ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, მარეკ შჩიგელი გენადი ბესტაევის გარდაცვალებას გამოეხმაურა.
“ღრმად ვარ დამწუხრებული შეტყობინებით ბატონ გენადი ბესტაევის გარდაცვალების შესახებ და მსურს, გულწრფელი სამძიმარი გამოვუცხადო მის ოჯახს”.
როგორც მისიის ხელმძღვანელი წერს, “საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია აკვირდებოდა ბესტაევის საქმეს მას შემდეგ, რაც პირველად გახდა ცნობილი მისი დაკავების შესახებ. მისი დაკავების პერიოდში ხელს უწყობდა კომუნიკაციას მის საქმესთან დაკავშირებით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მართული ცხელი ხაზის მეშვეობით, მათ შორის, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ასევე, ხელი შეუწყო მის გადმოყვანას ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე”.
“მინდა კიდევ ერთხელ გავაკეთო მოწოდება ჰუმანიტარული მიდგომისკენ დაკავების ყველა შემთხვევასთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ აღვნიშნო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მზადყოფნა, ხელი შეუწყოს ძალისხმევას ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე გადაადგილების თავისუფლების აღდგენის მიზნით, განსაკუთრებით, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში”.
გენადი ბესტაევი, რომელიც საკუთარი სახლიდან გაიტაცეს, მოგვიანებით კი ცხინვალის საპყრობილეში ინსულტის მიღების შემდეგ ქართულ მხარეს გადასცეს, დღეს, 16 თებერვალს გარდაიცვალა.
ბესტაევი რუსმა სამხედროებმა საზღვრის კვეთისა და ნარკოტიკების უკანონოდ გადატანის ბრალდებით 2019 წლის 21 ნოემბერს დააკავეს. ბესტაევს ცხინვალში 3 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მან ინსულტი საპყრობილეში ყოფნისას, 2021 წლის 16 ნოემბერს მიიღო, შემდეგ კი თბილისში კომატოზურ მდგომარეობაში მკურნალობდა.