ახალი ამბები

სმენადაქვეითებულმა ქალმა შშმ პირთა პენსიაზე საქმე მოიგო – PHR

2 თებერვალი, 2022 • 1506
სმენადაქვეითებულმა ქალმა შშმ პირთა პენსიაზე საქმე მოიგო – PHR

უფლებადამცველი ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) იუწყება, რომ მოქალაქე შორენა ფხალაძემ, რომელსაც 11 წლიდან სმენის დაქვეითება აღენიშნება, სახელმწიფო უწყების წინააღმდეგ დავაში სააპელაციო სასამართლოშიც გაიმარჯვა.

ორგანიზაციის თანახმად, შორენა ფხალაძეს 11 წლიდან სმენის დაქვეითება აღენიშნება: იგი ბავშვობაში იტარებდა გამოკვლევებს, ასევე, სხვადასხვა წლებში გაცემული სამედიცინო დოკუმენტაციით დასტურდება ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ.

PHR წერს, რომ:

  • 2019 წელს ფხალაძემ აღმოაჩინა, რომ ეკუთვნოდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი და სოციალური პაკეტი (შშმ პირთა პენსია);
  • მან მიმართა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ლიცენზირებულ პოლიკლინიკას, თუმცა, ვინაიდან მან პოლიკლინიკას ვერ წარუდგინა ბავშვობაში ჩატარებული აუდიოგრამები, პოლიკლინიკამ უარი უთხრა შშმ პირის სტატუსის იმ ფორმის მინიჭებაზე, რომელიც მას შშმ პირის პენსიას მისცემდა;
  • „ამის მაგივრად, პოლიკლინიკამ „ზომიერად გამოხატული შშმ პირის სტატუსი“ მიანიჭა, საერთო დაავადების საფუძველზე, რაც შორენას ართმევდა პენსიის მიღების შესაძლებლობას. შედეგად, 2020 წლის 11 თებერვალს სოციალური მომსახურების სააგენტომ მას პენსია არ დაუნიშნა“.

ამის შემდეგ მოქალაქემ ბრძოლა სასამართლოში გააგრძელა და სოციალური მომსახურების სააგენტოს უჩივლა იმის გამო, რომ, როგორც PHR წერს, რეალურად ეკუთვნოდა სახელმწიფოს მიერ დანიშნული პენსია, ვინაიდან მართლაც ჰქონდა ბავშვობიდან სმენის პრობლემა.

„ამ ფაქტს იგი, აუდიოგრამის არარსებობის მიუხედავად, მოწმეების ჩვენებებით და სხვა დოკუმენტებით ადასტურებდა“, – აღნიშნავს ორგანიზაცია და დასძენს, რომ სასამართლოს მიმდინარეობის პროცესში შორენამ მოიპოვა გენეტიკური კვლევის შედეგიც, რომელიც მის სიმართლეს ადასტურებდა.

PHR-ის ცნობით, პირველი ინსტანციის სასამართლომ გადაწყვეტილება შორენა ფხალაძის სასარგებლოდ მიიღო, – მოსამართლე დავით წერეთელმა სოციალური მომსახურების სააგენტოს დაავალა, გადაუხადოს მას სოციალური პაკეტით გათვალისწინებული თანხა; ასევე, სასამართლომ სააგენტოს დაავალა განვლილი პერიოდისთვის მისაღები თანხის კომპენსაცია.

სასამართლოს გადაწყვეტილება სოციალური მომსახურების სააგენტომ გაასაჩივრა ზემდგომ ინსტაციაში, რა დროსაც საქმეში PHR ჩაერთო მოქალაქის მხარეს.

მოსარჩელესთან ერთად, PHR აცხადებს, რომ ამტკიცებდნენ, მოქალაქეების ინტერესები არ უნდა დაზარალდეს იმის გამო, რომ ქვეყანაში დოკუმენტების შენახვის სისტემა და მათი წარდგენის შესაძლებლობა გამართული არ არის.

„სწორედ იმიტომ, რომ შორენამ შშმ სტატუსის მინიჭებაზე პასუხისმგებელი სამედიცინო დაწესებულება, ისევე როგორც სოციალური მომსახურების სააგენტო, არ დაინტერესდა ალტერნატიული დოკუმენტების გამოკვლევით, შორენა იძულებული გახდა სასამართლოსთვის მიემართა და იქ დაემტკიცებინა თავისი სიმართლე. რაც მან წარმატებით განახორციელა და სხვა შშმ პირებს სამართლებრივი ბრძოლის საუკეთესო მაგალითი ანახა. სააპელაციო სასამართლომ (მოსამართლე თამარ ონიანმა) გაიზიარა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და არ დააკმაყოფილა სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩივარი“, – აცხადებს ორგანიზაცია.

PHR-ის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება ბევრ შშმ პირს საშუალებას მისცემს, საკუთარი უფლებები სასამართლოს გზით დაიცვას და ადმინისტრაციული ორგანოების დაშვებული ხარვეზების გამოსწორებას ამ გზით მიაღწიოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი