ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ქართულ-აფხაზური დიალოგის შეზღუდვაზე “ამცახარა” არძინბას აკრძალვას მხარს უჭერს

2 თებერვალი, 2022 • 1884
ქართულ-აფხაზური დიალოგის შეზღუდვაზე “ამცახარა” არძინბას აკრძალვას მხარს უჭერს

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო მინისტრის, ინალ არძინბას მიერ აფხაზეთში მომუშავე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ქართულ-აფხაზური პროექტების განხორციელების აკრძალვას პოლიტიკური პარტია “ამცახარა” გამოეხმაურა და აფხაზური სამოქალაქო სექტორისგან განსხვავებით, ახალ ინიციატივას მხარი დაუჭირა.

“საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები ვერ მოახდენენ გავლენას აფხაზეთსა და საქართველოს შორის რაიმე ტიპის დიალოგის აღდგენაზე, საქართველოსთან ყველა კონტაქტი შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების საქმეა.

თუმცა ჩვენ კარგად ვიცით, თუ რა როლი შეასრულეს არამთავრობო ორგანიზაციებმა ომის შემდეგ აფხაზეთის საინფორმაციო ბლოკადის გარღვევაში, სახალხო დიპლომატიაში, ვეტერანთა და მათი ოჯახების ფიზიკური და ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციაში”, – წერია განცხადებაში.

ამასთან, პარტიაში იმედი გამოთქვეს, რომ სამომავლოდ შესაძლებელი იქნება აფხაზეთის სუვერენიტეტის პატივისცემაზე დაფუძნებული კონსტრუქციული ურთიერთობების ჩამოყალიბება საერთაშორისო ორგანიზაციებთან და არასამთავრობოებთან.

რამდენიმე დღის წინ აფხაზეთის სამოქალაქო საზოგადოებამ ინალ არძინბას მიერ მათთვის დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით და აფხაზეთში, რუსეთის მსგავსად, “უცხო ქვეყნის აგენტის” შესახებ კანონის შესაძლო მიღების დაუშვებლობაზე მიმართა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის სპიკერს. როგორც მიმართვაში წერია, “უცხოური აგენტების შესახებ” კანონის მეშვეობით არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის დაწესებული შეზღუდვები გარდაუვლად ნეგატიურ შედეგებს მოუტანს აფხაზეთს და მის საერთაშორისო იმიჯს დააზარალებს.

ინალ არძინბა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში საგარეო საქმეთა მინისტრად 17 ნოემბერს დაინიშნა. არძინბამ პოლიტიკური გამოცდილება ძირითადად რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დააგროვა, სადაც მრჩევლიდან კურატორის ჩათვლით სხვადასხვა პოსტი ეკავა – რელიგიის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და უკრაინის საკითხებზე.

აფხაზური სამოქალაქო სექტორი ინალ არძინბას აკრძალვის წინააღმდეგ გამოვიდა

 

მასალების გადაბეჭდვის წესი