პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პოსტზე ლელა ჯანაშვილის კანდიდატურას დაუჭირა მხარი.
ლელა ჯანაშვილმა საკომიტეტო მოსმენაზე მხარდაჭერა გამოხატა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაყოფასთან დაკავშირებით. მისი თქმით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ორ ფუნქციას შორის წინააღმდეგობას მაშინაც ხედავდა, როდესაც ეს სამსახური შეიქმნა.
„იყო ერთგვარი საფრთხე, რომ ერთი მხრივ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, რომელიც ახორციელებს კანონიერების დაცვას პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე, მათ შორის პროკურატურის ორგანოებში, და მეორე მხრივ, პროკურატურის ორგანოები მას უწევენ პროცესუალურ ზედამხედველობას საგამოძიებო პროცესის წარმართვაზე. ეს გაყოფა მიმაჩნია მნიშვნელოვნად, რომ ამაღლდეს ორივე სამსახურის, ამ შემთხვევაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობის და ნეიტრალიტეტის ხარისხი“,- განაცხადა ლელა ჯანაშვილმა.
1 მარტიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ნაცვლად ორი — სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის — სამსახური იქმნება. პრემიერ-მინისტრის მიერ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე პარლამენტისთვის წარდგენილია ლელა ჯანაშვილისა და თამარ ალფაიძის კანდიდატურები, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის უფროსის პოსტზე კი — ემზარ გაგნიძისა და კარლო კაციტაძის. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელის კანდიდატურებს უკვე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მოუსმენენ.