“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა “ქვეყნის დამშვიდებას” ემსახურება.
მისი თქმით, ოპოზიურმა პარტიებმა ნახევარ წელიწადზე მეტი გაატარებინეს ქართულ საზოგადოებას იმაზე საუბარში, თუ რატომ არ უნდა შესულიყვნენ პარლამენტში, ახლა კი ეს ყველაფერი”შემოტრიალებულია”.
კობახიძის თქმით, ეს ადასტურებს იმას, თუ რამდენად მძიმე მდგომარეობაშია ოპოზიცია ჩავარდნილი.
“ადრე ვეხვეწებოდით პარლამენტში შემოსვლას, ახლა ისინი გვეხვეწებიან, რომ არ გავუშვათ პარლამენტიდან. სინამდვილეში ხდება რა – როდესაც პარლამენტის მიერ მიიღება გადაწყვეტილება მანდატის შეწყვეტის თაობაზე, ეს გადაწყვეტილება მიიღება კონკრეტული საფუძვლით. როდესაც ისინი აპროტესტებდნენ ამ გადაწყვეტილებას, უნდა გაიხსენონ ის, თუ ვინ აცდენდა სხდომებს, ვინ სჩადიოდა დანაშაულს, ვინ ახორციელებდა საბოტაჟს და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს არის საფუძველი იმისთვის, რომ შეწყვეტოდათ მანდატები”, – განაცხადა კობახიძემ.
რაც შეეხება სიების აღდგენას, კობახიძის თქმით, ახლა ოპოზიცია თვითონ “ეხვეწება” მათ მიერ ჩახსნილი სიების აღდგენას.
“ესეც მიუთითებს იმაზე, თუ რა მძიმე მდგომარეობაში ჩავაყენეთ რადიკალური ოპოზიცია, რაც არის ძალიან კარგი. მათი მძიმე მდგომარეობა დადებითად აისახება ქართული დემოკრატიის ხარისხზე”, – განაცხადა კობახიძემ.
პარლამენტმა ბადრი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა.