ახალი ამბები

დამოუკიდებლობაზე შეკითხვა ჩემს დისკრედიტაციას ემსახურება – კაციტაძე

14 თებერვალი, 2022 •
დამოუკიდებლობაზე შეკითხვა ჩემს დისკრედიტაციას ემსახურება – კაციტაძე

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილი კანდიდატი კოკა კაციტაძე აცხადებს, რომ დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით კითხვები მის დისკრედიტაციას ემსახურება.

ამის შესახებ მან დღეს, 14 თებერვალს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განაცხადა, სადაც მას უსმენენ. კაციტაძეს „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარემ, ხატია დეკანოიძემ უთხრა, რომ მისი საპროკურორო საქმიანობის გათვალისწინებით, თავიდანვე არ განასახიერებდა დამოუკიდებელ ფიგურას და ჰკითხა, როგორ შეძლებდა დამოუკიდებლობის შენარჩუნებას.

კაციტაძის თქმით, მის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით კითხვები უსაფუძვლოა მხოლოდ იმის გამო, რომ ის პროკურატურაში მუშაობს. მისი თქმით, მოქმედი სახელმწიფო ინსპექტორიც ყოფილი პროკურორია.

„თუ ამ სამსახურმა, რომელსაც ყოფილი პროკურორები ხელმძღვანელობდნენ, დამოუკიდებლად იმუშავა და თქვენი მოწონება დაიმსახურა, მაშინ ჩემთან მიმართებით ეს ლოგიკა რატომ მუშაობს საწინააღმდეგოდ? აბა, საიდან უნდა მიდიოდეს საგამოძიებო ორგანოში თანამშრომელი?! პროკურატურაში არიან ყველაზე მაღალკვალიფიციური სისხლის სამართლის სპეციალისტები, რომელთაც აქვთ გამოცდილება საგამოძიებო მიმართულებით.

ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს შეკითხვა ემსახურებოდა არა ჩემს ხედვასა და სტრატეგიას, არამედ ჩემს დისკრედიტაციას და თვითონ პროცესის დისკრედიტაციას. მე რომ დამოუკიდებელი არ ვიქნები, ამას არათუ საფუძველი არ აქვს, ლოგიკაც კი არ არის ამაში. მაგრამ ყველაზე ცუდი არის ის, რომ ჩემს დისკრედიტაციას ცდილობთ, ყველაზე ცუდი არის ის, რომ იმ ადამიანებში და მოქალაქეებში ტოვებთ ნიჰილიზმის განცდას, რომლებიც მას უსმენენ“, – განაცხადა კაციტაძემ.

1 მარტიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში იქმნება ორი — სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა ლელა ჯანაშვილის კანდიდატურას.

მასალების გადაბეჭდვის წესი