ახალი ამბები

თავისუფლება და სოლიდარობა – ნინო კასრაძის სიტყვა “თავისუფალ ლიტერაზე”

6 თებერვალი, 2022 • 3255
თავისუფლება და სოლიდარობა – ნინო კასრაძის სიტყვა “თავისუფალ ლიტერაზე”

5 თებერვალს თბილისში “თავისუფალი ლიტერას” დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ეს არის ალტერნატიული ლიტერატურული კონკურსი, რომელიც მას შემდეგ დაიგეგმა, რაც კულტურის სამინისტროსა და მწერალთა სახლის მიერ 2015 წელს დაფუძნებული “ლიტერას” კონკურსი მწერალთა პროტესტის ფონზე ჩაიშალა.

“თავისუფალი ლიტერას” დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამომსვლელთა შორის იყო მსახიობი ნინო კასრაძე, რომელმაც თავისუფლებისა და სოლიდარობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. “ნეტგაზეთი” უცვლელად გთავაზობთ მსახიობის სიტყვას:

“საღამო მშვიდობისა, მოგესალმებით ყველას. მე ვარ ის, ვისზეც ამდენი ლაპარაკი იყო აქ; ვის გამოც, როგორც თქვენ ამბობთ, შეიკრიბეთ: მე ვარ მკითხველი.

როგორც რიგით მკითხველს, მეც მაქვს ჩემი განცდები. რა თქმა უნდა, თავს არ შეგაწყენთ და ასეთი ნომინაციის წინ ბევრს არ ვისაუბრებ. უბრალოდ, მინდოდა, შემეხსენებინა, რომ ორი წლის მანძილზე ჩვენ სპექტაკლებს ვერ ვთამაშობდით და 10 დღის წინ აღდგა ჩემი ერთ-ერთი სპექტაკლი, ჟან ჟენეს “მოახლეები”.

ტექსტის გამეორებისას ერთი ფრაზა მომხვდა ყურში, რომლისთვისაც აქამდე არ მიმიქცევია ყურადღება. გაგიკვირდებათ, მაგრამ ასე მოხდა. ჩემი პერსონაჟი სოლანჟი დას ეუბნება:

“ვიცი, გძულვარ, გეზიზღები. ვიცი, მეც მძულხარ და მეზიზღები. ჩვენ ერთმანეთის სიყვარული არ შეგვიძლია. ეს გასაგებიცაა. მონობაში, შეუძლებელია, ვინმე გიყვარდეს”.

ეს ნათქვამი ეკალივით შემესო გულში. დღეს ობივატელი ხშირად სვამს კითხვას: რა დაგვემართა, რატომ აღარ გვიყვარს ერთმანეთი, ამდენი სიძულვილი… მე მგონი, ეს არის პასუხი. ჟენემ, ალბათ, ეს თქვა. ეს არის ის მდგომარეობა, რასაც ადამიანი განიცდის შიგნით. ჩვენ, ყველა, ობივატელს და მკითხველს ვგულისხმობ, ტყვე ვართ. ტყვენი ვართ ჩვენი შიშების, კომპლექსების, უვიცობის, ხშირად — გაუნათლებლობის… გვეშინია, ვაღიაროთ ჩვენი არასრულფასოვნების კომპლექსი; გვეშინია, ვაღიაროთ, რომ რაღაც არ ვიცით. ამის გამო მერე არც სიყვარული, არც თანაგრძნობა, არც გაზიარება შეგვიძლია.

ამ გრძნობებისგან დაცლილები ვართ. არც სოლიდარობა შეგვიძლია. და უცებ, ასეთი მოვლენა, როგორიცაა “ლიტერა”: სოლიდარობის მაგალითი, როცა სულ სხვადასხვანაირი შეხედულების მქონე ავტორებმა ერთი იდეის გარშემო გამოამჟღავნეს სოლიდარობა და ეს არის სიყვარული, ჩემთვის. ჩემთვის, როგორც რიგითი მკითხველისთვის, ეს არის სოლიდარობის მაგალითი და მეც ამიტომ ვარ აქ.

20-25 წლის წინ მე თქვენ შეგიყვარეთ. როცა ძალიან მიჭირდა, როცა ძალიან მიხაროდა, როცა ძალიან მეშინოდა, ქართულ მწერლობაში, მათ შორის, პასუხებს ვეძებდი. თქვენ, ყველანი, ეს მწერლები, ვინც აქ არიან და არ არიან, მე მხარში მედგნენ. ცდილობდნენ, პასუხი გაეცათ, სწორ გზაზე დავეყენებინე, ქართულ თარგმანებს მაზიარეს… ყველას ვგულისხმობ: მწერლები, პოეტები, გამომცემლები, კრიტიკოსები, ლიტერატორები… ყველა.

იცით, მე ამით ვცხოვრობ და აქამდე მოვედი. მე თქვენი სოლიდარული ვარ. ამიტომ ვარ აქ. სხვა გზა არ მქონდა, მე თქვენ გამოგყევით და აქ მოვედი.

მინდა, ზვიად რატიანის ლექსიდან წავიკითხო ამონარიდი და მივუძღვნა ყველა იმ ადამიანსა და მოვლენას, ვის მიმართაც ჩვენ გვინდოდა, მაგრამ ვერ გამოვხატეთ, ვერ გამოვუცხადეთ სოლიდარობა:

– და ჩვენ არასდროს გამოვალთ გარეთ,
ხმას აღარასდროს შევუერთებთ შეშლილ ფანტომებს,
მთელ უკვდავებას მრავლისმეტყველ დუმილში გავლევთ
და არსად, გარდა სიზმრებისა, კვალს არ დავტოვებთ.
ხოლო სიზმრებში – იქ ვერასდროს თავს ვერ დავაღწევთ
იმ წლებს, იმ გვამებს, იმ სამშობლოს, სადაც უწყვეტად
ახალი სისხლი, თბილი სისხლი, წვეთავს ტალახზე,
სადაც შვილები მოკლულ მამებს გვერდით უსხედან
და აღვიძებენ. იმ სიზმრებში ისევ განგაშის
მჭახე და სისხლის გამყინავი რეკენ ზარები
და ისევ, პალტოს საყელოში, როგორც სანგარში,
თავჩარგულები, ბნელ ქუჩებში მივიპარებით
და ვცდილობთ, დროზე გავერიდოთ ქალაქს ნაომარს,
ფრთხილად ვაბიჯებთ იქ მიმოყრილ შავ-თეთრ ბიჭუნებს;
უკნიდან ვიღაც გამუდმებით ყვირის
გაუმააარ…
ჩვენ კი ჩუმად ვართ. ისევ ყვირის. ისევ სიჩუმე.

დიდი მადლობა”.


„ლიტერას“ კონკურსი 2021 წელს, მწერალთა და გამომცემელთა პროტესტის შემდეგ ჩაიშალა. აღნიშნულს წინ უძღოდა მინისტრ თეა წულუკიანის მიერ “მთავარი არხის” ჟურნალისტისთვის მიკროფონის წართმევის ფაქტი, რის შემდეგაც არაერთმა მწერალმა კონკურსიდან თავისი წიგნი მოხსნა.

უკმაყოფილება განსაკუთრებით გაიზარდა მას შემდეგ, რაც  კულტურის სამინისტრომ გადაწყვიტა, თავად დაენიშნა “ლიტერას” ჟიურის მეხუთე წევრი. საბოლოოდ კონკურსიდან წიგნების აბსოლუტური უმრავლესობა მოიხსნა, რის შემდეგაც მისი ჩატარება შეუძლებელი გახდა.

“თავისუფალი ლიტერა”  მწერალთა მხარდასაჭერად  ერთჯერადად შექმნილი, ალტერნატიული კონკურსია, რომელმაც 70-ზე მეტი მწერალი გააერთიანა.

ინიციატორთა თქმით, “თავისუფალი ლიტერას” მიზანი  “ლიტერას” ფორმატის გამეორება და კულტურის სამინისტროსგან „მიმდინარე ცენზურის მცდელობით დაზარალებული სამწერლო პროცესის გაძლიერება” იყო.

“თავისუფალი ლიტერას” გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილია

მასალების გადაბეჭდვის წესი