ახალი ამბები

მანდატის გარეშეც გავაგრძელებ ბრძოლას – ჯაფარიძე

15 თებერვალი, 2022 • 889
მანდატის გარეშეც გავაგრძელებ ბრძოლას – ჯაფარიძე

“პარლამენტს გარეთ დავრჩები იმ იდეალების ერთგული, რომლის ერთგულიც ვარ ჩემი პოლიტიკური მოღვაწეობის განმავლობაში”, – ამის შესახებ “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

ჯაფარიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც მისთვის მანდატის შეწყვეტის საკითხს განიხილავენ, განაცხადა, რომ ბრძოლას დეპუტატის მანდატის გარეშეც გააგრძელებს.

მისი თქმით, მისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა ბრძოლის მოტივაციას ზრდის.

“ამ დარბაზში ყველაზე ბედნიერი წუთი მაქვს განცდილი, როდესაც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აქტს მოვაწერე ხელი. ასევე ნანახი მაქვს ეს დარბაზი აოხრებული. როდესაც სახელმწიფო გადატრიალება მოხდა, მაშინ შემიწყვიტეს უფლებამოსილება, ახლა ეს განმეორება თუ მოხდა, ცხადია, რომ ეს იქნება იგივე, ოღონდ ამ შემთხვევაში არ იქნება გამოყენებული სახელმწიფო გადატრიალება, ამ შემთხვევაში გამოყენებული იქნება პულტები…

თუმცა ჩემთვის შინაარსობრივად ეს არაფერს ცვლის. ჩვენი ამოცანა, ჩვენი სულისკვეთება არ შეიცვლება, სადაც არ უნდა ვიყო, პარლამენტში თუ პარლამენტს გარეთ, ჩემი ქვეყანა და თანამოქალაქეები იქნება ჩემი მთავარი პრიორიტეტი. მანდატის გარეშეც გავაგრძელებ ბრძოლას, იმისათვის, რომ ამ ქვეყანაში დადგეს ცვლილებები, რომელიც თითოეულ ჩვენს მოქალაქეს სჭირდება. იმიტომ, რომ ქვეყანა ამ მდგომარეობაში დიდხანს ვერ გაძლებს. ჩვენ ვერ გაგვტეხავს ვერანაირი გადაწყვეტილება. მათ შორის, ჩემი მანდატის შეწყვეტის გადაყწვეტილება არ შეამცირებს ჩვენს სულისკვეთებას, პირიქით, გააძლიერებს მოტივაციას იმისათვის, რომ გავაგრძელოთ ბრძოლა ამ ქვეყნის ნათელი მომავლისთვის და ევროპულ ოჯახში დაბრუნებისთვის”, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო.

საუბარია თბილისის საქალაქო სასამართლოს 12 იანვრის გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც, „ფულის გათეთრების საქმეზე“ ბრალდებულ მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და ავთანდილ წერეთელს წაყენებული ბრალი თაღლითობად გადაუკვალიფიცირა და თითოეულს 7 წლით პატიმრობა შეუფარდა, თუმცა ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო სამივე მათგანი სასჯელისგან გათავისუფლდა.

მოსამართლე გიორგი არევაძემ გააუქმა ყველა ის შეზღუდვა, რაც სამივე ბრალდებულის მიმართ პროკურატურის მოთხოვნით იყო დაწესებული — გააუქმა მათ ქონებასა და საბანკო ანგარიშებზე დადებული ყადაღა, ასევე გაუქმდა მათთვის დაწესებული შეზღუდვა ქვეყნის გარეთ მოგზაურობაზე.

“ლელოს” წევრის, დავით უსუფაშვილის თქმით, ჯაფარიძისთვის მანდატის შეწყვეტა “ფეიქ” პოლიტიკური მართლმსაჯულების აღსრულებაა.

„იმედი მქონდა, რომ ამ საპარლამენტო მოწვევის საქმიანობის განვლილ წელიწადნახევარში ყველა გავიაზრებდით და დავინახავდით, რომ პარლამენტში საჭიროა მუშაობა და არა ხელების გადაგრეხვა, არა ვიწროპარტიული ინტერესების მიღწევა. მაგრამ, დღეს, როგორც ჩანს, ამ დარბაზში კვლავ ამის მანიფესტაცია შედგება. მინდა, რამდენიმე მნიშვნელოვანი კომპონენტი შევახსენო ჩემს კოლეგებს უმრავლესობიდან. განსაკუთრებით, მათ, ვისაც არ სჯერა, რომ ბადრი ჯაფარიძის მანდატის მსხვერპლად შეწირვა სამშობლოსთვისაა აუცილებელი – ვხედავ მე აქ ხალხს, ვინც ასე უყურებს საქმეს და ასე წარმოუდგენია, რომ ქვეყნისთვისაა საჭირო.

იმ ხალხს მივმართავ, ვინც კარგად იცის, რომ სამი წლის განმავლობაში საქართველოში საზოგადოება იყო მოწმე სწორედ „ფეიკ“ სასამართლო პროცესის. სამი წლის განმავლობაში, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ფულის გათეთრებას ედავებოდნენ სწორედ „ფეიკ“ ბრალდებით. რატომ? იმიტომ, რომ სხვა ვერაფერში ბრალს ვერ დასდებდნენ და პროკურორმა უარი თქვა სხვა მუხლებში ბრალის დადებაზე, რომელზეც მერე სასამართლომ დააფუძნა განაჩენი. ვინც შემძლე ბრძანდებით, რომ დაინახოთ სწორედ ეს „ფეიკ“ მართლმსაჯულება, რომელმაც შვა ის ქაღალდი, რომელსაც ახლა ჰქვია განაჩენი და რომელშიც წერია, რომ ბადრი ჯაფარიძე დამნაშავეა იმაში, რაც დანაშაული არ არის. ჯაფარიძეს ფულის გათეთრებას ედავებოდნენ „ფეიკ“ ბრალდებით, იმიტომ, რომ სხვა ვერაფერში ბრალს ვერ დასდებდნენ და პროკურორმა უარი თქვა სხვა მუხლებში ბრალის დადებაზე, რაზეც სასამართლომ დააფუძნა განაჩენი, სადაც წერია, რომ ბადრი ჯაფარიძე დამნაშავეა იმაში, რაც დანაშაული არ არის“,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ფრაქცია “ქართული ოცნების”თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის თქმით, ხანდაზმულობა ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას არ ნიშნავს.

“თქვენ რომ მოიპაროთ ტელეფონი და ეს გაირკვეს 20 წლის შემდეგ, ამ ტელეფონის მფლობელი მოგთხოვთ ანაზღაურებას თუ ვერ? ე.ი. არ ათავისუფლებს ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან. ხალხს რომ ატყუებთ, ხანდაზმულობა არ ნიშნავს იმას, რომ თავისუფლდება ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან. თავისუფლდება სასჯელისგან! სისხლის სამართლებრივი სანქციისგან თავისუფლდება”, – განაცხადა მდინარაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი