ახალი ამბები

„ვერც მტერი მოგვედავება და ვერც მოყვარე“ – უკრაინაზე „ოცნების“ რეზოლუცია ბიუროზე დარეგისტრირდა

31 იანვარი, 2022 • 1022
„ვერც მტერი  მოგვედავება და ვერც მოყვარე“ – უკრაინაზე „ოცნების“ რეზოლუცია ბიუროზე დარეგისტრირდა

დღეს, 31 იანვარს, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე „ქართულმა ოცნებამ“ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ინიცირება მოახდინა.

რეზოლუციის ინიცირებას ბიუროს სხდომაზე განხილვა მოჰყვა. საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ რეზოლუციის ტექსტში რუსეთის ფედერაცია, როგორც აგრესორი, ნახსენები უნდა იყოს, „ევროპელი სოციალისტები“ კი რეზოლუციის მიღების საჭიროებას ვერ ხედავენ.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის თქმით, რეზოლუციაში „ყველა ფრაზა იმდენად სწორად არის ჩაწერილი, აწონილი და გაზომილი, რომ ვერც ერთ დროში ვერავინ, ვერც მტერი და ვერც მოყვარე ამ ტექსტთან დაკავშირებით ჩვენ ვერ მოგვედავება“.

მდინარაძის ამ განცხადებას ბიუროზე გამოეხმაურა „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი ხათუნა სამნიძე და ჰკითხა, თვლის თუ არა მმართველი პარტია, რომ რეზოლუციის ტექსტზე ვერც რუსეთი შეედავება.

„თქვენ თქვით, რომ ისეთი ტექსტი მოვამზადეთ, ვერავინ შემოგვედავება და ყველასთან მართლები ვართო, რუსეთსაც თვლით? მართლები უნდა იყოთ საქართველოს მოქალაქეებთან, ოპოზიციასთან, საკუთარ გუნდთან, უკრაინასთან და დასავლელ პარტნიორებთან. თუ თქვენ ამბობთ, რომ არაფერს ნიშნავს ეს სიტყვა და რას გადაეკიდეთო, ჩვენი თხოვნა ის კი არ არის, გეშინიათ-არ გეშინიათ, არამედ ორაზროვანი ნუ იქნება რეზოლუცია“, – მიმართა სამნიძემ მდინარაძეს.

სამნიძის პასუხად მდინარაძემ მას შეახსენა სტრასბურგის სასამართლოში „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში რუსეთისთვის მოგებული საქმე (დავა წინა ხელისუფლების დროს დაიწყო).

„რუსეთთან მართლები რომ ვიყავით, ამიტომ მოვიგეთ სტრასბურგი”, – უპასუხა მდინარაძემ.

ამასთან, ბიუროს სხდომაზე მდინარაძემ „პრიმიტივიზმი“ უწოდა იმ მოსაზრებას, რომ „ქართულ ოცნებას“ რეზოლუციის ტექსტში რუსეთის ხსენების ეშინია და ხაზი გაუსვა, რომ ამაზე წამოგებას არავინ აპირებს.

„ჩვენ ტექსტში არ ვაპირებთ შეყოლას, რაც არის, რჩება ასე! ამის გაყიდვა ისე, რომ ჩვენ შეგვეშინდა რაღაც ფრაზის, ხალხის დარწმუნება იმაში, რომ ძალიან გული მისკდება, ვახსენოთ თუ არა ოკუპანტი ქვეყანა, ასე არ არის“, – განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ რეზოლუციის ტექსტს მხარს არ დაუჭერს, ეს მათთვის „დიდი უბედურება არ იქნება“.

„გირჩმა“ კი ამ რეზოლუციის ტექსტის განხილვაში „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობის“ დაპირსპირების გაგრძელება დაინახა და პარტიის ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ ამ პროცესში მონაწილეობის სურვილი არ აქვს.

„მთელი ტექსტი რომ წავიკითხოთ, რომელსაც ჰქვია უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ, თავისთავად ცხადია, რომ რუსეთის ფედერაციას ეხება, აბა, სხვა იქ არავინ ახლა არ ვარდება. მთელი ტექსტი ამ სულისკვეთებით არის განსჭვალული, რომ უკრაიანას რაღაც საფრთხე ემუქრება. მაინც რუსეთის ფედერაციაზე შედგენილ ტექსტში რუსეთის ფედერაციის ამოღება… ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან, რომ გეშინიათ და ასევე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ამ ორ სიტყვას შეუძლია ომის ესკალაციის გამოწვევა. ეს უბრალოდ არის იმის გაგრძელება, რასაც დიდი ხანი ვუყურებთ ენმ-ისა და „ოცნების“ ჩხუბის სახით. ამიტომ არ მინდა ამ პროცესში მონაწილეობა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტის განხილვა ხვალ, პირველ თებერვალს, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე უნდა გაგრძელდეს. ოპოზიციის ნაწილი აპირებს, რომ საკომიტეტო განხილვისას უმრავლესობას ტექსტში რუსეთის ფედერაცია დაამატებინოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი რეზოლუციას მხარს არ დაუჭერენ. ამასთან, ისინი არც რეზოლუციის ალტერნატიული ტექტის ინიცირებას აპირებენ.


უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტში, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა და დააინიცირა, რუსეთი ნახსენები არაა.

26 იანვარს, რეზოლუციის პარლამენტში დარეგისტრირებამდე, „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის კონსულტაციები ორჯერ გაიმართა. პირველი კონსულტაციის შემდეგ ოპოზიცია აცხადებდა, რომ უმრავლესობასთან რეზოლუციის პრინციპებზე შეთანხმდნენ. მათი თქმით, ტექსტში ნახსენები იყო რუსეთიც.

თუმცა მეორე კონსულტაციაზე, სადაც „ოცნებას“ ოპოზიციის შენიშვნების გათვალისწინებით რეზოლუციის საბოლოო ტექსტი უნდა წარედგინა, ოპოზიციის თქმით, ტექსტი რადიკალურად შეიცვალა და რუსეთის ფედერაციაც წაიშალა.

შესაბამისად, რეზოლუციის ტექსტზე შეთანხმება ვერ შედგა და ის „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციის თანაავტორობის გარეშე დააინიცირა.

მასალების გადაბეჭდვის წესი