ახალი ამბები

პაპუაშვილი საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად გაერთიანებულ სამეფოს ეწვევა

8 თებერვალი, 2022 • 742
პაპუაშვილი საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად გაერთიანებულ სამეფოს ეწვევა

8-11 თებერვალს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, დელეგაციასთან ერთად, ვიზიტით გაერთიანებულ სამეფოს ეწვევა.

პარლამენტის ცნობით, პაპუაშვილი შეხვედრებს გამართავს თემთა პალატის სპიკერ ლინდსი ჰოილთან, ლორდთა პალატის სპიკერ ჯონ მაკფოლთან, ასევე, თემთა პალატის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტების წევრებთან.

მათივე ინფორმაციით, დაგეგმილია შეხვედრა გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელ ჯონათან ჯანოღლისთან და საპარლამენტო ჯგუფის წევრებთან.

ასევე, ვიზიტის ფარგლებში შალვა პაპუაშვილი შეხვდება საერთაშორისო საკითხებში გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველ დევიდ ქუერის, გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის ოფისის ევროპის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ კრის ჰიტონ-ჰარისს, ლონდონის სავაჭრო პალატის ხელმძღვანელ რიჩარდ ბერჯს და Westminster Foundation for Democracy-ის აღმასრულებელ დირექტორ ენტონი სმიტს.

შალვა პაპუაშვლი, დელეგაციასთან ერთად, შეხვედრებს გამართავს ადგილობრივ ექსპერტებთან, კულტურის, განათლებისა და ბიზნესის სფეროების წარმომადგენლებთან და ქართველ სტუდენტებთან.

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში შედიან  დეპუტატები: ნიკოლოზ სამხარაძე, ნინო წილოსანი, გიორგი ხელაშვილი და თეონა აქუბარდია, ასევე, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ლევან მახაშვილი.


როგორც პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ ნეტგაზეთს უთხრა, დიდ ბრიტანეთში ვიზიტისას ბრიტანეთი-პოლონეთი-უკრაინის ალიანსის შესახებაც ისაუბრებენ. მისი თქმით, დაინტერესდება თუ არა საქართველო აღნიშნული ალიანსის წევრობით, ამაზე ალიანსის შესახებ დეტალების გაცნობის შემდეგ ისაუბრებენ. თუმცა სამხარაძე აღნიშნავს, რომ ალიანსის შექმნა საინტერესო ინიციატივაა.

დიდმა ბრიტანეთმა, პოლონეთმა და უკრაინამ ალიანსი შექმნეს. ახალი ფორმატის შექმნა ემთხვევა უკრაინის წინაშე არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებს. იმ ფონზე, როდესაც რუსეთს 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი ჰყავს მობილიზებული უკრაინის საზღვართან, გაერთაინებული სამეფო და პოლონეთი არიან ქვეყნებს შორის, რომლებიც უკრაინას სამხედრო შეიარაღებით ეხმარებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი