ახალი ამბები

1-2 კვირაში საწვავის ფასი 20-25 თეთრით გაიზრდება – Wissol-ის დირექტორი

4 თებერვალი, 2022 • 5415
1-2 კვირაში საწვავის ფასი 20-25 თეთრით გაიზრდება – Wissol-ის დირექტორი

„ვისოლ ჯგუფის“ გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ იანვარში ნავთობპროდუქტების საერთაშორისო ზრდის ფონზე, საქართველოში მოქმედ კომპანიებს მოუწევთ, 1-2 კვირის შუალედში საწვავზე ფასები 20-25 თეთრით გაზარდონ.

4 თებერვალს ტვ პირველზე BMG-ის გადაცემა „ანალიტიკაში“ „ვისოლ ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ხორავამ განაცხადა, რომ 2022 წლის იანვრის პირველივე რიცხვებიდან ნავთობპროდუქტების საერთაშორისო ბაზრებზე ფასები მკვეთრად იზრდება, იმის მიუხედავად, რომ იანვარი არააქტიური სეზონია.

მისი თქმით, იმის მიზეზი, რომ ფასები საქართველოში ამ დრომდე არ გაზრდილა, იანვარში დაბალი მოხმარების ფონზე, დეკემბრის თვის შენარჩუნებული მარაგებია.

„თუმცა ეს მარაგები არ არის ულევი, მალე ამოიწურება და ასეთი საერთაშორისო ფასის პირობებში, ბაზარი გარდაუვალი გადაწყვეტილების წინაშე დადგება. ჩვენთვის გარდაუვალი იქნება ფასის მომატება, რამდენად მტკივნეულიც არ უნდა იყოს“, – განაცხადა მან.

მისი თქმით, თებერვლის შუა რიცხვებიდან, – 1-2 კვირის ვადაში, – „უკვე გარდაუვალი იქნება“ არსებული ფასების შენარჩუნება და საწვავის ფასები მოიმატებს. „ყველა ვარიანტში მოგვიწევს ფასების კორექტირება“, – განაცხადა „ვისოლის“ ხელმძღვანელმა.

კითხვაზე, რამდენით გაიზრდება მომხმარებლისთვის ფასი, ვასილ ხორავამ განაცხადა:

„ეს არითმეტიკაა. კომპანია ვერაფერს ვერ გააკეთებს, ამაზე ციფრები თავად მეტყველებს. 100-150 დოლარით ფასის ზრდა უკვე 20-25-თეთრიანი სხვაობა არის ლიტრზე“.

მან ასევე განაცხადა, რომ 20-25-თეთრიანი ზრდა „არ მოხდება ერთ დღეში, – ფასი ეტაპობრივად გაიზრდება“ და იქვე გამოთქვა იმედი, რომ ამავე პერიოდში „საერთაშორისო ბაზარი შემობრუნდება და ნავთობპროდუქტებზე ფასების ზრდის ტრენდი, რაც წლის დასაწყისში გვქონდა, შემოტრიალდება“.

ფასები საწვავზე ვისოლის ქსელში. წყარო: კომპანიის ვებსაიტი. დაახლოებით მსგავსი ფასებია სხვა ქსელურ ბენზინგასამართ სადგურებშიც.

ვასილ ხორავას თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ „ლარის დღევანდელი ნიშნული უფრო სტაბილურია და იანვართან შედარებით გამყარებულია, ეს არ არის ის ნიშნული, რომელიც აბალანსებს გაზრიდლი ნავთობპროდუქტების ფასებს“.

„საერთაშორისო ბაზარზე ნავთობპროდუქტების ფასების ზრდის ტრენდი უფრო ძლიერია, ვიდრე ლარის გამყარებისა“, – განაცხადა მან.

„ვისოლის“ წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ ბიზნესი მიესალმება „ყველა იმ გადაწყვეიტელბას, რომელიც ხელს შეუწყობს ნავთობპროუდქტების ფასების შემცირებას“ და ასეთად დაასახელა აქციზის გადასახადის საკითხი.

„რა თქმა უნდა, ნებისმიერ გადასახადზე უარის თქმა სახელმწიფოს მხრიდან გამოიწვევს დამატებით ფისკალურ პრობლემას. ეს არის სახელმწიფოს გადასაწყვეტი. [მაგრამ] არსებობს მცურავი აქციზური გადასახადი, როდესაც აქციზის გადასახადი ნავთობის ფასის ზრდის შემთხვევაში იზრდება, ხოლო ნავთობის ფასის შემცირების შემთხვევაში მცირდება“, – განაცხადა მან.

„ჩვენი ტიპის კომპანიისთვის, რომელიც ნავთობპროდუქტების დისტრიბუციას 100%-ით ევროპის გადამამუშავებელი ქარხნებიდან ახდენს, ბუნებრივია, მაღალი ფასი ჩვენი ინტერესი არ არის. ჩვენ იინტერესია დაბალი ფასი, მეტი მომხმარებელი, მეტი აქტიურობა და მეტი გაყიდული ლიტრი. ამიტომ გვირჩევნია, საერთაშორისო ფასები დაბალი იყოს“, – აცხადებს ვასილ ხორავა.

მასალების გადაბეჭდვის წესი