სამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზური სამოქალაქო სექტორი ინალ არძინბას აკრძალვის წინააღმდეგ გამოვიდა

28 იანვარი, 2022 • 2837
აფხაზური სამოქალაქო სექტორი ინალ არძინბას აკრძალვის წინააღმდეგ გამოვიდა

აფხაზეთის სამოქალაქო საზოგადოება ახალი დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის, ინალ არძინბას მიერ მათთვის დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით  და აფხაზეთში, რუსეთის მსგავსად, “უცხო ქვეყნის აგენტის” შესახებ კანონის შესაძლო მიღების დაუშვებლობაზე მიმართავს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის სპიკერს. ამ დროისთვის მიმართვას 400-მდე ხელმომწერი ჰყავს.

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო მინისტრმა ინალ არძინბამ, რომელიც პოსტზე რამდენიმე თვის წინ დაინიშნა, აფხაზეთში მომუშავე არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან [World Vision, დანიის ლტოლვილთა საბჭო, UNDP- გაერთოს განვითარების პროგრამა] მორიგი შეხვედრა გამართა, სადაც მონაწილეებს აუკრძალა  ქართულ-აფხაზური პროექტების განხორციელება.

როგორც მიმართვაში წერია, “უცხოური აგენტების შესახებ” კანონის მეშვეობით არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის დაწესებული შეზღუდვები გარდაუვლად ნეგატიურ შედეგებს მოუტანს აფხაზეთს და მის საერთაშორისო იმიჯს დააზარალებს.

ამასთან, როგორც მიმართვის ავტორები წერენ, მსგავსი ზომა კიდევ უფრო განამტკიცებს ქართულ ნარატივს “ოკუპაციის” შესახებ, რის წინააღმდეგაც აფხაზური არასამთავრობოები სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატის საშუალებით თანმიმდევრულად იბრძვიან.

“დღეს არასამთავრობო ორგანიზაციები ერთ-ერთი ის მცირე საკომუნიკაციო არხია საერთაშორისო საზოგადოებასთან, რომლის გადაჭრაც არ შეიძლება იმის გათვალისწინებით, რომ აფხაზეთი საერთაშორისო აღიარების გაფართოებისკენ ისწრაფვის. ამ გარე კონტაქტების ბლოკირება ამ მნიშვნელოვან საქმეზე უარის თქმას ნიშნავს”.

მიმართვაში მოქალაქეები წერენ, რომ კატეგორიულად მიუღებელია აფხაზური საზოგადოებისთვის “არასამთავრობო ორგანიზაციები – უცხო ქვეყნის აგენტის” ტერმინის დამკვირდება აფხაზურ კანონმდებლობაში და რუსულ კანონთან ჰარმონიზაცია და თანამშრომლობა [2021 წლის 23 დეკემბერს რუსულმა და აფხაზურმა ოფიციალურმა მხარეებმა მემორანდუმი გააფორმეს აღნიშნული კანონის ჰარმონიზაციის შესახებ თანამშრომლობაზე] .

“თუკი მიიღებს აფხაზეთი ასეთ კანონს, ის იქნება დამღუპველი სახელმწიფო განვითარებისთვის, დემოკრატიისთვის და გახდება რეპრესიული ინსტრუმენტი, რომელიც არასამთავრობო სექტორის გაქრობას გამოიწვევს, რადგან არასამთავრობო სექტორის არცერთი წარმომადგენელი არ დაუშვებს მის მიმართ ცილისმწამებლურ მიმართვას “უცხო ქვეყნის აგენტი”.

ინალ არძინბა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში საგარეო საქმეთა მინისტრად 17 ნოემბერს დაინიშნა. არძინბამ პოლიტიკური გამოცდილება ძირითადად რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დააგროვა, სადაც მრჩევლიდან კურატორის ჩათვლით სხვადასხვა პოსტი ეკავა – რელიგიის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და უკრაინის საკითხებზე.

აფხაზეთში მინისტრად დანიშვნიდან რამდენიმე დღეში არძინბა აფხაზეთში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა და განუცხადა, რომ განსაკუთრებით დააკვირდებიან მათ მუშაობას საქართველოს მიმართულებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი