ახალი ამბები

პუტინის თქმით, ნატო რუსეთს არგაფართოებას დაჰპირდა და გადააგდო

1 თებერვალი, 2022 • 7088
პუტინის თქმით, ნატო რუსეთს არგაფართოებას დაჰპირდა და გადააგდო

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პირველი კომენტარი გააკეთა მოსკოვის შეთავაზებულ უსაფრთხოების გარანტიებზე აშშ-ისა და ნატო-ს პასუხის შესახებ.

პუტინის თქმით, მოსკოვი მიღებული პასუხის ზედმიწევნით ანალიზს აკეთებს, თუმცა ცხადია, რომ ამერიკულმა მხარემ რუსეთის ფუნდამენტური წუხილი უგულებელყო.

„ვერ დავინახეთ ჩვენი სამი ძირითადი მოთხოვნის ადეკვატური გათვალისწინება“, — განაცხადა პუტინმა და ამ მოთხოვნებს შორის დაასახელა ნატო-ს არგაფართოება, რუსეთის საზღვრებთან თავდასხმითი სისტემების განლაგებაზე უარის თქმა და ევროპაში ნატო-ს სამხედრო ინფრასტრუქტურის 1997 წლის მდგომარეობამდე დაბრუნება.

პუტინის თქმით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა პირობა დადო აღმოსავლეთით არგაფართოებაზე, ახლა კი ნატო-ს წევრები არიან ბალტიისპირეთის ქვეყნები, პოლონეთი და რუმინეთი.

„თქვეს ერთი, გააკეთეს მეორე. ხალხის ენაზე როგორც იტყვიან, გადაგვაგდეს“, — თქვა მან.

მისი თქმით, ახლა ამბობენ, რომ შემდეგი [წევრი] შეიძლება იყოს უკრაინა, რამაც შეიძლება ნატო-რუსეთის ომის საფრთხის წინაპირობა შექმნას.

„უკრაინის დოქტრინებში წერია, რომ ისინი აპირებენ დაიბრუნონ ყირიმი, მათ შორის სამხედრო გზით. წარმოიდგინეთ, რომ უკრაინა ნატო-ს წევრია. დგას თანამედროვე [თავდასხმითი] სისტემები, როგორც პოლონეთში და რუმინეთში. ვინ შეუშლის ხელს? და (არაფერს ვამბობ დონბასზე), იწყებს ოპერაციას ყირიმში… ეს სუვერენული რუსული ტერიტორიაა. საკითხი დახურულია. წარმოვიდგინოთ, უკრაინა ნატო-ს წევრია და ამ სამხედრო ოპერაციას იწყებს. ჩვენ რა, ნატოს ბლოკთან ვიომოთ? ვინმემ ამაზე იფიქრა? როგორც ჩანს, არა“, — განაცხადა პუტინმა.

პუტინის თქმით, უსაფრთხოების განუყოფლობის პრინციპის მხოლოდ ერთი ნაწილია ქვეყნების უფლება, თავისუფლად აირჩიონ ალიანსები, თუმცა, მეორე მხრივ, სახელმწიფოებმა რა უნდა გააძლიერონ საკუთარი უსაფრთხოება სხვის ხარჯზე.

„აი, ლაპარაკობენ ღია კარის პოლიტიკაზე. საიდან მოვიდა ეს? სად არის გაწერილი ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა? არსად. 1949 წლის შეთანხმების მე-10 მუხლში, თუ მეხსიერება არ მღალატობს, წერია, რომ ალიანსს ყველა წევრის თანხმობით შეუძლია მიიღოს სხვა ევროპული ქვეყნები ორგანიზაციებში. “შეუძლია”, მაგრამ არა “ვალდებულია”, — განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

ვლადიმერ პუტინის თქმით, ვაშინგტონი კიევს იყენებს რუსეთის შეკავების ინსტრუმენტად ისე, რომ ნაკლებად ითვალისწინებს უკრაინული მხარის ინტერესებს და ცდილობს, სამხედრო კონფლიქტში ჩაითრიოს რუსეთი და დაუწესოს სანქციები, ან უკრაინა „შეათრიოს“ ნატო-ში.

მან იმედი გამოთქვა, რომ შექმნილი პრობლემის გადაწყვეტის გზას იპოვიან, თუმცა არ იცის, როგორი იქნება ეს.

„როგორ გადაწყდება ეს პრობლემა, ამაზე სასაუბროდ მზად არ ვარ“, — დასძინა პუტინმა.


რუსეთი უკრაინაზე თავდასხმის გეგმას უარყოფს, თუმცა ბოლო თვეების განმავლობაში 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა უკრაინის საზღვართან და ბელარუსში. ამ უკანასკნელში სამხედრო წვრთნების ჩატარების საბაბით.

გასული წლის დეკემბერში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ორი შეთანხმების პროექტი, რომელთაგან ერთი აშშ-ს მიემართება, ხოლო მეორე — ნატოს. რუსეთი აშშ-სა და ნატოს სთავაზობს შეთანხმებას „უსაფრთხოების გარანტიებზე”, რომელიც ითვალისწინებს ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების პრევენციას, მათ შორის, 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების უარყოფას, რომლის თანახმადაც უკრაინა და საქართველო ნატოს წევრები გახდებიან. მოსკოვის მოთხოვნაა, არ განთავსდეს დამატებითი ძალები და შეიარაღება იმ ქვეყნებს მიღმა, სადაც ისინი 1997 წლის მაისისთვის, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ნატო-ში გაწევრიანებამდე იყო; არ განთავსდეს რაკეტები იქ, საიდანაც მეორე მხარის ტერიტორიას საფრთხე შეექმნება; უარი ითქვას უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, ამიერკავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს სამხედრო საქმიანობაზე.

მოსკოვმა ვაშინგტონის და ნატო-ს წერილობითი პასუხი რუსეთის შეთავაზებულ უსაფრთხოების გარანტიებზე 26 იანვარს მიიღო, თუმცა ეთხოვა, არ გამოექვეყნებინა ისინი. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის თქმით, დოკუმენტი გამოთქვამს რუსეთთან თანამშრომლობის მზაობას ისეთ სფეროებში, როგორიცაა შეიარაღების კონტროლი, გამჭვირვალობა და სტაბილურობა. თუმცა აშშ და ნატო აცხადებენ, რომ ალიანსის ღია კარის პოლიტიკა არ შეიცვლება და ნატო თავად გადაწყვეტს, რა შეიარაღება განათავსოს ალიანსის წევრი სახელმწიფოების ტერიტორიებზე. რუსეთისთვის გადაცემული წერილის დეტალური შინაარსი ამ დრომდე უცნობია ამერიკული მხარის თხოვნით, თუმცა რუსეთის საგარეო საქმეთ მინისტრი სერგეი ლავროვი ფიქრობს, რომ დოკუმენტი უახლოეს პერიდში „გაჟონავს“ ღია წყაროებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი