9 თებერვალს ფეისბუქზე გავრცელდა თბილისში გადაღებული ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ცდილობს მძღოლი საკუთარი მანქანით მეორე ავტომობილის ცეცხლმოკიდებული სივრციდან გაყვანას, რომელსაც ასევე ცეცხლი უკიდია.
ამ ტერიტორიაზე ბევრი ადამიანი გადაადგილდება. იქვეა მაღაზიები, სამრეცხაო, მეტრო, სამარშრუტო ტაქსების გაჩერება და სხვა ობიექტები.
ამ კადრების მთავარი გმირი 45 წლის დავით პირადაშვილია, რომლის სწრაფმა რეაგირებამაც “ტოიოტა პრიუსის” ფირმის ავტომანქანა სრულად დაწვას, ან უკიდურეს შემთხვევაში აფეთქებას გადაარჩინა.
დავითი “ნეტგაზეთს” უყვება, რომ პარკინგიდან ამოსვლისას ცეცხლმოკიდებული ავტომობილი დაინახა, პირველი რეაქცია კი იყო “პრიუსის” ხანძრის ზონიდან გარიდება:
“[სახანძროს გამოსაძახებლად] ტელეფონზე დარეკვის დრო არ მქონდა. რაც შემეძლო და რაც ძალიან სასწრაფოდ გასაკეთებელი იყო, იყო იმ მანქანის ცეცხლიდან გარიდება იმიტომ, რომ აფეთქდებოდა. შეიძლება, ნახევარი წუთიც არ დასჭირვებოდა მის აფეთქებას და სერიოზულად დააზიანებდა ხალხს.
მეგობრებს ვუთხარი, წყალი მოიტანეთ-მეთქი და მე მანქანა გავათრიე, მათ წყალი მოიტანეს და ჩააქრეს”, — უთხრა დავითმა ნეტგაზეთს.
პირადაშვილი განმარტავს, რომ სახანძროს გამოძახების შემდეგ ეკიპაჟი “მაქსიმალურად მოკლე დროში მივიდა”, თუმცა მანამდე მან და მისმა მეგობრებმა შეძლეს ცეცხლმოკიდებული მანქანის ადგილიდან გარიდება და, სავარაუდოდ, მისი აფეთქებაც აიცილეს თავიდან.
რაც შეეხება მის კუთვნილ ავტომობილს, პირადაშვილის თქმით, მანქანა გარედან დაზიანდა, თუმცა სერიოზული დაზიანებები არ აქვს.
“მანქანაზე ძვირფასი ადამიანის სიცოცხლე მგონია”, — მიიჩნევს დავითი.