ახალი ამბები

ენერგო-პრო– მონოპოლია და ვარაუდით განსაზღვრული გადასახადი

1 მარტი, 2010 • 2029
ენერგო-პრო– მონოპოლია და ვარაუდით განსაზღვრული გადასახადი

“ენერგო-პრო ჯორჯია” მომხმარებლის ბრალდებებისგან თავდაცვის მიზნით ხშირად მიუთითებს სემეკის დადგენილებაზე. “მარეგულირებელმა კომისიამ ასე განსაზღვრა”, _ დაახლოებით ასე ჟღერს ყველა ის განცხადება, რომელიც “ენერგო-პროს” წარმომადგენლებმა მას შემდეგ გააკეთეს, რაც მოსახლეობამ კომპანიის სანქციები ბათუმში ქუჩაში გამოსვლით, გზების გადაკეტვითა და აქციებით გააპროტესტა.

 საუბარია საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის ¹9 დადგენილებაზე, რომელიც ინდივიდუალური მრიცხველის გარეშე მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის დადგენის წესს განსაზღვრავს. დოკუმენტი 2007 წლის 30 მაისსაა დამტკიცებული.

“ვიცი, რომ ელექტრიკოსებს აქვთ დავალება ამა თუ იმ უბნიდან კონკრეტული თანხის ამოღებაზე. ჰო და რა უნდა ქნან, საკუთარი ჯიბიდან ხომ ვერ გადაიხდიან ამ თანხას. შესაბამისად, ანაწილებენ უბანზე, _ განაცხადა ერთ-ერთმა რესპონდენტმა, რომელმაც საკუთარი ვინაობა არ დაასახელა. _ არ მინდა ვინმეს სამსახურში პრობლემა შევუქმნა. გთხოვთ, არც ჩემი სოფლის სახელი დაწეროთ, თორემ მიხვდებიან”.

ფიქსირებული გადასახადების რეალურობაში ეჭვი ეპარებათ მახვილაურშიც, რის გამოც მათ საერთო მრიცხველის ტექნიკური შემოწმება მოითხოვეს. კომპანიის წარმომადგენლები კი ვარაუდით შემოიფარგლნენ. “გვითხრეს, რომ შესაძლოა, რომელიმეს “ლევი” ხაზი გაქვთო. კი, მაგრამ რატომ ვერ არკვევენ 120-კომლიან უბანში, ვის აქვს “ლევი?” ვიცით, რომ ზედმეტსაც გვაწერენ, მაგრამ ხშირად ეს წარმოუდგენელი თანხაა. მე პარალელური მრიცხველი მაქვს სახლში და შემიძლია გითხრათ, რომ განსხვავება ძალიან დიდია”, _ აცხადებს დაბა მახვილაურის მცხოვრები, გოჩა დევაძე.  

 სოფელ ვარშალომიძეებში კი ენერგო-პროსთან მხოლოდ ერთი თხოვნა აქვთ: “როცა კომპანიის წარმომადგენელი მოვა და იმ ყუთს გახსნის, იქნებ გვანახოს, რა წერია მრიცხველზე და საიდან ადგენენ ამ გადასახადებს”. 

“მე და ჩემი შვილი ვმუშაობთ _ მთელი დღე გასულები ვართ, სახლში რძალი და ბავშვია. საჭმელსაც კი შეშის ღუმელზე ვამზადებთ. მხოლოდ მაცივარს, ტელევიზორს და ორ ნათურას ვრთავთ, მაგრამ გადასახადი წინა თვეში 100 ლარი მოგვივიდა, ამ თვეში _ 102 ლარი. არ მგონია, ეს ნორმალური იყოს, ჩემი ბიჭი რამდენჯერაც მივიდა ამბის გასარკვევად, იმდენჯერ წაეჩხუბნენ”, _ აცხადებს სოფელ ვარშალომიძეების მკვიდრი, ლიანა დიასამიძე.  

 სემეკის დადგენილებით, მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში, კომპანია ვალდებულია მოთხოვნიდან ერთ თვეში შეამოწმოს საერთო მრიცხველის გამართულობა და შეადგინოს აქტი მისი გამართულობის ან გაუმართაობის შესახებ. მომხმარებელს უფლება აქვს დაესწროს მრიცხველის შემოწმებასაც.

თუმცა იმავე დადგენილების მეხუთე მუხლის მეოთხე პუნქტში მითითებულია, რომ იმ შემთხვევაში, თუ მიმართვიდან ერთ თვეში მრიცხველი გამართულად არ ცნეს, ან მომხმარებელი არ მიიღებს წერილობით პასუხს მისი გაუმართაობის შესახებ, ხელსაწყო გამართულად ჩაითვლება.

დადგენილების თანახმად, მოთხოვნის შემთხვევაში, საერთო მრიცხველიდან ჩვენება შესაძლებელია მომხმარებლის თანდასწრებით აიღონ. თუმცა როგორც მოსახლეობა ამბობს, კომპანია მათ ამ მოთხოვნას ხშირ შემთხვევაში არ ითვალისწინებს.

