ახალი ამბები

კომიტეტმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ორივე კანდიდატურას გაუწია რეკომენდაცია

14 თებერვალი, 2022 •
კომიტეტმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ორივე კანდიდატურას გაუწია რეკომენდაცია

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილ ორივე კანდიდატურას გაუწია რეკომენდაცია.

დღეს, 14 თებერვალს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მოუსმინეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილ კანდიდატებს – ემზარ გაგნიძესა და კოკა კაციტაძეს.

ემზარ გაგნიძე 2021 წლის აგვისტოდან დღემდე მუშაობს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორის მოადგილედ, ხოლო კოკა კაციტაძე, 2019 წლიდან დღემდე – საქართველოს გენერალური პროკურატურის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსად.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელებს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე აირჩევს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით 6 წლის ვადით ირჩევს.

1 მარტიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში იქმნება ორი — სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა ლელა ჯანაშვილის კანდიდატურას.

მასალების გადაბეჭდვის წესი