგილმდებარეობა. 15 ათასი კვ.მ მიწა, თუმცა არ ნიშნავს იმას, რომ აქ შეიძლება ნებისმიერი ობიექტი განთავსდეს, რადგან არსებობს თბილისის განაშენიანების გენერალური გეგმა, რომელიც ზღუდავს ამ ადგილზე გარკვეული ტიპის მშენებლობებს. შესაბამისად, აქცენტი გაკეთდება თავად რიყის დოქების კომერციულ და მიზანშეწონილ გამოყენებაზე.”

ბოლო ფასდაკლებულ აუქციონში [ფასი 47.5 მლნ ლარამდე შემცირდა] სახელმწიფო რიყის დოქების ინვესტორს ავალდებულებდა მრავალფუნქციური კომპლექსის (რაც უნდა მოიცავდეს, თუმცა შესაძლოა არ შემოიფარგლებოდეს, საგამოფენო სივრცეებს, დარბაზებს ან/და სასტუმროს) მოწყობას, რისთვისაც არანაკლებ 10 მლნ ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს. ამასთან, მშენებლობა და ფუნქციონირების დაწყება 36 თვის ვადაში [3 წელი] უნდა მოესწროს. 

იმის გამო, რომ “რიყის დოქები” თბილისის კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში მდებარეობს, ინვესტორმა მშენებლობის პროექტი თბილისის მუნიციპალიტეტისა და მერიაში შექმნილ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოსთან უნდა შეათანხმოს.

რიყის დოქების აუქციონები 2021 წელს

  • 4 თებერვალი – 5 მარტი: 71 250 000 ლარი
  • 30 მარტი – 15 აპრილი: 71 250 000 ლარი
  • 29 აპრილი – 17 მაისი: 47 500 000 ლარი
  • 2019 წელს თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ “დოქები” მანამდე ერთ ლარადაც ვერ გაყიდეს (საინვესტიციო პირობით)

კითხვაზე, რატომ ვერ იყიდება რიყის დოქები, ნათია თურნავამ 26 აპრილს თქვა, რომ მშენებლობაზე დახარჯული არარეალურად მაღალი თანხის გამო, სამინისტროს ამ დანახარჯების საპრივატიზაციო თანხაში ასახვა უწევს:

“გვაქვს გარკვეული ობიექტები, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს არის აშენებული და არარეალურად მაღალი ფასებია დახარჯული ამ ობიექტების შექმნაში. გაბერილი თანხები – არის ასეთი ტერმინი. აქედან გამომდინარე, კანონმდებლობით ვალდებულები ვართ საწყისი ღირებულება დავიწყოთ იმ საბალანსო ღირებულებიდან, რაც თავის დროზე დაჯდა და ეს ხალხის ფული იყო, ბიუჯეტიდან გაწეული ხარჯები. მაგრამ მთელი რიგი აუქციონების შემდეგაც იგივე რიყის დოქები, და შეიძლება რამდენიმე სხვა ობიექტიც იყოს ასეთი, რჩება გაუსხვისებელი. იმიტომ, რომ ამთავითვე ჩანს, რომ ის თანხები თავის დროზე საბაზრო მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა. აქედან გამომდინარე, თამამად ვივლით ამ მიმართულებით და თუ ვხედავთ, რომ თანხა არის არარეალური, გადავხედავთ.”

ამ განცხადებიდან სამ დღეში რიყის დოქები, ჯერჯერობით ბოლო აუქციონზე, თითქმის 24 მლნ ლარით ნაკლებად გამოიტანეს

სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოში გვითხრეს, რომ რიყის დოქების გამოტანას გასაყიდად ისევ აპირებენ, თუმცა, შეიცვლება თუ არა პრივატიზაციის პირობები, უმთავრესად კი, ფასი, ჯერ არ ამბობენ: “საპრივატიზებო პირობების შესახებ ინფორმაცია ცნობილი გახდება ელექტრონული აუქციონის ინიცირების დროს”.

რა ფუნქცია შეიძლება ჰქონდეს რიყის დოქებს? – მოსაზრებები

იაგო ბითარიშვილი – ვაქციოთ დოქები ღვინის მუზეუმად

რიყის დოქები საკონცერტო სივრცე უნდა ყოფილიყო, თუმცა 2012 წლის შემდეგ უფუნქციოა. მეღვინე იაგო ბიტარიშვილმა მანიფესტით რიყის დოქების ადგილზე ღვინის მუზეუმის გახსნაც კი მოითხოვა. ბითარიშვილი ქვეყანაში ღვინის მუზეუმის არსებობის აუცილებლობაზე საუბრობს, მით უფრო, როცა ქვეყანა ღვინისა და მევენახეობის ერთ-ერთ უძველეს სამშობლოდ პოზიციონირებს. რაც შეეხება რიყეს და იქ უფუნქციოდ დარჩენილ ე.წ. დოქებს, ბითარიშვილი ამბობს, რომ საქართველოში ჩამოსული ტურისტების დიდი ნაწილი სწორედ ამ ნაწილში იყრის თავს. ამიტომ, რიყის ტერიტორიაზე არსებული უფუნქციო “დოქების” მუზეუმად გადაკეთება სახელმწიფოსთვის შესაძლოა საკმაოდ მომგებიანიც იყოს. მისივე თქმით, მსოფლიოში არსებულ თანამედროვე ღვინის მუზეუმებს თუ გავითვალისწინებთ, რიყეზე არსებული ტერიტორია სავსებით საკმარისია მუზეუმის მოსაწყობად. 

