ახალი ამბები

პირი რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოადგილე გახდეს, პრეზიდენტმა უნდა წარადგინოს – გვენეტაძე

17 თებერვალი, 2022 • 2273
პირი რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოადგილე გახდეს, პრეზიდენტმა უნდა წარადგინოს – გვენეტაძე

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე აცხადებს, რომ არ ფლობს ინფორმაციას მედიაში გავრცელებულ, ჯერჯერობით დაუდასტურებელ ცნობებზე, რომლის თანახმადაც ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ნათია თურნავა ეროვნულ ბანკში გეგმავს საქმიანობის გაგრძელებას.

„მე ამაზე არანაირი ინფორმაცია არა მაქვს“, – განუცხადა კობა გვენეტაძემ ჟურნალისტებს და თქვა, რომ მასთან ამ საკითხზე არანაირი კონსულტაციები არ გაუმართავთ.

ჟურნალისტების დამაზუსტებელ კითხვაზე, რომლის თანახმადაც იგეგმება თურნავას დანიშვნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოადგილის პოსტზე, გვენეტაძემ განაცხადა:

„იმისათვის, რომ პიროვნება გახდეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოადგილე, ის ჯერ უნდა გახდეს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის კანდიდატურის წარდგენას აკეთებს საქართველოს პრეზიდენტი“.

ნათია თურნავამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობა 9 თებერვალს, პოსტზე ყოფნის თითქმის სამი წლის შემდეგ დატოვა.

მას არ დაუზუსტებია, სად გააგრძელებს საქმიანობას, თუმცა განაცხადა:

„მაქვს სურვილი, შევიცვალო სფერო, სხვა ასპარეზზე მოვსინჯო ძალები. ვრჩები ჩემი გუნდის ერთგულ წევრად. ვიხილავთ რამდენიმე მიმართულებას, კონკრეტიკა არ არის“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს.

კობა გვენეტაძე 2016 წლიდან იკავებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტს. იგი მანამდე Galt and Taggart-ის (საქართველოს ბანკთან აფილირებული კომპანია) მრჩეველი იყო ეკონომიკურ საკითხებში, ხოლო 2002-2015 წლებში ეკავა უფროსი ეკონომისტის თანამდებობა საერთაშორისო სავალუტო ფონდის შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტში, ვაშინგტონში.

გვენეტაძეს უფლებამოსილება 2023 წლის მარტში ეწურება.

ჯერჯერობით დაუდასტურებელი ინფორმაციით, თურნავა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტზე განიხილება.

მასალების გადაბეჭდვის წესი