მას შემდეგ, რაც როსკომნადზორმა ინსტაგრამი დაბლოკა, – რითაც არაერთმა ადგილობრივმა „ინფლუენსერმა“ შემოსავალი დაკარგა, – რუსეთში დაიწყეს მის ანალოგზე, Россграм-ზე, – „რუსულ ინსტაგრამზე“ მუშაობა.
„როიტერსის“ ცნობით, ახალი სერვისი ხელმისაწვდომი 28 მარტიდან იქნება.
„ჩემი პარტნიორი კირილ ფილიმონოვი და ჩვენი დეველოპერების გუნდი უკვე მზად ვიყავით მოვლენათა ასეთი განვითარებისთვის და გადაწყვიტეთ, ხელიდან არ გაგვეშვა შესაძლებლობა, შეგვექმნა ჩვენს თანამემამულეებში ძალიან პოპულარული სოციალური ქსელის რუსული ანალოგი“, – აცხადებს ალექსანდრ ზობოვი, პროექტის საზოგადოებასთან ურთიერთობების დირექტორი.
როსკომნადზორმა, – რუსეთის კომუნიკაციების მარეგულირებელმა უწყებამ, – ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დაბლოკა კორპორაცია „მეტას“ პროდუქტები, ფეისბუკი და ინსტაგრამი.
ამის მიზეზად რეგულატორმა რუსული მედიასაშუალებების „დისკრიმინაცია“ დაასახელა. რუსეთში ასევე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე „მეტას“ წინააღმდეგ და პროკურატურა კორპორაციისთვის „ექსტრემისტული ორგანიზაციის“ სტატუსის მინიჭებას ითხოვს სასამართლოსგან.
ამას წინ უძღოდა „მეტას“ გადაწვეტილება, რომლითაც კომპანიამ რუსულ სამთავრობო მედიებს, „სპუტნიკსა“ და RT-ს (ყოფილ Russia Today-ს), ევროკავშირის ტერიტორიაზე აუდიტორიაზე წვდომა აუკრძალა.
რუსული სამთავრობო და პროსამთავრობო მედიასაშუალებები რუსეთის მთავრობის პროპაგანდისტულ გზავნილებს კრიტიკის გარეშე ავრცელებენ უკრაინასთან დაკავშირებით.
ამასთან, ისინი არ ახსენებენ სიტყვა „ომს“ და უკრაინაში შეჭრას მოიხსენიებენ, როგორც „სპეცოპერაციას“.
ამ ტრენდს მხოლოდ რამდენიმე რუსული გამოცემა/მედია არ მისდევდა, რის გამოც ისინი დააჯარიმეს.
26 თებერვალს კი ფეისბუკმა რუსულ სამთავრობო მედიასაშუალებებს საკუთარ პლატფორმებზე რეკლამების განთავსება აუკრძალა [ტვიტერმა მსგავსი გადაწყვეტილება 2017 წელს მიიღო].