ახალი ამბებისამართალი

“სასამართლომ მოპასუხეს ფეისბუკ პოსტის Only Me-ზე გადაყვანა დაავალა” — ცილისწამების დავა

2 თებერვალი, 2022 •
“სასამართლომ მოპასუხეს ფეისბუკ პოსტის Only Me-ზე გადაყვანა დაავალა”  — ცილისწამების დავა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ცილისწამების შესახებ დავაზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით მოპასუხეს დაავალა შესაძლო ცილისწამების შემცველი ფეისბუკ პოსტის Only Me-ზე (ფუნქცია, როცა პოსტი მხოლოდ ავტორისთვისაა ხილვადი) გადაყვანა, იუთუბზე კი- გავრცელების შეზღუდვა.

სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია „ნეტგაზეთს“ მოსარჩელე მხარის ადვოკატმა, სერგი ჯორბენაძემ მიაწოდა. მისი თქმით, მსგავს საქმეზე ასეთი გადაწყვეტილება ქართული სასამართლოს ისტორიაში პრეცედენტულია. ადვოკატი აცხადებს, რომ ამგვარ დავებს სასამართლო წარმოებაშიც იშვიათად იღებს.

რაც შეეხება საქმის არსს, ადვოკატი განმარტავს, რომ დავა არც პოლიტიკური შინაარსისაა და არც პროფესიულ საქმიანობას უკავშირდება. ის ორ ფიზიკურ პირს შეეხება. სერგი ჯორბენაძის თქმით, მოპასუხემ მისი მარწმუნებლის მიმართ ფეისბუკზე შეურაცხმყოფელი პოსტი, იუთუბზე კი ვიდეო გაავრცელა.

„ფეისბუკსა და იუთუბზე გავრცელდა ცილისმწამებლური განცხადება. მოსარჩელემ მოითხოვა ამ ყველაფრის უარყოფა სასამართლოში და სანამ დავა დასრულდება, უზრუნველყოფის სახით მოითხოვა, რომ ის პოსტი, რომელიც ცილისმწამებლურია, ავტორმა Only Me-ზე გადაიყვანოს და Youtube-ში გასაჯაროება შეწყვიტოს.

მოთხოვნები იმგვარად არის ჩამოყალიბებული, რომ შემდგომ აუცილებელია მოპასუხის ფეისბუკ ანგარიშის გამოყენება. ამიტომ, მოსარჩელემ მოითხოვა უზრუნველყოფის ღონისძიება, რომ არ გააუქმოს მოპასუხემ ფეისბუკი. ანუ, სანამ არ დასრულდება პროცესი, მოპასუხეს არ ექნება იმის უფლება, რომ ფეისბუკ ანგარიში გააუქმოს, ხოლო ის პოსტი, რომლითაც ცილი დასწამა მოსარჩელეს, უნდა გადაიყვანოს Only Me-ზე, რათა საჯარო არ იყოს და ყველას არ ჰქონდეს მასთან წვდომა“, – ამბობს ადვოკატი „ნეტგაზეთთან“.

„სასამართლომ საქმე მიიღო წარმოებაში. ესეც იშვიათად ხდება ხოლმე. რაც მთავარია, უზრუნველყოფის ღონისძიება დააკმაყოფილა. უზრუნველყოფის ღონისძიება, უხეშად რომ ვთქვა, გულისხმობს, მაგალითად, უძრავ ქონებაზე რომ მიდიან სასამართლოში და ყადაღას ითხოვენ, ასევე დააკმაყოფილა, რომ სანამ დასრულდება დავა Only Me-ზე იქნება“, – ამბობს ადვოკატი „ნეტგაზეთთან“ საუბრისას.

მასალების გადაბეჭდვის წესი