ახალი ამბები

მოსკოვმა აშშ-ს პასუხის პასუხი გაუგზავნა

17 თებერვალი, 2022 • 1830
მოსკოვმა აშშ-ს პასუხის პასუხი გაუგზავნა

მოსკოვმა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს რუსეთში, ჯონ სალივანს გადასცა რუსეთის მიერ წამოყენებული უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ამერიკის მიერ გაგზავნილი წერილობითი პასუხის პასუხი.

„ჩვენ ვაცხადებთ, რომ ამერიკულმა მხარემ არ გასცა კონსტრუქციული პასუხი რუსეთის მხარის მიერ შეერთებულ შტატებთან უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმების პროექტის ძირითადი ელემენტების შესახებ“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელსაც რუსული Ria novosti ავრცელებს.

Ria novosti-ს თანახმად, რუსული მხარე განმარტავს, რომ საბაზისო ელემენტებში მოიაზრება ნატოს შემდგომი გაფართოების აკრძალვა, „ბუქარესტის ფორმულის“ გაუქმება და საბჭოთა კავშირის ყოფილი რესპუბლიკების ტერიტორიებზე სამხედრო ბაზების შექმნის აკრძალვა. ასევე, ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურის 1997 წლამდე არსებულ პოზიციებზე დაბრუნება.

„ამერიკული მხარის მზადყოფნის არარსებობის შემთხვევაში, რომ მხარეები შეთანხმდნენ მტკიცე, იურიდიულად სავალდებულო გარანტიებზე, რათა უზრუნველყონ უსაფრთხოება, რუსეთი იძულებული იქნება იმოქმედოს, მათ შორის სამხედრო-ტექნიკური ხასიათის ღონისძიებების განხორციელებით. “, – ნათქვამია ტექსტში.

ტექსტის თანახმად, „უკრაინაში შეჭრა“ დაგეგმილი არ არის.

„ბრალდებები ესკალაციისას რუსეთის პასუხისმგებლობის შესახებ არ შეიძლება განხილული იქნას სხვაგვარად, გარდა მცდელობისა, გააუფასურონ რუსეთის შეთავაზებები უსაფრთხოების გარანტიების შესახებ“, – აცხადებს რუსული მხარე.

რუსული მხარის თანახმად, იმისათვის, რათა გადაიჭრას ვითარება, აუცილებელია კიევმა შეასრულოს მინსკის შეთანხმება და დასავლეთმა უნდა შეწყვიტოს უკრაინის იარაღით მომარაგება. ასევე გაიწვიოს საკუთარი სამხედრო ინსტრუქტორებიც.

„ნატოსა და ამერიკის შეერთებული შტატების გაზრდილი სამხედრო აქტივობა რუსეთის საზღვართან შემაშფოთებელია მაშინ, როდესაც ჩვენი „წითელი ხაზები“ და ინტერესები, ისევე როგორც რუსეთის სუვერენული უფლება, დაიცვას ის, კვლავ იგნორირებულია“, – წერია ტექსტში.

მანამდე აშშ-მა და ნატომ რუსეთის მოთხოვნებზე წერილობითი პასუხები რუსულ მხარეს გადასცეს, სადაც, მათ შორის, ნათქვამი იყო, რომ ნატოს „ღია კარის“ პოლიტიკა არ გადაიხედებოდა.

მინსკის პირველ და მეორე შეთანხმებას, იგივე მინსკის პროტოკოლს, 2014-2015 წლებში მოეწერა ხელი უკრაინის, რუსეთის ფედერაციისა და ეუთოს მიერ. შეთანხმებას, რომელსაც უკრაინაში საომარი მოქმედებები უნდა დაესრულებინა, მედიატორობდა საფრანგეთი და გერმანია.

მინსკის შეთანხმება, მიუხედავად იმისა, რომ არ განსაზღვრავს ლუგანსკისა და დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების სტატუსს, ასევე ხელმოწერილია თვითგამოცხადებული ლიდერების მიერაც.

შეთანხმების თანახმად, ქვეყანაში დეცენრალიზაციის მიმართულებით საკონსტიტუციო ცვლილებები უნდა გატარდეს და ლუგანსკისა და დონეცკის რესპუბლიკების სტატუსი განისაზღვროს.

ექსპერტთა შეფასებით, რუსეთის მიზანია, მინსკის შეთანხმების შესრულებით  მოხდეს უკრაინის ფედერალიზაცია, რა დროსაც დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკებს კიევის მიერ მიღებულ საგარეო გადაწყვეტილებებზე ვეტოს უფლება ექნებათ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი