ახალი ამბები

მართლმსაჯულების რეფორმა ჩავარდა, საარჩევნო — არასაკმარისია | NGO-ები მიშელის დოკუმენტზე

9 თებერვალი, 2022 • 891
მართლმსაჯულების რეფორმა ჩავარდა, საარჩევნო — არასაკმარისია | NGO-ები მიშელის დოკუმენტზე

ოთხმა არასამთავრობო ორგანიზაციამ — „ღია საზოგადოების ფონდმა“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველომ“, „სამართლიანმა არჩევნებმა“ და „საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ“ — შარლ მიშელის სახელით ცნობილი დოკუმენტის „მომავლის გზა საქართველოსთვის“ პირობების მონიტორინგის შედეგები წარმოადგინა.

ორგანიზაციების შეფასებით, მართლმსაჯულების რეფორმა სრულად ჩავარდა და ყველაზე დიდ პრობლემად რჩება. გარდა ამისა, არასაკმარისი აღმოჩნდა საარჩევნო რეფორმისთვის გადადგმული ცალკეული ნაბიჯები. შეთანხმების მიუხედავად, დღემდე ვერ შეიქმნა ევროპის პარლამენტთან „ჟან მონეს დიალოგის“ ფორმატი.

ანგარიშის თანახმად, 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისიწნებული საკითხებიდან ნაწილობრივ შესრულდა პოლიტიკურ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირება — საპატიმრო დაწესებულება დატოვეს გიორგი რურუამ და ნიკა მელიამ, ცვლილებები შევიდა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტშიც, თუმცა დღემდე გაურკვეველია, როგორ განვითარდება მოვლენები „ამნისტიის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით, რომელიც 2019 წლის 19-21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას უნდა შეეხოს.

ნაწილობრივ შესრულებულად აფასებენ არასამთავრობო ორგანიზაციები ამბიციური საარჩევნო რეფორმის ნაწილსაც. შეთანხმების თანახმად, ყველა მომავალი საპარლამენტო არჩევნები იქნება სრულად პროპორციული, შემდეგი ორი საპარლამენტო არჩევნები იქნება ბუნებრივი ბარიერიდან 2%-მდე. შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებები საქართველოს პარლამენტმა 7 სექტემბერს, პირველი მოსმენით მიიღო, თუმცა შემდეგ პროცესი შეჩერდა. “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ამ ცვლილებების მიღების აუცილებლობა არ არსებობს, კანონპროექტის განხილვა არ გრძელდება და “ბევრი რამ იქნება დამოკიდებული სხვადასხვა სუბიექტის ქცევასა და ქმედებებზე”. კობახიძის თანახმად, 2%-იანი ბარიერი შეიძლება იყოს მმართველი გუნდის კეთილ ნებაზე დამოკიდებული “საჩუქარი” პარტიებისთვის, ისიც- 2024 წლიდან.

ანგარიშის თანახმად, ეს პუნქტი ნაწილობრივ შესრულდა, ისევე როგორც ცენტრალური, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების ნაწილი. არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშზე მუშაობა გასული წლის სექტემბერში დასრულდა. შესაბამისად, მასში შესრულებულად არის შეფასებული ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესთან დაკავშირებული შეთანხმება, რომლის თანახმადაც, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევის პირველ ორ მცდელობას პარლამენტის სრული შემადგენლობის 2/3-ის მხარდაჭერა სჭირდება, მესამე მცდელობას — ⅗, ხოლო, შემდგომ მცდელობებს — ხმების უბრალო უმრავლესობა.

თუმცა დეკემბერში პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს პროფესიული წევრების არჩევის წესი გაამარტივა — თუ აქამდე ოთხი კენჭისყრა იყო საჭირო, ორი კენჭისყრის ჩატარება საკმარისი იქნება.

ანგარიშის თანახმად, არ შესრულდა 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულება ამბიციური სასამართლო რეფორმის გატარების შესახებ.

„2021 წლის საგაზაფხულო სესიის განმავლობაში „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებები ერთხელ, არასამთავრობო სექტორის მონაწილეობის გარეშე, დაჩქარებული წესით და ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნის მიღებამდე შევიდა. 2021 წლის 29 ივნისს კიკონსტიტუციაში ცვლილების პროექტი დარეგისტრირდა. მართალია, პროექტი ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად მომზადდა და მასში მონაწილეობა საპარლამენტო ოპოზიციურმა ძალებმაც მიიღეს, თუმცა 2021 წლის 7 სექტემბერს მმართველმა ძალამ პროკურატურის რეფორმასთან დაკავშირებული საკითხები პროექტიდან სრულად ამოიღო. შესაბამისად, პროექტის შემუშავების პროცესში გარანტირებული ლიმიტირებული ინკლუზიურობა საერთოდ აღარ მიემართება ამ თავით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. ზოგადად, კანონის უზენაესობასა და სასამართლო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები დახურულ კარს მიღმა, ოპოზიციური სპექტრისა და არასამთავრობო სექტორის მნიშვნელოვანი მონაწილეობის გარეშე მიმდინარეობს“, — ნათქვამია დოკუმენტში.

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, არცერთ პუნტქში არ არის შესრულებული პარლამენტში ძალაუფლების გადანაწილების ვალდებულება.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის მედიაციაში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი პირადად ჩაერთო და 2021 წლის 19 აპრილს შედგა შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს პოლიტიკურ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირებას, რის შედეგადაც ნიკა მელია და გიორგი რურუა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდნენ. შეთანხმება ითვალისწინებდა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია “ქართული ოცნება” ნამდვილი პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებდა. გარდა ამისა, დოკუმენტი მოიცავს საარჩევნო და მართლმსაჯულების რეფორმების ჩატარების ვალდებულებას და პარლამენტში ძალაუფლების განაწილებას.

19 აპრილის შეთანხმება, გარდა იმისა, რომ შიდაპოლიტიკური კრიზისის განმუხტვას ემსახურება, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან განხილულია როგორც საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე განსახორციელებელი რეფორმების გზამკვლევი.

2021 წლის 23 ივლის „ქართულმა ოცნებამ“ 19 აპრილის შეთანხმების ანულირების შესახებ განაცხადა, „ნაციონალურმა მოძრაობა“ კი დოკუმენტის ამის შემდეგ შეუერთდა.

„უნდა ითამაშო წესებით და არა წესებთან“ — ჰარცელი მიშელის შეთანხმების შესრულებაზე 

მასალების გადაბეჭდვის წესი