ახალი ამბები

ტემპერატურის მომატებისთანავე ბავშვის ჰოსპიტალიზაცია არასწორია — ივანე ჩხაიძე

2 თებერვალი, 2022 • 2474
ტემპერატურის მომატებისთანავე ბავშვის ჰოსპიტალიზაცია არასწორია — ივანე ჩხაიძე

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი, თსსუ-ს პროფესორი ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ კორონავირუსის „დელტა“ შტამისგან განსხვავებით, „ომიკრონით“ ინფიცირებულ ბავშვებს ძალიან იშვიათად უვითარდებათ ფილტვების ანთება ან სჭირდებათ ჟანგბადის დამატება.

კორონავირუსით ინფიცირებული ბავშვების მკურნალობის შეცვლილი პროტოკოლის თანახმად, ბავშვის ჰოსპიტალიზაცია რეკომენდებულია, თუ მას აქვს კოვიდ-19-ის სიმპტომები და თუნდაც ერთ-ერთი მაღალი რისკის კრიტერიუმი (თანდართული ქრონიკული დაავადებები, სატურაცია <92%, სუნთქვის უკმარისობა, სიმსუქნე, გასტროენტერიტი დეჰიდრატაციით და სხვა). ბავშვის ჰოსპიტალიზაცია საჭიროა, თუ მას 3-5 დღის განმავლობაში მუდმივად მაღალი ტემპერატურა ექნება.

„ჰოსპიტალიზაციის ამ კრიტერიუმების დაცვა მნიშვნელოვნად შეამცირებს ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელს. ეს არის ზოგადად იდეა, რომ საავადმყოფოში არ მოხვდეს ბავშვი, რომელსაც ეს არ სჭირდება. კლინიკების მონაცემებით, სადაც ბავშვების ჰოსპიტალიზაცია ხორციელდება, ძირითადი მიზეზი საავადმყოფოსთვის მიმართვის არის ტემპერატურა. ტემპერატურის მომატების პირველივე დღეს ბავშვები შიშის გამო გადაჰყავთ სტაციონარში, ამიტომ [პროტოკოლში] ჩანაწერია, რომ ჰოსპიტალიზაციის ჩვენება არის სამი დღის განმავლობაში მაღალი ტემპერატურა. მაშინვე გადაყვანა არასწორია“, — განუცხადა „ნეტგაზეთს“ ჩხაიძემ.

პროტოკოლის თანახმად, რეკომენდებულია კორონავირუსით ინფიცირებული 1 წლამდე ასაკის ჩვილის ჰოსპიტალში გადაყვანა [როგორც კი ინფიცირება დაუდასტურდება]. ივანე ჩხაიძის თქმით, 1 წლამდე ასაკის ბავშვები, ისევე როგორც ხანდაზმულები,  ზოგადად ნებისმიერი დაავადების გართულების რისკის ჯგუფს განეკუთვნებიან და არა მხოლოდ კორონავირუსის შემთხვევაში. ამიტომ მათი ჰოსპიტალიზაციისთვის დამატებითი კრიტერიუმი საჭირო არ არის. ივანე ჩხაიძის განმარტებით, ჩვილები, როგორც წესი, მშობლისგან ინფიცირდებიან და მათი ჰოსპიტალიზაციაც მშობელთან ერთად ხდება.

ივანე ჩხაიძის თქმით, ჰოსპილტალიზაციის საჭიროების შეფასება უნდა მოხდეს ბავშვის ზოგადი მდგომარეობის გათვალისწინებით.

„თუ ბავშვის ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, საკვებს კარგად იღებს, ტემპერატურათა შორის ინტერვალში არის აქტიური, ომიკრონის შემთხვევაში ბინაზე მკურნალობა პრიორიტეტულად გაცილებით უფრო ეფექტურია, ვიდრე საავადმყოფოში მართვა, თუ, რა თქმა უნდა, არ არის დამატებით რისკის კრიტერიუმი, რომელიც შეიძლება მომავალში გართულებების მიზეზი გახდეს. სხვა შემთხვევაში, ბავშვს ხელოვნურად არ უნდა შევუქმნათ დისკომფორტი — საავადმყოფო არ განეკუთვნება კომფორტული გარემოს კატეგორიას ბავშვის ფსიქოლოგიური განწყობისთვის“, — ამბობს ჩხაიძე.

მისი თქმით, რესპირატორული ვირუსების შემთხვევაში მთავარი გართულება ბავშვებში არის ფილტვების ანთება.

„დელტას დროს, აგვისტო-სექტემბერში, ჰოსპიტალიზებული ბავშვების უმრავლესობას სჭირდებოდა დამატებით ჟანგბადის მიწოდება, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობა. ომიკრონის შემთხვევაში ამ ბავშვებს ძალიან იშვიათად სჭირდებათ ჟანგბადი. ძალიან იშვიათად ვითარდება ფილტვების ანთება და იშვიათია ინტენსიურ თერაპიაში მოხვედრის აუცილებლობა. უფრო მსუბუქი მიმდინარეობა არ ნიშნავს, რომ ომიკრონის დროს არ შეიძლება ბავშვის დამძიმება. შეძლიება, მაგრამ ალბათობა არის სამჯერ შემცირებული. თუ დელტას შემთხვევაში ჰოსპიტალიზაციის რისკი იყო 2,6% , ომიკრონის შემთხვევაში არის 0,9%“, — ამბობს ივანე ჩხეიძე.

თუმცა 5,1-ჯერ გაზრდილია რეინფიცირების მაჩვენებელი.

„არცერთი ადრე გადატანილი ინფექია არ წარმოადგენს დაბრკოლებას ომიკრონისთვის. ომიკრონით შეიძლება რეინფიცრება ნებისმიერ პაციენტში [დელტა] შტამის გადატანიდან 1 თვის შემდეგაც კი. ომიკრონის გადატანის შემდეგ რეინფიცრების მონაცემები ჯერ არ გვაქვს, რადგან ეს ახალი შტამია, თუმცა ბოლო კვლევებით ცნობილია, რომ ომიკრონი გადატანიდან მინიმუმ 4 თვის განმავლობაში ტოვებს მაღალ იმუნურ პასუხს“, — განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

კოვიდინფიცირებულ ბავშვთა მკურნალობის პროტოკოლი შეიცვალა

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი