ახალი ამბები

“დიდხანს არ მოუწევთ ლოდინი” – კობახიძე გახარიაზე ცნობებს აანონსებს

17 თებერვალი, 2022 •
“დიდხანს არ მოუწევთ ლოდინი” – კობახიძე გახარიაზე ცნობებს აანონსებს

„ქართული ოცნების“ თავმდჯომარე ირაკლი კობახიძე გიორგი გახარიასთან დაკავშირებით „პოლიტიკურ განცხადებას“ აანონსებს.

მისი თქმით, გახარიას დიდხანს ლოდინი არ მოუწევს და „გარკვეული უხერხულობის“ მოხსნის შემდეგ მმართველი პარტია განცხადებას გააკეთებს.

„რაც შეეხება ლოდინს, დიდხანს არ მოუწევთ ლოდინი ამ დეტალებთან დაკავშირებით. რაც შეეხება ფაქტებს და მტკიცებულებებს, ფაქტები და მტკიცებულებები თავად წარმოადგინეს, მათ შორის, რამდენიმე კვირის განმავლობაში, როდესაც 4 მუნიციპალიტეტში შეკრეს ღია კოალიცია, მეტი ფაქტი და მტკიცებულება არავის სჭირდება.  არჩევნების წინ იყო შოკის მომგვრელი. მაგაზეც არ მოუწევთ დიდხანს ლოდინი. ალბათ, შეიძლება რამდენიმე თვე დასჭირდეს. არსებობს გარკვეული უხერხულობა დაკავშირებული ამასთან და როცა ეს უხერხულობა მოიხსნება, მაშინვე გავაკეთებთ განცხადებას“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, ეს მხოლოდ პოლიტიკური განცხადება იქნება და არა სამართლებრივი პროცესის დაწყება.

„საინტერესო იქნება ძალიან საზოგადოებისთვის. მე მგონია, რომ საზოგადოებამ დეტალებზე სრული სიმართლე უნდა იცოდეს. დღეს, სამწუხაროდ, ვერ ვამბობ, მაგრამ მინიმუმ იქნება უაღრესად საინტერესო ეს ინფორმაცია. დიდხანს არ გაგრძელდება. პრემიერობის პერიოდსაც შეიძლება ეხებოდეს, შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდსაც და 17-18 თებერვალსაც შეიძლება ეხებოდეს“, – განაცხადა კობახიძემ.

გუშინ, 16 თებერვალს, ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსთან“ განაცხადა, რომ „დადგება დრო, როდესაც „ქართული ოცნება“ იტყვის, რა მოხდა და რატომ გადადგა კონკრეტული ნაბიჯები ექსპრემიერმა გიორგი გახარიამ“.

დადგება დრო, როცა ვიტყვით, რა მოხდა — კობახიძე გახარიაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი