ნეტგაზეთი | სუსი: 27 აფთიაქში ფსიქოტროპული მედიკამენტებით უკანონო ვაჭრობის ფაქტი გამოვლინდა სუსი: 27 აფთიაქში ფსიქოტროპული მედიკამენტებით უკანონო ვაჭრობის ფაქტი გამოვლინდა – Netgazeti
Batumelebi | RU

სუსი: 27 აფთიაქში ფსიქოტროპული მედიკამენტებით უკანონო ვაჭრობის ფაქტი გამოვლინდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ფსიქოტროპული მედიკამენტებით უკანონო ვაჭრობის ფაქტი საქართველოს მასშტაბით 27 აფთიაქში გამოავლინა.

უწყებაში აცხადებენ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოსა და კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომელთა ერთობლივი ღონისძიებების შედეგად თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ლაგოდეხში, გურჯაანსა და საგარეჯოში გამოვლენილია 27 აფთიაქი, სადაც სისტემატურად ხორციელდებოდა ფსიქოტროპული მედიკამენტებით უკანონო ვაჭრობა.

“გამოძიების შედეგად დგინდება, რომ ზემოხსენებული 27 აფთიაქიდან ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაციისათვის ავტორიზებულია მხოლოდ სამი, ხოლო დანარჩენს სათანადო ნებართვა არ გააჩნია. თუმცა, როგორც ავტორიზებულ, ასევე ნებართვის არმქონე აფთიაქებში სისტემატურად ხორციელდებოდა სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული, პირველი ჯგუფის ფსიქოტროპული მედიკამენტების ექიმის დანიშნულების გარეშე რეალიზაცია”, – აცხადებენ უწყებაში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თქმით, 2021 წლის 30 ივნისიდან 2021 წლის 23 ივლისის ჩათვლით, მოსამართლის განჩინების ფარგლებში, 34 პირისგან, ჯამში, 96-ჯერ განხორციელდა საკონტროლო შესყიდვა, რა დროსაც ყოველგვარი რეცეპტისა და პიროვნების დამდგენი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე ფარმაცევტებმა უკანონოდ გაასაღეს ფსიქოტროპული მედიკამენტები. ამასთან, არ გააფორმეს სალაროს აპარატის ქვითარი:

“ამ წუთებში ყველა ხსენებულ ობიექტში მოსამართლის განჩინების საფუძველზე მიმდინარეობს ჩხრეკა, რომლის დასრულების შემდგომაც ბიუჯეტთან ანგარიშსწორების მართლზომიერების დასადგენად ჩატარდება საგადასახადო რევიზია.

გამოძიების მიერ იდენტიფიცირებული ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზებაში ჩართული ყველა პირის მიმართ უმოკლეს ვადაში დაიწყება სისხლისსამართლებრივი დევნა, ხოლო იურიდიული პირების მიმართ გატარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები”, – აცხადებენ უწყებაში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, გამოძიება უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე მიმდინარეობს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.