ახალი ამბები

ევაკუაციაზე სეპარატისტების ვიდეო სინამდვილეში 2 დღის წინ ჩაიწერა – მედია

18 თებერვალი, 2022 • 2728
ევაკუაციაზე სეპარატისტების ვიდეო სინამდვილეში 2 დღის წინ ჩაიწერა – მედია

დონეცკისა და ლუგანსკის თვითაღიარებული რესპუბლიკების ლიდერებმა, დენის პუშილინმა და ლეონიდ პასეჩნიკმა დღეს, 18 თებერვალს გამოქვეყნებული ვიდეომიმართვები, სადაც ისინი კიევის მხრიდან “დაგეგმილი აგრესიის” შესახებ საუბრობენ და მოსახლეობის ევაკუაციას აანონსებენ, სინამდვილეში 16 თებერვალს ჩაწერეს, როდესაც რეგიონში დაძაბულობა არ შეინიშნებოდა.

მედუზას ცნობით, ეს ყველაფერი ვიდეოს ფაილში ჩანს, სადაც მისი შექმნის თარიღიცაა მოცემული. ამ ფაქტს ყურადღება მიაქცია ბელინგქეთის არიკ ტოლერმა. ვიდეოში პუშილინი 18 თებერვალს ახსენებს.

კიევმა განაცხადა, რომ განცხადებები დონეცკსა და ლუგანკსზე თავდასხმის შესახებ დეზინფორმაციაა და ისინი ამას არ გეგმავენ. რეგიონში ვითარება გუშინ გამწვავდა, როდესაც რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა საბავშვო ბაღის შენობა დაბომბეს.

დონეცკიდან და ლუგანსკიდან მოსახლეობის რუსეთში ევაკუაცია დაიწყეს.

უკვე რამდენიმე თვეა, რუსეთის საჯარისო ნაწილები უკრაინის საზღვართანაა მობილებული. აშშ და სხვა დასავლური სახელმწიფოები აცხადებენ, რომ მათი დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი უკრაინაში შესაჭრელად ემზადება უახლოეს დღეებში და ამის საბაბად შესაძლოა ლუგანსკსა და დონეცკში ინსცენირებული თავდასხმა გამოიყენოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი