ახალი ამბები

ქრთამის აღების ბრალდებით, სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლები დააკავეს

2 თებერვალი, 2022 • 1088
ქრთამის აღების ბრალდებით, სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლები დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა გატარებული საგამოძიებო და ოპერატული ღონისძიებების შედეგად, თბილისის მერიის შესაბამის სამსახურებთან და საქართველოს პროკურატურასთან თანამშრომლობით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ქრთამის აღების და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე შპს ,,თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ოთხი თანამშრომელი დააკავეს.

სუსის თანახმად, გამოძიებით დადგენილია, რომ ხსენებული პირები თანამდებობრივი უფლება-მოვალეობის შესრულების სანაცვლოდ სხვადასხვა პირებისგან ქრთამის სახით იღებდნენ ფულად თანხას.

„ამ ეტაპზე იდენტიფიცირებულია რამოდენიმე ათეული პირი, რომლებმაც სამსახურებრივი მფარველობისათვის ერთობლივად ან ცალ-ცალკე თანხა გადასცეს სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლებს.

ზემოთ ხსენებული ქმედების შედეგად დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა დიდი ოდენობით უკანონო შემოსავალი მიიღეს, რაც ურთიერთშორის გაინაწილეს.

გამოძიება ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს“, – ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.

მასალების გადაბეჭდვის წესი