ახალი ამბები

თანამედროვე ისტორიაში ივანიშვილი აუცილებლად ღირსეულად უნდა იყოს წარმოჩენილი – ჩხენკელი

7 დეკემბერი, 2021 • 1448
თანამედროვე ისტორიაში ივანიშვილი აუცილებლად ღირსეულად უნდა იყოს წარმოჩენილი – ჩხენკელი

განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აცხადებს, რომ თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ბატონი ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად ღირსეულად უნდა იყოს წარმოჩენილი და ასეც იქნება შესაბამის სახელმძღვანელოებში.  ამის შესახებ მან  საქართველოს ისტორიის მე-9 კლასის სახელმძღვანელოზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი სრულად გამჭვირვალეა და თავიანთი მოსაზრებების დააფიქსირების საშუალება ყველას აქვს. ჩხენკელის კომენტარს POSTV  ავრცელებს.

„კატეგორიულად მიუღებელია სიცრუეზე დაფუძნებული ინფორმაციის გავრცელება იმ პიროვნებებისგან, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს მონაწილეობას იღებდნენ განათლების და მეცნიერების სფეროს მიზანმიმართულ განადგურებაში.

ასევე, საზოგადოებას მინდა შევახსენო, რომ სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი არის სრულად გამჭვირვალე და გრიფირების პროცესის დროს ყველას აქვს შესაძლებლობა, იხილოს წარმოდგენილი სახელმძღვანელოების მაკეტები და თავიანთი მოსაზრებები დააფიქსირონ[…]

განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ბატონი ბიძინა ივანიშვილის უდიდესი როლი ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. რასაკვირველია, ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის ისტორიული მნიშვნელობის პიროვნება და უაღრესად დიდი ქველმოქმედი. შესაბამისად, თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ბატონი ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად ღირსეულად უნდა იყოს წარმოჩენილი და ეს ასეც იქნება შესაბამის სახელმძღვანელოებში“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.


სოციალურ ქსელებში დისკუსია მიმდინარეობს ისტორიის მე-9 კლასის ორ, აწ უკვე გრიფირებულ სახელმძღვანელოსთან დაკავშირებით. ერთი “დიოგენემ” გამოსცა, მეორე კი — “ლოგოს პრესმა”. მონაკვეთები, რომლებმაც აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, 2003-2012 წლების პერიოდს, კერძოდ, ვარდების რევოლუციასა და ენმ-ის მმართველობას, აგვისტოს ომს, ასევე, ხელისუფლების ცვლილებასა და ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული “ქართული ოცნების” მმართველობის წლებს შეეხება.

ერთ-ერთი ყველაზე საკამათო პასაჟი ივანიშვილის დახასიათებას მოიცავს. “დიოგენეს” სახელმძღვანელოში, “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის ფაქტზე საუბრისას, პარტიის დამფუძნებელი მოხსენიებულია, როგორც “ცნობილი ქველმოქმედი და მეცენატი”. “ლოგოს პრესის” წიგნში კი ივანიშვილის ბიოგრაფია, მიხეილ სააკაშვილისა და ზურაბ ჟვანიას მსგავსად, ცალკეა მოცემული. მასში ვკითხულობთ:

“ბიზნესმენი, ქველმოქმედი და პოლიტიკოსი. 1988 წელს დააფუძნა კოოპერატივი “აგროპროგრესი, რომელიც მოგვიანებით სამეწარმეო კომპანიად გადაიქცა. 1990 წელს დააფუძნა ბანკი “როსიისკი კრედიტი”. 1995 წელს დააარსა საქველმოქმედო ფონდი “ქართუ”… პოლიტიკაში მოსვლამდე აფინანსებდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-აღდგენის პროექტებს და ფინანსურად ეხმარებოდა სახელმწიფო ინსტიტუტებს”.

რატომ აკრიტიკებენ ისტორიის სახელმძღვანელოებს

მასალების გადაბეჭდვის წესი