იაგო ბიტარიშვილი

“მაგ ადგილს და, ზოგადად, მაგ შენობას რამდენიმე დადებითი მხარე აქვს. ნებისმიერ ღვინის ქვეყანაში ნახავთ ღვინის მუზეუმს, საქართველოს გარდა. ვფიქრობ, მუზეუმის შექმნა ძალიან მნიშვნელოვანია. თუ გავითვალისწინებთ, რომ ახალი მუზეუმის აშენებას საკმაოდ დიდი თანხა დასჭირდება, მით უფრო ასეთი ეკონომიკური კრიზისის დროს, და იმასაც თუ მივიღებთ მხედველობაში, რომ ღვინის მუზეუმი უფრო მეტად გათვლილი იქნება ქვეყნის ვიზიტორებზე, ეს ის ადგილია, სადაც საქართველოში ჩამოსული ტურისტების 80-90% ხვდება. გამორიცხულია, რომელიმე ტურისტულმა სააგენტომ ტური დაუგეგმოს სტუმარს ისე, რომ ეს ადგილი არ მოხვდეს. ეს ნიშნავს, რომ ამ მუზეუმს მოინახულებენ ტურისტები. ამას ემატება თავად ამ შენობების ვიზუალური მხარეც. ამ ფაქტორების გამო ვთვლი, რომ საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება ამ შენობაში მუზეუმის განთავსება, მაგრამ არ ვიცი ტექნიკური დეტალები. მაგალითად, რა თანხა დასჭირდება ამ ყველაფერს და ა.შ.”

ბითარიშვილი გვეუბნება, რომ სახელმწიფოს შეუძლია, უკვე აშენებული მუზეუმი მართვით კერძო კომპანიას გადასცეს ან გაყიდოს. 

“ეს სამუშაო საკითხია… უბრალოდ, იდეა მომივიდა, ღრმად არ ვარ ჩახედული ამ შენობების არც არქიტექტურაში და არც ტექნიკურ მხარეში. ვიცი, რომ ქვეყანას ღვინის მუზეუმი სჭირდება. თანამედროვე ღვინის მუზეუმები რომ ნახოთ, ზუსტად მაგ სტილშია გაკეთებული. მაგალითად, ჩილეში, ბორდოსა და ჩინეთში არსებული მუზეუმები, რომლებიც ახალი და ძვირადღირებულია, არქიტექტორული სტილი თითქმის იდენტურია.”

ბორდოს ღვინის მუზეუმი

ზურაბ ბაქრაძე – ადგილმდებარეობის გამო დოქები საზოგადოებრივი ფუნქციის მატარებელ შენობად ვერ გამოდგება

ქალაქმგეგმარებელი ზურაბ ბაქრაძე მიიჩნევს, რომ ამ შენობებში რაიმე საზოგადოებრივი ობიექტის განთავსება შეუძლებელია ბარათაშვილის აღმართის გამო, რომელიც დღეს სატრანსპორტო მაგისტრალს წარმოადგენს და ტერიტორიაზე შესვლას შეუძლებელს ხდის.

ზურაბ ბაქრაძე

“ამ შენობების გამოყენება იმაზე კი არ არის დამოკიდებული, რა განთავსდება შიგნით, არამედ შეუძლია თუ არა ქალაქს ეს როგორც საზოგადოებრივი ფუნქციის მატარებელი შენობა ისე მოიხმაროს. ეს შეუძლებელია. ისეთ ცუდ ადგილას და ცუდად ააშენეს… შიგ რა იქნება: ღვინის მუზეუმი, თოჯინების თეატრი თუ საგამოფენო დარბაზი, ამას მნიშვნელობა არ აქვს. სამწუხაროდ, ყოველგვარი დაფიქრების გარეშე დაპატიჟეს მასიმილიანო ფუქსი [რიყის დოქების არქიტექტორი] და უთხრეს, რომ გვინდა დოქებს ჰგავდეს… მას რა ენაღვლება, არც თბილისს იცნობდა,  ქალაქმგეგმარებელი არ არის და საზოგადოებრივი სივრცე რა არის, არ იცის. “მიაგეგმარა” რაღაც, ახლა ამას რა უნდა უქნან?!”