სოფელ მახვილაურში განაცხადეს, რომ უბანი მხოლოდ სამი აბონენტის დავალიანების გამოც გაუთიშიათ. სემეკის დადგენილებით კი ენერგო-პროს ამის უფლება არ აქვს, საერთო მრიცხველზე აღრიცხული ელექტროენერგიის საფასურის სრულად და დროულად გადაუხდელობის გამო კომპანიას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია გათიშოს უბანი, როცა დადასტურდება, რომ დავალიანების მქონე მომხმარებლის 50 პროცენტზე მეტი ელექტროენერგიას იპარავს “ლევი ხაზით”. თანაც, ეს ფაქტი კომპანიამ დოკუმენტაციით უნდა დაადასტუროს.

 ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენის მოთხოვნით, გასული წლის 30 დეკემბერს, სოფელ შავლიძეების მოსახლეობამ ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტა. მათ უმრავლესობას მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის დაფარვის დოკუმენტი თან ჰქონდა. ამის მიუხედავად შუქის მიწოდება მთელ სოფელს შეუწყვიტეს. “ახალი წლის შესახვედრად ვემზადებოდით. ბათუმი ჭრელა-ჭრულად იყო განათებული, ჩვენ კი შუქი გადაგვიჭრეს, ბავშვებისთვის ნამცხვარი ვერ გამოვაცხვეთ. სხვათა შორის, დავალიანება არ გვქონდა”, _ გვითხრა ახალგაზრდა ქალმა სოფელ შავლიძეებში.

ამ შემთხვევაში კომპანიამ დადგენილება დაარღვია, რადგან მხოლოდ ის აბონენტები უნდა გამოერთო, რომლებსაც დავალიანება ჰქონდათ. თანაც, დადგენილებით მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა არ შეიძლება დღესასწაულებზე ან მათ წინა დღეს, ასევე შაბათ-კვირას ან ღამის საათებში.

არსებობს კიდევ ერთი საგულისხმო დეტალი _ დადგენილების თანახმად, თუ საერთო მრიცხველის ჩვენება, დანაკარგის გამოკლებით, აღემატება ინდივიდუალური მრიცხველების ჩვენებების ჯამს, ანუ ჩნდება ეჭვი, რომ რომელიმე აბონენტი ელექტროენერგიას “იპარავს”, მაშინ კომპანიას უფლება აქვს, დარღვევის ფაქტის აღმოჩენამდე, განსხვავება ყველა მომხმარებელს თანაბრად დააკისროს.

კომპანიის აჭარის ფილიალის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელი, გიორგი სურმავა: “მოსახლეობას ხშირად უსაფუძვლო პრეტენზია აქვს, გადასახადის გადახდა არ უნდათ. ყველა მრიცხველი გამართული რომ არ იყოს, რატომ ავიღებდით პასუხისმგებლობას?

რაც შეეხება 120-კომლიანი უბნის გამორთვას სამი აბონენტის გამო, ასეთი შემთხვევა არ არსებობს. რა იციან, რომ ნამდვილად სამს აქვს გადასახადი და არა მეტს? ახალ წლამდე მხოლოდ ხელვაჩაურს 800 ათასი ლარი ჰქონდა დავალიანება. და თუ ხუთიდან ოთხს არ აქვს გადახდილი დავალიანება, უფლება გვაქვს გავთიშოთ ეს უბანი. ბევრი ამბობდა, არ გადავიხდიო _ რატომ არ გადაიხდის, მაგარია?…

მათ უფლება აქვთ დაესწრონ ჩვენების აღებას და ამაზე უარს არავინ ეტყვით, მაგრამ მთელ სოფელს ხომ ვერ მოვუყრით თავს? შეიძლება რომელიმე ვერ დაესწროს და მერე ჟურნალისტს უთხრას, რომ ის არ ყოფილა. მოსახლეობას შევთავაზეთ ჰყოლოდათ თავიანთი წარმომადგენელი, სანდო პირი, ვთქვათ მეზობელი ან ნათესავი, ვინც კომუნალურ მრიცხველებს შეამოწმებდა და გადასახადებსაც შესაბამისად დაიანგარიშებდნენ. ბევრ უბანზე ეს მოხერხდა, ბევრგან _ არა. რაც შეეხება ძველ მრიცხველებს, მათ ჩვენ არ ვაღიარებთ, ჩვენი ორგანიზაცია პასუხისმგებელი საერთო მრიცხველის მუშაობაზეა”.

სემეკის დადგენილებით, ენერგო-პროს ინდივიდუალური გამრიცხველიანება ათ წელში უნდა დაემთავრებინა. შემდეგ ეს ვადა ხუთ წლამდე შეამცირეს. კონკრეტული ინფორმაცია, თუ რა ვადებში დასრულდება ეს პროცესი აჭარაში, ჯერჯერობით, ენერგო-პროში არ იციან.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი