„ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული პარლამენტის რეზოლუციის ალტერნატივად შეიქმნა უკრაინის მხარდამჭერი პეტიცია, რომელსაც ამ დროისთვის [19:00 საათი] 3 800-ზე მეტი ადამიანი აწერს ხელს.
პარლამენტის წინ პეტიციას ხელი მოაწერეს პოლიტიკური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, მათ შორის პარტიებმა: “დროა”, “ლელო საქართველოსთვის”, “გირჩი – მეტი თავისუფლება”, “რესპუბლიკური პარტია”, “სტრატეგია აღმაშენებელი”, მოძრაობამ “სირცხვილია” და არასამთავრობო ორგანიზაციამ “დემოკრატიის მცველები”.
პეტიცია გმობს რუსეთის ფედერაციის მხრიდან ძალის გამოყენების მუქარას, რომელიც მიმართულია უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ და საფრთხეს უქმნის რეგიონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებას.
„ვაცხადებთ, რომ უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესია, მათ შორის, ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა და სეპარატისტული რეგიონების შეიარაღება, წარმოადგენს საერთაშორისო ურთიერთობების ფუნდამენტური პრინციპების უხეშ დარღვევას, ძირს უთხრის უსაფრთხოებას და სტაბილურობას მთელ კონტინენტზე… სოლიდარობას ვუცხადებეთ მეგობარ უკრაინელ ხალხს, რომელსაც ყოველგვარი შესაძლო სამხედრო ესკალაციით მძიმე ზიანი შეიძლება მიადგეს; მივიჩნევთ, რომ რეგიონში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობისათვის აუცილებელია, რუსეთის ფედერაციამ გაიყვანოს საოკუპაციო ჯარები საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვიდან, სადაც ისინი უკანონოდ იმყოფებიან…
საქართველოს მოქალაქეები მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს მთავრობას, საკანონმდებლო და დიპლომატიური ინსტრუმენტების გამოყენებითა და სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით, განაგრძონ და გააძლიერონ საქართველოს წვლილის შეტანა უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციის არდაშვებაში და უკრაინასთან სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ გაძლიერებაში“, — ნათქვამია პეტიციაში.
ალტერნატიული პეტიციის შემუშავების იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც “ქართულმა ოცნებამ” პარლამენტში ინიცირება გაუკეთა რეზოლუციის პროექტს, რომელშიც რუსეთი ნახსენები არ არის.