რაც შეეხება რიყის პარკიდან არსებულ შესასვლელს, ზურაბ ბაქრაძე გვეუბნება, რომ პარკში, ანუ რეკრეაციულ სივრცეში საგამოფენო სივრცის, მუზეუმის თუ სხვა საზოგადოებრივი ობიექტის განთავსება არ შეიძლება, რადგან პარკის ფუნქციებს არ შეესაბამება.

“პარკის, როგორც სარეკრეაციო სივრცის, არსი მდგომარეობს იმაში, რომ რაც შეიძლება მეტად იყოს მიმსგავსებული ბუნებას. ადამიანებმა იქ დაისვენონ და მართლაც ფსიქოლოგიური და ფიზიოლოგიური რეკრეაციის ადგილი იყოს. ასეთ ადგილას არ არის შესაფერისი მსგავსი დიდი სიმძლავრის საზოგადოებრივი ობიექტების არსებობა. გამოდის, რომ პარკიდან არ უნდა იყოს მისასვლელი, თუ იქ პარკი იქნება. მეორე მხრივ, შეუფერებელია იმ ავტომაგისტრალისთვის [ბარათაშვილის აღმართი], რადგან შენობა იქიდან ვერ დაიტვირთება.”

აქედან გამომდინარე, ქალაქმგეგმარებელი ზურაბ ბაქრაძე ფიქრობს, რომ შესაძლოა რადიკალური მიდგომაა, თუმცა ეს შენობები უნდა დაანგრიონ. ამასთან, ეს “ჭკუის სასწავლებელიც” იქნება ქალაქის მომავალი ხელისუფლებისთვის, რომ მსგავსი პროექტების განხორციელებისას ქალაქის რეალურ საჭიროებებზე იზრუნონ:

“ცოტა უხერხულია ასეთი რადიკალური რამის თქმა, მაგრამ ჭკუის სასწავლებლად ის უნდა დაანგრიონ. იქნებ ამ ქალაქში მერე ვინმემ ჭკუა ისწავლოს”. 

ირაკლი აბესაძე – ადრე უნდა გაეყიდათ

თბილისის მერის მოადგილე 2013-2014 წლებში, ირაკლი აბესაძე ნეტგაზეთს ეუბნება, რომ მთელი ეს წლები “ქართულმა ოცნებამ” არ გამოიყენა ამ შენობების პოტენციალი, რაც ნიშნავს იმას, რომ იჯარით გაეცა, ყოფილიყო საგამოფენო სივრცე ან სხვადასხვა კულტურული/გასართობი ღონისძიებების ადგილი.

აბესაძე აცხადებს, რომ წინა ხელისუფლებას სურდა, ერთ შენობაში საკონცერტო დარბაზი, მეორეში კი საგამოფენო სივრცე ყოფილიყო. გათვლა კი იმაში მდგომარეობდა, რომ შენობები ქალაქის ისტორიულ ცენტრში და ტურისტებით დატვირთულ ადგილას მდებარეობს, შესაბამისად, ეს კომერციულად “საინტერესო” ობიექტები იქნებოდა.

მისივე თქმით, მთავრობას რიყის დოქების პრივატიზაციაზე ფიქრი ადრე უნდა დაეწყო, მაშინ, როცა მსოფლიოში პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი არ არსებობდა. ის ფიქრობს, რომ მსხვილი ინვესტორის მოძიება ასეთ შემთხვევაში შეიძლებოდა.

აბესაძის თქმითვე, კრიზისის პერიოდში რიყის დოქების გასხვისების კიდევ ერთი მიზანი შესაძლოა, ბიუჯეტის შემოსავლების კლების ფონზე, “საკუთარი გაზრდილი საბიუჯეტო ხარჯების” დასაფინანსებლად თანხის მიღებაა.

“ახლა უკვე სასოწარკვეთილები, მაშინ, როცა სერიოზული ფინანსური და ეკონომიკური კრიზისი აქვთ, აღარ იციან, საიდან მოიტანონ შემოსავლები, ცდილობენ გაყიდვას. ახლა აბრალებენ, რომ ვითომ ძვირია. ბევრჯერ დააკლეს ფასს და, საბოლოო ჯამში, შეიძლება მივიღოთ კორუფციული გარიგება: ძალიან იაფად გაყიდული ქონება, რომლის შემძენიც მათთან დაკავშირებული პირი აღმოჩნდება. ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამდენი ხანი “ქართული ოცნების” ხელისუფლებას არაფერი გაუკეთებია, რომ ეს შენობა ეკონომიკურ საქმიანობაში ჩაბმულიყო და ექცია შემოსავლის მომტანად ინვესტორის მოძიების, იჯარით გაცემისა თუ სხვა გზით. ამიტომ ძალიან რთულია იმის თქმა, რა შეიძლება ახლა გაკეთდეს, რადგან ეს ქვეყანა მძიმე ეკონომიკურ კრიზისშია’, – აცხადებს აბესაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი