ახალი ამბები

დეპუტატი სამხარაძე ნავალნის და გუდკოვს ძველი განცხადებების გამო აკრიტიკებს

3 თებერვალი, 2022 • 1556
დეპუტატი სამხარაძე ნავალნის და გუდკოვს ძველი განცხადებების გამო აკრიტიკებს

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე რუსი ოპოზიციონერის, დმიტრი გუდკოვის საქართველოში არშემოშვებაზე საუბრისას მის პოლიტიკურ წარსულზე ამახვილებს ყურადღებას.

სამხარაძის თქმით, ალექსანდრე ნავალნის მომხრე ოპოზიციონერების ქვეყანაში არშემოშვებაზე „აჟიოტაჟის ატეხვამდე“, ამ პოლიტიკოსების მიერ საქართველოს შესახებ წარსულში ნათქვამი განცხადებები უნდა გაიხსენონ.

თუმცა სამხარაძემ იქვე აღნიშნა, რომ ეს მისი „პოლიტიკური შეფასებაა“ რუსი ოპოზიციონერების მიმართ  და მათ შემოშებაზე გადაწყვეტილებას შსს იღებს.

„ქვეყანაში ნებისმიერი ადამიანის შემოშვება-არშემოშვებაზე გადაწყვეტილებას იღებენ შესაბამისი სტრუქტურები. ეს ყველა ნორმალურ ქვეყანაში ასეა. ეს აჟიოტაჟი, რომელიც გუდკოვთან დაკავშირებით ატყდა…  ის მანამდე იყო იმ დუმის წევრი, რომელმაც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარა. ამიტომ ვერ ვხედავ მე აჟიოტაჟის საფუძველს.

აქვე შემიძლია ვთქვა, რომ ნავალნის მომხრე ოპოზიციონერების ქვეყანაში შემოშვება-არშემოშვებაზე როცა არის საუბარი, მე მინდა გაგახსენოთ, 2008 წელს ნავალნიმ რა უწოდა ქართველებს და ამის შემდეგ შეგვიძლია ვიმსჯელოთ საქართველოს მიმართ მის დამოკიდებულებაზე. მედალს ყოველთვის ორი მხარე აქვს. განურჩევლად პოლიტიკური მწრამსისა, ყველას მოვუწოდებდი, ასევე მედიასაშუალებებს, რომ თავდაპირველად საქართველოს ინტერესები გაითვალისწინონ. როდესაც რომელიმე პოლიტიკოსზე ვსაუბროთ, ჩავიხედოთ ძალიან ღრმად წარსულში, თუ ვის რა აქვს ნათქვამი საქართველოზე, მათ შორის აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაციაზე“, – განაცხადა სამხარაძემ.


გუდკოვის არშემოშვების შესახებ

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დმიტრი გუდკოვი აცხადებს, რომ საქართველოში არ შემოუშვეს.

“ეს არ არის პირველი შემთხვევა. როგორც ვიცი, ლიუბოვ სობოლიც დაადეპორტეს. უცნაური რამეები ხდება საქართველოში”, — აღნიშნა გუდკოვმა.

ოპოზიციონერი ასევე წერს, რომ მისი დეპორტაცია “სახელმწიფო დონეზე” გადაწყდა და “გადაწყვეტილება პოლიტიკურია”.

დმიტრი გუდკოვი ყოფილი დეპუტატია, რომელმაც რუსეთი 2021 წლის ივნისში დატოვა და უკრაინაში გადავიდა. ის რუსეთის 2021 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობასაც გეგმავდა, თუმცა, როგორც თავად განაცხადა, ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული ზეწოლის გამო დატოვა ქვეყანა.

