ახალი ამბები

ლუგარის ლაბორატორიაში ქართველი ჟურნალისტებისთვის მედიატური გაიმართა

15 ივნისი, 2022 • 968
ლუგარის ლაბორატორიაში ქართველი ჟურნალისტებისთვის მედიატური გაიმართა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ლუგარის ლაბორატორიის მინართ რუსეთის ხელისუფლების მორიგ ბრალდებებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ დეზინფორმაციის კამპანია პოლიტიკური ბრძოლის იარაღია და სინამდვილესთან კავშირი არ აქვს.

აღნიშნული განცხადება გამყრელიძემ დღეს, 15 ივნისს, რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევით ცენტრში ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა. ვიზიტის ფარგლებში ქართული მედიის 20-მდე წარმომადგენელს შესაძლებლობა ჰქონდა დაეთვალიერებინა ლუგარის ცენტრში არსებული ლაბორატორიები და მიეღოთ ინფორმაცია დაცვის სისტემებზე, რომელიც ცენტრშია დანერგილი, ასევე, ლაბორატორიების დანიშნულებასა და საქმიანობაზე.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, რამდენიმე დღის წინ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მარია ზახაროვას მორიგი ბრალდება, რომ თითქოს აშშ საქართველოში, კერძოდ კი ლუგარის ცენტრი, ბიოიარაღზე მუშაობს, ახალი არაა და გარკვეული პერიოდულობით რუსეთის ხელისუფლება ამ ნარატივს სხვადასხვა კონტექსტში იმეორებს. გამყრელიძე აღნიშნავს, რომ ლუგარის ცენტრი გამჭვირვალე სამეცნიერო დაწესებულებაა და ეს რუს კოლეგებსაც არაერთხელ დაუმტკიცეს:

„ეს განცხადებები, იქნება ეს ქალბატონი ზახაროვა თუ სხვა, გარკვეული პერიოდულობით გამოდიან და ამწვავებენ ამ საკითხს. დღეს იმიტომაც გაჩვენეთ ყველაფერი ჟურნალისტებს, რომ ჩვენ ვართ სამეცნიერო გამჭვირვალე დაწესებულება. ჩვენ ამ პოლიტიკურ განცხადებებს არ ვპასუხობთ და არ შევდივართ დისკუსიაში, რადგან ერთ-ერთი მიზანი ამ განცხადებების სწორედ ისაა, რომ ჩვენ მათთან დისკუსიაში შევიდეთ. მათ ძალიან კარგად იციან, რომ ლუგარის ცენტრი გახლავთ სამშვიდობო სამედიცინო დაწესებულება.

ლუგარის ცენტრში ნამყოფი არიან რუსი ჟურნალისტები, რუსი მეცნიერები, მათ შორის მსგავსი პროფილის ინსტიტუტის რამდენიმე დირექტორი და მათ კარგად იციან, რომ იქ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, გარდა სამეცნიერო კვლევებისა. ეს არის მაღალი დონის სამეცნიერო კვლევითი ბიოლოგიური ლაბორატორია“, – ამბობს ამირან გამყრელიძე.

მისი თქმით, ერთ-ერთი საკითხი, რაც რუსეთის გაღიზიანებას იწვევს, საქართველოს პროდასავლური კურსია, რაც ცენტრის საქმიანობაშიც აისახება. კერძოდ, ამირან გამყრელიძის განცხადებით, წარსულში გრიპის საეჭვო შემთხვევების ნიმუშების გადამოწმებისთვის მათი გაგზავნა ხდებოდა საქართველოდან პეტერბურგში მდებარე ლაბორატორიაში, თუმცა ამჟამად ყველა საჭირო კვლევის ჩატარება ლუგარის ცენტრშია შესაძლებელი. იმ შემთხვევაში კი, თუ შედეგები მაინც საჭიროებს გადამოწმებას, ლონდონში მდებარე ლაბორატორიას მიმართავენ. ანალოგიურად, გამყრელიძის თქმით, პოლიომიელიტთან დაკავშირებით რეფერირება მოსკოვის ნაცვლად ჰელსინკის ინსტიტუტში ხდება და ა.შ.:

„ამაზე, რა თქმა უნდა, გაღიზიანება არის, რომ რატომ აქვს საქართველოს დასავლური ორიენტაცია, ბევრი საკითხია გადაჯაჭვული და აქედან გამომდინარეობს ის განცხადებები. პირველ ეტაპზე ვცემდით პასუხებს ამგვარ განცხადებებზე. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილზე ჯერ კიდევ მოქმედებს მათი განცხადებები, დღეს მიზანშეწონილად ჩავთვალეთ, კიდევ ერთხელ თქვენ გენახათ, თუ რა ხდება.

სამშვიდობო სამეცნიერო კვლევების გარდა არაფერი სხვა იქ არ ხდება. ქალბატონი ზახაროვას გამოსვლა პოლიტიკურია. ყვავილი, რომელიც აღარ არსებობს და მართლა რთული დაავადებაა, ყვავილის შტამი თვითონ რუსებს აქვთ. ორ ადგილზე ინახება მხოლოდ- ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის და რუსეთის ერთ-ერთ ინსტიტუტში, როგორც წყარო, შესაძლო ვაქცინის საჭიროება თუ დადგა“, – აცხადებს ამირან გამყრელიძე.

გარდა ამისა, ამირან გამყრელიძე აღნიშნავს, რომ 2018 წელს ჟენევის სამდივნოს მეშვეობით 18-მდე ქვეყნის 22 ექსპერტი ლუგარის ლაბორატორიაში შეფასებისთვის იმყოფებოდა, რის შემდეგაც საჯარო დასკვნაც გამოსცეს, სადაც ერთმნიშვნელოვნადაა ნათქვაია, რომ ბიოლოგიურ იარაღთან ცენტრს საერთო არაფერი აქვს:

„ერთ-ერთი, რასაც ვაკეთებთ, დღევანდელი შეხვედრაა. ყოველგვარი ბარიერის გარეშე ნებისმიერ მედიასაშუალებას დღეს ჰქონდა შესაძლებლობა, შესულიყვნენ ლუგარში და ენახათ, რა და როგორ ხდება. იქ დაფარული არაფერია. ამგვარი ტური რამდენჯერმე იყო გაკეთებული მათ შორის საერთაშორისო მედიების მონაწილეობით. BBC და CNN არიან ნამყოფი, რუსული არსები არიან ნამყოფი და გადაღებული აქვთ. აქ როცა ჩამობრძანდებიან რუსული არხები, ძალიან სიამტკბილობით არიან და შემდეგ, იქ რომ მიდიან, სხვანაირ სიუჟეტებს უშვებენ“, – ამბობს ამირან გამყრელიძე.

ამირან გამყრელიძის განცხადებას დაეთანხმა აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრეცენციის ცენტრების (CDC) აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების რეგიონული წარმომადგენლობის დირექტორი ჩარლზ ვაიტეკი, რომელმაც განაცხადა, რომ აღნიშნულ დეზინფორმაციას რუსეთი პოლიტიკური ნიშნით იყენებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი