ახალი ამბები

მორის ყვითელაშვილმა ოლიმპიადაზე მოკლე პროგრამით მე-5 ადგილი დაიკავა

8 თებერვალი, 2022 • 708
მორის ყვითელაშვილმა ოლიმპიადაზე მოკლე პროგრამით მე-5 ადგილი დაიკავა

ქართველმა მოციგურავემ მორის ყვითელაშვილმა პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მოციგურავეთა შეჯიბრებაზე, რომელში მონაწილეობასაც სპორტსმენები ინდივიდუალურად, მოკლე პროგრამით იღებდნენ, 97.98 ქულა დააგროვა და მეხუთე ადგილი დაიკავა.

რაც შეეხება ციგურაობის გუნდურ შეჯიბრს. ფიგურულ ციგურაობაში პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ნაკრებმა გუნდური ასპარეზობა ანასტასია გუბანოვას გამოსვლით 6 თებერვალს  დაასრულა.

საქართველოს ნაკრებს, რომელმაც საერთაშორისო ფედერაციის (ISU) ეგიდით ჩატარებული ჩემპიონატების და გრან პრის შედეგებით ისტორიაში პირველად გუნდურში გამოსვლის უფლება მოიპოვა, ოლიმპიური თამაშების ფინალურ ეტაპზე გასასვლელად, ანუ პირველ ხუთეულში მოსახვედრად მცირედი დააკლდა.
შუალედური ადგილები სწორედ ქალთა მოკლე პროგრამის დასრულების შემდეგ განაწილდა. გუბანოვამ მოკლე პროგრამაში მსაჯებისგან 67.56 ქულა დაიმსახურა, მეოთხე ადგილი დაიკავა და გუნდს 7 ქულა შემატა. ქალთა მოკლე პროგრამის გათვალისწინებით, გუნდურში საქართველოს ნაკრებმა 22 ქულა დააგროვა და მეექვსე ადგილი დაიკავა, რაც, საკმარისი არ აღმოჩნდა საუკეთესო ხუთეულში გასასვლელად და შემდგომ თავისუფალ პროგრამაში ასპარეზობის უფლების მოსაპოვებლად.
პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადა 4 თებერვალს დაიწყო და 20 თებერვალს დასრულდება. საქართველოდან ტურნირზე სპორტის სამ სახეობაში 9 სპორტსმენი იასპარეზებს.

სახეობებს შორის, რომლებშიც ქართველი სპორტსმენები მიიღებენ მონაწილეობას, არის ფიგურული ციგურაობა, სამთო თხილამურობა და ციგაობა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი