ახალი ამბები

ღარიბაშვილის დავალებით, კვლავ იგეგმება იზოლაციის ვადების შემცირება

8 თებერვალი, 2022 •
ღარიბაშვილის დავალებით, კვლავ იგეგმება იზოლაციის ვადების შემცირება

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი იმსჯელებენ იზოლაციის ვადის შემცირებაზე.

ვადების შემცირებაზე საუბრისას შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ინფიცირების შემთხვევების 95% „ომიკრონის“ შტამზე მოდის, რომელიც ძირითადად მსუბუქი მიმდინარეობით ხასიათდება, შესაბამისად, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად არ იზრდება.

ამასთანავე, პაციენტების უმრავლესობა მკურნალობს ბინაზე და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს ოჯახის ექიმები ახორციელებენ.

იზოლაციის ვადების შემცირებაზე დღეს პრესკონფერენციაზე ისაუბრა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ. მან თქვა, რომ უსიმპტომო პირებისთვის ჯერჯერობით კვლავ ძალაში რჩება 8-დღიანი იზოლაცია.

„თუმცა მიმდინარე კვირის განმავლობაში ექსპერტებთან ერთად ჩვენ ამაზე კვლავ ვიმსჯელებთ. სხვა ქვეყნების გამოცდილება არსებობს, სადაც იზოლაციის ვადა შემცირდა იმ დათქმით, რომ მე-5 დღეს ჩატარდება ტესტი და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში პირმა შეიძლება გააგრძელოს ჩვეული ბიზნესაქტივობა, რა თქმა უნდა, პირბადის გამოყენებით – ეს მოდელები სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედებს.

აქცენტი მეტად კეთდება იმ პროფესიებზე, ვისი დატვირთვაც და სამსახურში დროული დაბრუნება მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კოვიდ პროგრამაში მონაწილე სამედიცინო პერსონალი“, – აცხადებს გაბუნია.

დღეს არსებული პროტოკოლით ასიმპტომური, მსუბუქი შემთხვევებისთვის იზოლაციის ვადა 8 დღეა, ხოლო მძიმედ მიმდინარე შემთხვევებში – 10 დღე.

ამ თემაზე ნეტგაზეთი გირჩევთ:

როცა იზოლაციის დრო გავიდა, მაგრამ მაინც „წითელი“ ხარ

მასალების გადაბეჭდვის წესი