შსს-ს მიერ გამოგზავნილი წერილობითი კომენტარის მიხედვით, გუდკოვს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლაზე უარი ეთქვა უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის , 11-ე მუხლის “ი” ქვეპუნქტის თანახმად. აღნიშნული მუხლი საქართველოს ვიზის გაცემაზე ან საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის საფუძვლებს(აუცილებელი დოკუმენტების არქონა, ჯარიმის გადაუხდელობა და სხვ.) აერთიანებს. “ი” ქვეპუნქტი კი აღნიშნული მუხლის ბოლო ქვეპუნქტია, რომელიც “საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებს” ეხება. შესაბამისად, ბუნდოვანია, კონკრეტულად რის გამო არ შემოუშვეს ქვეყანაში რუსი ოპოზიციონერი გუდკოვი.


ნავალნის განცხადებების შესახებ

2008 წლის აგვისტოს ომის დროს ნავალნი ომის პროვოცირებაში ქართულ მხარეს ადანაშაულებდა და ფიქრობდა, რომ რუსეთის არმიას რაკეტები უნდა დაეშინა საქართველოს გენშტაბისთვის.

2013 წელს, “ამერიკის ხმასთან” საუბრისას, ალექსეი ნავალნიმ ქართველების მღრღნელებად მოხსენიებას შეცდომა უწოდა, თუმცა თქვა, რომ მისი პოზიცია აფხაზეთის აღიარებასთან დაკავშირებით უცვლელია.

“ვწუხვარ ჩემი არასწორი განცხადებების გამო, როდესაც ქართველები მოვიხსენიე “გრიზუნებად” (მღრღნელი), მე არასწორად მოვიქეცი და ეს იყო შეცდომა. პოლიტიკოსი ვარ და შეცდომის აღიარება შემიძლია. მაგრამ ჩემი პოლიტიკური შეხედულებები არ შეცვლილა. 2008 წლის ომი საქართველოსა და რუსეთს შორის საქართველოს მთავრობის ქმედებებს მოჰყვა. სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დე ფაქტო რეგიონები წლების განმავლობაში არ იმართებოდა თბილისის მიერ, მათი მთავარი დამფინანსებელი კი წლებია რუსეთია. მე თუ პრეზიდენტი გავხდები, რაღაც პერიოდის განმავლობაში რუსული ბაზები შენარჩუნდება ამ ტერიტორიებზე, მაგრამ, დარჩება თუ არა სულ, ამაზე პასუხისთვის ახლა მზად არ ვარ. მე შემიძლია ვთქვა, რომ ეს სამსჯელო და კომპლექსური საკითხებია. მაგრამ რუსეთმა ხვალ რომ შეწყვიტოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დაფინანსება, რა მოხდება, რა შეიცვლება? საქართველოს დაუბრუნდებიან?” – განაცხადა ნავალნიმ.

2021 წელს ციხეში მყოფი ალექსეი ნავალნის თანაგუნდელმა ვლადიმირ მილოვმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ნავალნის განცხადებები განმარტა.

როგორც მილოვმა “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში განაცხადა,  გარკვეული”პოზიციები შეიცვალა” და ისინი პრინციპულად ფიქრობენ, რომ “აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი უნდა იყოს განხილული როგორც საქართველოს ნაწილი”.

“როცა საქართველოში 2008 წლის ომი მოხდა, მე და ის ძალიან ღიად ვჩხუბობდით ინტერნეტში ამ საკითხზე. ჩვენ ეს თემა ხშირად განგვიხილავს მოგვიანებითაც. ერთი მხრივ, მისი პოზიცია ამის შემდეგ ძალზედ შეიცვალა. ის, რა თქმა უნდა, ეთანხმება და მე ამას ხშირად ვახმოვანებ, რომ პოსტსაბჭოთა სივრცის საზღვრების გადახედვა მიუღებელია. ეს მისი პრინციპული პოზიციაა. საჭიროა ასევე მაშინდელი კონტექსტის გათვალისწინება, 2012 წელს მიხეილ სააკაშვილმა შემთხვევით არ წააგო არჩევნები. საქართველოში ვხედავდით ავტორიტარულ ტენდენციებს.

“ფრიდომ ჰაუსმა” 2008 წელს საქართველოს რეიტინგები შეამცირა, იმიტომ, რომ ზღუდავდნენ ოპოზიციას. ნავალნიმ ამაზეც გააკეთა კომენტარი. სააკაშვილს ბევრი აღიქვამს, როგორც თავისუფლებისთვის მებრძოლს, მაგრამ მაშინ ეს ასე არ გამოიყურებოდა. გვახსოვს, თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ ცხინვალში შეხვდებოდა ახალ წელს. 2006 წელს თბილისში ვიყავი, სააკაშვილსაც შევხვდი. მაშინ განიხილებოდა ასევე ძალადობრივი სცენარები ტერიტორიული პრობლემების გადასაჭრელად. მე და ნავალნის ეს არ მოგვწონდა, ჩვენ ვეწინააღმდეგებით ძალადობრივ სცენარებს. ამიტომ აქ სიტუაცია უნდა განვიხილოთ ისე, როგორც იყო 2008 წლის აგვისტოში. თუმცა ნათელია, რომ თავად რუსულ აგრესიას ნავალნი მაშინაც და დღესაც გმობს. არავინ კითხვის ნიშნის ქვეშ არ სვამს საზღვრების უცვლელობის პრინციპს. ჩვენ ყველა პრინციპულად ვართ პოზიციაზე, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი უნდა იყოს განხილული როგორ საქართველოს ნაწილი. იყო განსხვავებები, პოზიციები შეიცვალა, თუმცა საჭიროა, არ დავივიწყოთ მნიშვნელოვანი ასპექტებიც”, – აცხადებს მილოვი.

ინტერვიუში ის ასევე საუბრობს იმის შესახებ, თუ რა პოზიცია აქვს ნავალნის საერთაშორისო წესრიგთან, ევროკავშირთან, პოსტსაბჭოთა სივრცესთან დაკავშირებით და ა.შ.

“ნავალნი ყოველთვის იყო იმის მხარდამჭერი, რასაც უწოდებენ წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს, დემოკრატიულ მსოფლიო წესრიგს, რომელიც ეფუძნება ადამიანის უფლებებსა და კანონს. რუსეთშიც სწორედ ამის შესახებ საუბრობს, კანონიერებაა მისი არგუმენტი დესპოტიზმის და ხელისუფლების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ. ამიტომ უცნაურია ფიქრობდე, რომ საერთაშორისო არენაზე ის სხვა პრინციპებით იმოქმედებს.

ბევრი ახლა მის წარსულ განცხადებებს პოულობს, რომ თითქოს ნავალნის სურს ყოფილი საბჭოთა კავშირის ინტეგრაცია, რუსებს ყოველთვის სურთ საბჭოთა კავშირის აღდგენა. თუმცა ჩვენ ამას რეალურად, სრულიად განსხვავებულად ვუყურებთ, ვიდრე პუტინი. ჩვენთვის სასურველი იქნებოდა უფრო ახლო ინტეგრაცია დიდი ევროპული და ევრაზიული საზოგადოების – ევროპა ლისაბონიდან ვლადივასტოკამდე.

ჩვენ მოგვწონს დემოკრატიული ევროკავშირი, ჩვენ გვინდა, რომ ყველა აქეთკენ მივდიოდეთ, ამ მიმართულებით, და გავავრცელოთ ის წესები და ნორმები, რომლებიც მოქმედებს ევროკავშირში, ჩვენს ტერიტორიაზეც, და ასე დავუახლოვდეთ ერთმანეთს. ასე უნდა ხდებოდეს ჩემი და ნავალნის პოზიციების ინტერპრეტაცია. ანუ, ჩვენ არ ვხედავთ რუსეთს, როგორც ძალის ცენტრს, რომელიც ევროპას უპირისპირდება. პირიქით, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყოფილ საბჭოთა კავშირში ბარიერები უნდა მოვხსნათ, წავიდეთ ევროპისკენ და იქ გზაზე შევხვდეთ”, – აცხადებს მილოვი.

მასალების გადაბეჭდვის წესი